შაბათი, 16.12.2017, 13:48
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » სექტემბერი » 30 » 12:54 30.09.09 - შერცხვენილი, მაგრამ გამარჯვებული რუსეთი
12:54 30.09.09 - შერცხვენილი, მაგრამ გამარჯვებული რუსეთი
19:49
[როზი ჯღამაია]
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ქართულ-რუსული დებატები უნდა მოესმინა, კიდევ ერთხელ გახდა ორი მტრადმოკიდებული ქვეყნის წარმომადგენელთა ლანძღვა-გინების მოწმე. დიახ, იმ ურთიერთბრალდებებს, რომელიც დღეს სტრასბურგის ტრიბუნიდან გაისმოდა, ნამდვილად არაფერი ჰქონდა საერთო დებატებთან და უკეთესის მოლოდინი ალბათ, არც არავის უნდა ჰქონოდა.

რუსეთი აშკარად უმცირესობაში აღმოჩნდა და პრაქტიკულად, მხარდამჭერის კი ვერ იპოვა, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით. თუ რუსეთი თავად იცავდა საკუთარ თავს, საქართველოს უამრავი ქვეყანა გამოექომაგა და ყველა მთგანმა დაგმო რუსეთის მიერ ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების შეუსრულებლობა. დეპუტატების ნაწილი, რუსეთისთვის ხმის ჩამორთმევას მოითხოვდნენ, მაგრამ ალბათ, ეს მოლოდინი აშკარად გადაჭარბებულად უნდა მივიჩნიოთ.

ერთი რამ ცხადია, დასავლეთი არ აპირებს რუსეთის ჩიხში მომწყვდევას და ევროსაბჭოს 72 დეპუტატიც ტყუილად ირჯება, რომ რუსეთს ხმის უფლება ჩამოერთვას. ჩვენ გასაფუჭებელი აგვისტოს ომამდე გავაფუჭეთ და ახლა, ტყუილად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენს გაფუჭებულს სხვა გამოასწორებს. დღეს საღამოს, ევროსაბჭო დამატებით მესამე რეზოლუციას მიიღებს, რომლის შესასრულებლად რუსეთს ვადა იანვრამდე მიეცემა.

რუსეთის მგმობი განცხადებების პარალელურად, ევროსაბჭოში დღეს მკაფიოდ განმარტავდნენ, რომ სანამ რუსეთს ევროსაბჭოდან გარიყავენ, ყველაფერი უნდა გააკეთონ რუსულ-ქართული ურთიერთობების შესარბილებლად. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ ის, რაც მთელი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, საეჭვოა, უმოკლეს ვადებში გაკეთდეს.

აგვისტოს ომიდან წელიწადზე მეტი გავიდა და რუსეთის ჯარები ჯერაც საქართველოს ტერიტორიაზე ბოგინობენ. საერთაშორისო საზოგადოებამ კი, ამ ხნის განმავლობაში, რუსეთის ოკუპანტად გამოცხადებაც ვერ გაბედა. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, რისი იმედი აქვს ქართულ მხარეს, როცა ვარაუდობს, რომ ორი დღის შემდეგ შეკრებილი ევროსაბჭოს დეპუტატები გაბედავენ და რუსეთს ხმის უფლებას ჩამოართმევენ.

”შენ ჩემზე შავო”
რუსეთის დელეგაცია მართლაც ცუდ დღში აღმოჩნდა და ეს თავადაც აღიარეს.
მაგრამ უნდა ითქვას, რომ არც ქართული მხარე გამოიყურებოდა მთლად დამაჯერებლად.
- ”სამხრეთ ოსეთში გასულ წელს მომხდარი ტრაგედიის გამო იარები ჯერაც დარჩა და არ არის საჭირო დაბლაგვებული პოლიტიკური სკალპელის მათი ხელახლა ხელის ხლება. ჩვენი მოქმედებები უნდა იყოს ზუსტი, ადეკვატური და სამართლიანი. საქართველო ერთადერთია, რომელმაც XXI საუკუნეში გააკეთა ის, რაც არ გააკეთეს კვიპროსმა, სერბეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ იმისათვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო გზით აღედგინათ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის მიერ ადრე მიღებული ორი რეზოლუციიდან ზედმეტი რამეები, რომ ამოვყაროთ, დარჩება: ”ქართველებმა თავი დაანებონ ოსებზე თავდასხმას და რუსეთმა თავი დაანებოს ოსების დაცვას”.

- ”ჩვენ ამას თავს არ დავანებებთ, მანამ ვიდრე, თბილისში ხელისუფლების სათავეში ის ძალები არიან ვინც ეს ყველაფერი მოაწყო და მანამ ვიდრე არ შეწყდება ამ ძალების ყველა არსებული საშუალებით დაცვა, მათ შორის ამ დარბაზშიც. ერთი წლის წინ მთელმა მსოფლიომ ნახა თუ როგორ მიირთმევდა ჰალსტუხს ბატონი სააკაშვილი. ზეგ კი როდესაც აქ ქართული დელეგაციის მორიგი ინიციატივების განხილვა იქნება ჩვენი უფლებამოსილებების შესახებ, თქვენ თქვენი ჰალსტუხების გემოს გასინჯვა მოგიწევთ, იმ ჰალსტუხისა, რომელიც თქვენ სტალინის საქმის თანამედროვე გამგრძელებლებმა შეგიკრეს”,- ასეთი ტექსტით წარსდგა რუსეთის დელაგაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე კოსაჩოვი ევროსაბჭოს დელეგაციის წინაშე.

