კვირა, 19.11.2017, 05:57
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 9 » 13:41 09.10.09 - ანტიპარმენიდე, ანუ პრეზიდენტი ყოფიერების წინააღმდეგ
13:41 09.10.09 - ანტიპარმენიდე, ანუ პრეზიდენტი ყოფიერების წინააღმდეგ
17:28
[კახა კაციტაძე]
მცირე ფილოსოფიური წინათქმა
რა დიაგნოზი არ დაუსვიათ ჩვენი რეჟიმისთვის. რომ ის სატანურია. რომ ის სამედიცინო ფენომენი უფროა, ვიდრე პოლიტიკური. ან – პირუკუ, ჩვენი რეჟიმის ბიჭები ძალიან მაგრები არიან. რომ მხოლოდ მათ გაბედეს რუსებთან შებრძოლება და ა.შ. უსასრულოდ.

სააკაშვილოს ბოლო გამოსვლების და განცხადებების შემხედვარემ ერთი რამ ვიხილე: საქართველოში რეჟიმი და მისი მარად თანმდევი ტელევიზიები, ჩემდაგასაკვირად, ფილოსოფიურ საკითხსაც ეხებიან. მეტიც – ფილოსოფიურ ქმედებებსაც კი სჩადიან. სახელდობრ, ჩვენმა ხელისუფლებამ მიზნად არნახული რამ დაისახა: გამოაცხადოს მოჩვენებად რაც არის და არსებულად გამოაცხადოს რაც არ არის.

მაგალითად, გამოაცხადოს, რომ ტალიავინის დასკვნაში რაც არის, ის არ არის და რაც არ არის, ის – არის. სააკაშვილის გამოსვლების დროს მის უკანა ფონზე ამავალ-დამავალი ადამიანები, ბულდოზერები, კედლები და ა.შ. (ფრანგ მხატვარ ლეჟეს კომპოზიციებს რომ გვაგონებენ) აგრეთვე ნათლად აჩვენებენ, რომ საქართველოში იცვლება ურთიერთმიმართება რეალურსა და ვირტუალურს, არსებულსა და მოჩვენებით შორის.

რამდენადაც ყოფიერებისა და მოჩვენების ურთიერთმიმართება ოდითგანვე ფილოსოფიური კვლევის თემა იყო, წარმოდგენილ ოპუსში თავს ნებას მივცემ ხელისუფლებას სწორედაც რომ ფილოსოფიური დიაგნოზი დავუსვა და ამ დიაგნოზიდან გამომდინარე განვსაზღვრო მისი არსი.

შესაძლოა ამგვარი მიდგომა პოლიტიკურ მეცნიერებებში ძალიან ნოვატორულიცაა, მაგრამ ნათელია, რომ სხვა მიდგომებით ჩვენი ხელისუფლების ქმედებების შეფასება შეუძლებელია. ამიტომაც, წინ, ძველ საბერძნეთისკენ, სადაც პირველად გაირკვა ის საკითხები, რომლებიც 26 საუკუნის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმის ხასიათის ანალიზისას დგება.

ყოფიერების და მოჩვენების დაბადება
ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეშვიდე–მეექვსე საუკუნეებს გერმანელი ფილოსოფოსი კარლ იასპერსი ”ღერძულ დროს” უწოდებდა. ამ ეპოქაში უდიდესი გარდატეხა ხდება აზროვნებაში. საბერძნეთში ჩნდებიან პითაგორა, ჰერაკლიტე და პარმენიდე; ინდოეთში – ბუდა; ჩინეთში - ლაო-ძი და კონ-ფუცი. კაცობრიობა ახალ აზრობრივ განზომილებაში გადადის.

ძველი ბერძნული აზროვნება პირველად აყენებს საკითხს ყოფიერების არსის შესახებ. იბადება კითხვა: რა არის არსებული და როგორ არსებობს იგი. ამ კითხვაზე ყველაზე ცნობილი პასუხები პირველ ძველბერძენ ფილოსოფოსებთან: ანაქსიმანდრესთან, ჰერაკლიტესთან და პარმენიდესთან მოგვეპოვება.

ძველი ბერძნული აზროვნების თანახმად, ყოფიერება განეკუთვნება ჭეშმარიტების არსს და – პირუკუ. იყო მყოფი ნიშნავს საკუთარი თავის დაუფარავად ჩვენებას, იმას, რასაც ბერძნები ”ალეთეიას” უწოდებდნენ (ჩვეულებრივ, ითარგმნება ”ჭეშმარიტებად”. სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ”დაუფარაობა”). იმყოფებოდე ნიშნავს თავს წარმოაჩენდე ისე, როგორც ხარ და რაც ხარ.

”არ არსებობდე”, ”არ მყოფობდე” ყოფიერის საპირისპიროდ ნიშნავს მყოფობაში არგამოსვლას, მყოფობიდან უკან-დახევას. ბერძნების აზრით, ნებისმიერი მოვლენის არსში შედის მყოფობაში ასეთი ჩადგომა და ყოფიერებიდან ასეთი ამოვარდნა.

ყოფიერებიდან ამგვარი ამოვარდნა, ჩვენთვის, ადამიანებისათვის, იმის გამო, რომ სრულყოფილი არსებები არა ვართ, დიდ საფრთხეს შეიცავს. ჩვენ შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს, რომ ესა თუ ის არსებული ყოფიერებიდან ამოვარდა ანუ, აღარ არსებობს. ჩვენ შეიძლება ეს არ (აღარ) არსებული რაღაც მიზეზების გამო ისევ ყოფიერებაში ჩაყენებულად მივიჩნიოთ. ეს ნიშნავს: ჩვენ შეიძლება მოჩვენებითი ჭეშმარიტად გამოვაცხადოთ.