კოსაჩოვის თითოეული სიტყვა მუქარად გაისმა დარბაზში და ალბათ, ზედმეტიც იქნება იმის მტკიცება, რომ ევროსაბჭოსთვის ამის მოსმენა მოულოდნელი იყო. ამიტომ, აშკარად უღიმღამოდ გამოიყურებოდა ქართული დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებები. აკაკი მინაშვილის გამოსვლა იმის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ სტრასბურგშიც კი, საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი უფრო აწუხებდა.

- ”რა თქმა უნდა რუსეთი ვერასოდეს შეეგუება საქართველოს მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ლიდერს. რუსეთი არის კორუმპირებული ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს კლავენ, რომელმაც დაბობმა ჩეჩნეთი. თქვენ საკუთარი გემი წყალქვეშ დატოვეთ, რადგან თქვენ საკუთარი მოსახლეობა არ გაღელვებთ და როგორ შეიძლება განიცდიდეთ სხვა ხალხის ბედს”.

ეს აგვისტოს ომამდეც ვიცოდით, მაგრამ ახლა რა იქნება? მხოლოდ იმით შემოვიფარგლეთ, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ვამხილეთ? მინაშვილს სათქმელი სხვა თუ არაფერი ჰქონდა, შეეძლო თავიც არ შეეწუხებინა, რადგან რუსეთის ხელისუფლება თუ ცუდუა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკეთესი საქართველოს ხელისუფლებაა. ჟურნალისტების მკვლელობამდე საქმე ჯერ არ მისულა, მაგრამ მინაშვილმა ისიც უნდა გაიხსენოს, რომ მის ”ბოსს” ტელევიზიები ჯიბეში უზის და უიარაღო ხალხს რეზინის თუ რაღაც მაგდაგვარ ტყვიებს უშენს.

რუსეთის თავგასულობა ცალსახაა და იმის მტკიცებაც ზედმეტია, რომ რუსეთი ევროსაბჭოს არასტანდარტული წევრია. რუსეთს ევროსაბჭოს არცერთი რეზოლუცია არ შეუსრულებია და რატომ იყო ქართული მხარე ასე აჟიტირებული, რომ მაინც და მაინც ახლა დაისჯებოდა რუსეთი - გაუგებარია. რუსეთის მიერ რეზოლუციის შეუსრულებლობაზე მეტად, ევროსაბჭო რუსეთის ულტიმატუმმა დააფრთხო.

კოსაჩოვმა ჯერ კიდევ დებამტებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ თუ ევროსაბჭო რუსეთს ხმის უფლებას ჩამოართმევდა, დელეგაცია პროტესტის ნიშნად გაიხურავდა ევროსაბჭოს კარებს. შედეგი არ დამდგარა, მაგრამ ალბათ, არც არაფერი შეიცვლება. ზურაბ აბაშიძე დარწმუნებულია, რომ ევროსაბჭო უკიდურეს გაფრთხილებამდე არ მივა და ალბათ, რეზოლუციის ახალ ტექსტს მოიფიქრებენ.

- ”ვფიქრობ, რეზოლუციაში ახალი ელემენტები გაჩნდება, რადგან რუსეთის მიერ კარის გაჯახუნება არავის აწყობს. რას ვიზამთ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ”, - ამბობს პოლიტოლოგი.

საეჭვოა, რუსეთმა იანვრამდე გადაწყვეტილება შეცვალოს და ქვეყნის ტერიტორიის დატოვებაზე რომ არაფერი ვთქვათ, საზღვრები მაინც გახსნას, მაგრამ ერთადერთი, შეიძლება თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ დასავლეთი არ აპირებს რუსეთის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

დასავლეთს არც იმის ილუზია აქვს, რომ რუსეთი უკან წაიღებს საკუთარ ნამოქმედარს, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, დიდწილად, მაინც, საქართველოს გადასაწყვეტია.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰენსიორგ ჰაბერი ადასტურებს, რომ დასავლეთი მომხრეა კონფლიქტის მხარეებმა გაატარონ პოლიტიკა, რომელიც ადამიანურ დონეზე ყოველდღიური შეხვედრების ორგანიზებას შეუწყობს ხელს, რათა სამოქალაქო მოსახლეობამ საზღვრის ორივე მხარის გადაკვეთა თავისუფლად შეძლოს.

- ”ევროკავშირი ეხმარება საქართველოს, გახდეს მიმზიდველი ქვეყანა საკუთარი მოქალაქეებისთვის, მათ შორის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოსახლეობისთვის. დღეს საქართველოს აქვს შანსი, თავის მხარეს შემოაბრუნოს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოსახლეობა და ამ გზით გაიუმჯობესოს ურთიერთობა მათ დე ფაქტო ხელისუფლებებთან”, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

ჰაბერის განცხადებაში ახალი არაფერია, მაგრამ ეს უფრო კეთილი სურვილებია, ვიდრე ადვილად მისაღწევი მდგომარეობა. რას ვიზამთ, რუსეთმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ახლა მაინც უნდა ვაღიაროთ საკუთარი შეცდომებით გამოწვეული მარცხი. ასეთა თანამედროვე სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. იმ პრობლემების მოგვარება, რაც ჩვენს წინშე დგას, უცბათ არ ხდება. არც ამ პრობლემების მოგვარების საერთაშორისო მექანიზმები არსებობს. მსოფლიო ისტორიაში პირველი შემთხვევა არ არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები პრობლემებს ვერ აგვარებენ და არც საქართველო იქნება გამონაკლისი.

- ”ამჟამად, მთავარია, მაქსიმალურად დაფიქსირდეს ევროპის, ცალკეული ქვეყნების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, იმისათვის, რომ მომავალში ეს ყველაფერი სერიოზული ცვლილებების საფუძველი გახდეს, რა თქმა უნდა, თუ ასეთი რამ მოხდება. თუმცა, ახლო მომავალში რაიმე დიდ ძვრებს და წინ გადადგმულ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ. ეს ხანგრძლივი პროცესია და რითი დასრულდება არავინ იცის, მითუმეტეს, რომ წარმატების არანაირი გარანტია არ არსებობს”, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

”ვაი ჭკუისგან”
მიხეილ სააკაშვილი გაპრეზიდენტების დღიდან ამტკიცებს, რომ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან დაიწყო. ერთ რამეში უდაოდ არ ცდება. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ასეთი არაადექვატური და ცხელთავიანი არცერთი პრეზიდენტ არ ყოფილა. ყველას საკუთარი ცოდვა აქვს, მაგრამ თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ქართულ დემოკრატიას არასოდეს შეუყვანია ქვეყანა ასეთ ჩიხში და ეს 2003 წელს დაიწყო.

შევარდნაძის მმართველობის შემდგომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლებოდა, რადგან სტაგნაცია იყო და თუ არაფერი კეთდებოდა, გაფუჭებასაც ვერ ახერხებდნენ. სააკაშვილმა კი ბევრ რამეს დაუსვა წერტილი და ეს შესაძლოა, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯი იყოს. მეორე კი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია, რომლის დაბრუნების უპერსპექტივობაზე ყველა უფრთხის ხმამაღლა ლაპარაკს.

ყველაზე დემოკრატიული ევროპაც კი დღეს უძლურია არსებული რეალობა საქართველოს სასარგებლოდ შეცვალოს. ევროსაბჭო ჭრელია, სადაც სხვადასხვა აზრი და პოზიციებია. ყველა ქვეყანა საკუთარი პრაგმატული მოსაზრებებიდან, საკუთარი ინტერესებიდან იმ ფასეულობებიდან გამოდის, რაც ქმნის თანამედროვე ევროპას. მათ ყველაზე კარგად იციან ქვეყნის სუვერენიტეტის ფასი, მაგრამ მაინც რთულია, პატარა საქართველოსთვის დიდ რუსეთთან დაპირისპირება.

საქართველოს დაკარგული სახელმწიფოებრივი საზღვრების აღსადგენად ერთადერთი გზა დარჩენია - ევროპული დემოკრატიის მშენებლობა, რასაც არაფერი აქვს საერთო სააკაშვილისეულ დემოკრატიასთან.

- ”დღევანდელ მსოფლიოში მარტო ძალა არ ჭრის. თუ ჩვენც გონივრულად ვიმოქმედებთ, საერთაშორისო სამართალს და დასავლეთის მხარდაჭერას სწორად გამოვიყენებთ, დასავლეთის რჩევებს და რეკომენდაციებს შევასრულებთ, რითაც ქვეყანას მომხიბლავს გავხდით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ოპტიმისტური განვითარების ვერსიაზე ვიფიქროთ. თუმცა, არის პესიმისტური განვითარების რაღაც ვარიანტები, მათ შორის ტრაგიკულიც და ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პირველი გზა გამოვჩარხოთ”, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად აუცილებლად გვჭირდება დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა, რაც პრინციპში გვაქვს კიდეც, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა.

- ”რაღაც ეტაპზე დაგვჭირდება რუსეთთან საერთო ენის გამონახვა. აუცილებლად დაგვჭირდება აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვა და თვით ქვეყანაში დაგვჭირდება სერიოზული სასიკეთო ძვრები. ამ ოთხი ფაქტორის ერთიანობა მოიტანს შედეგს. როგორც მანქანა ვერ ივლის ერთ, ორ ან სამ ბორბალზე, ისე მხოლოდ ერთი ფაქტორით არ მოგვარდება ეს პრობლემები”.
presa.ge
ნანახია: 389 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017