ამაშია იმისი არსი, რასაც დღეს ვირტუალობა ეწოდება. ამ ტერმინის დღევანდელი გაგებით დამამკვიდრებელი, დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ლაიბნიცი სერიოზულად წერდა ნაშრომებს, გვაქვს თუ არა მკაცრი საზომები, რათა წარმოსახული ობიექტები რეალურისაგან განვასხვავოთ.

ბერძენთა მთელი კულტურა ”ღერძული დროის” ხანაში იცნობიერებს იმას, რომ მუდმივად მიდის ბრძოლა ყოფიერებასა და მოჩვენებას შორის. ამ ბრძოლაში თუ ადამიანს იყოს სურს ადამიანი, მან უნდა მოახერხოს გამოგლიჯოს ყოფიერება დაფარულობას.

გერმანელთა ბრძენი ჰაიდეგერი ასე იტყვის: ყოფიერებისათვის თავგანწირულ ბრძოლაში ადამიანმა დაფარულობას, მოჩვენებას გამოგლიჯა ყოველივე ის, რაც მოგვიანებით ადამიანური არსებობის საფუძვლად იქცა: ღმერთები და სახელმწიფო, ტაძრები და ტრაგედიები, ოლიმპიური თუ პოეტთა შეჯიბრები, ფილოსოფია (დავუმატოთ არმია, რომელმაც სპარსელთაA დამარცხება შეძლო).

თუმცა, ძველმა ბერძნებმა ყოფიერების გამოგლეჯვა მოახერხეს მოჩვენების ძალის მხედველობაში მიღებითაც (მოჩვენება კი სულაც არაა უძლური). მოჩვენების ძალა იმაშია, რომ ის ფარავს, არარსებულად მოგვაჩვენებს არსებულს და პირუკუ. ბერძნებმა მოახერხეს ყოფიერების გამოგლეჯა მოჩვენებიდან. თანაც მოჩვენების ქალღმერთის მრისხანე მზერის ქვეშ.

ამ ქალღმერთს ”ლეთე” ანუ ”დავიწყება”, ”დაფარულობა” ერქვა და უპირისპირდებოდა მეორე ქალღმერთს: სახელად ა-ლეთეიას, დაუფარაობას (ძველბერძნულ სიტყვა ”ა-ლეთეიაში” ”ა” უარმყოფელი ნაწილაკია, და ნიშნავს ”და-უ-ფარავს”, იმას რაც დაფარულის საპირისპიროა).

ძველი ბერძენისათვის დაფარულობის (მოჩვენების) და ყოფიერების ერთიანობა და ბრძოლა დასაბამისეულად უძლიერეს ძალთა ბრძოლაა. რომელიც უფრო მაღლა დგას ღმერთებზეც და ბედისწერაზეც.

ძველ ბერძენთა ეს სწრაფვა, ნებისმიერ ფასად მოეპოვებინათ ყოფიერება, ჭეშმარიტება, დაუფარაობა, ბერძნული ტრაგედიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მაგალითისათვის ავიღოთ სოფოკლეს ”ოიდიპოს მეფე”. გარკვეული აზრით ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც პირველი დეტექტივი კაცობრიობის ისტორიაში. თან რა დეტექტივი - უნიკალური: გამომძიებელი გამოძიების ისტორიაში გამოიძიებს რომ მკვლელი თავად არის.

რა ხდება ტრაგედიაში? ოიდიპოსი, სახელმწიფოს გადამრჩენი და მმართველი წარმოდგება მთელ მის დიდებაში, როგორც ღმერთების რჩეული (რაც როგორც მოგვიანებით ირკვევა მოჩვენებითი ყოფილა). ამ მოჩვენებითობიდან ის, სიუჟეტის განვითარების წილ, თანდათანობით იტყორცნება დაუფარაობაში. დაუფარაობაში ამ გადატყორცნაში კი ირკვევა, რომ ის მამის მკვლლელი და დედის შემბილწველი ყოფილა. მთელი ეს გზა ბრწყინვალე დასაწყისიდან დასასრულ კოშმარამდე არის ბრძოლა მოჩვენებას (დაფარვა და ჩანაცვლება) და დაუფარაობას, ჭეშმარიტებას შორის.

არც ერთ ანტიკურ ფილოსოფოსთან არ გამოკვეთილა ყოფიერებისა და დაუფარაობის მოჩვენებასთან ბრძოლის დრამატიზმი, ესოდენ მძაფრად, როგორც პარმენიდესთან (VI-V საუკუნეები ჩვენს ერამდე). პარმენიდეს ფილოსოფიური იდეები გადმოცემულია პოემის სახით, რომლის მოზრდილმა ფრაგმენტებმა ჩვენამდე მოაღწია.

პოემის სიუჟეტი შემდეგია: ახალგაზრდა სიბრძნისმაძიებელი ჭაბუკი (ჩანს, თავად ავტორი) მიემგზავრება სიბრძნის საძიებლად. გარკვეული პერიპეტიების შემდეგ ის მიადგება ქალღმერთის ბაღს. ქალღმერთს ”ალეთეია”, ”ჭეშმარიტება”, სიტყვა-სიტყვით ”დაუფარაობა” ჰქვია.

ქალღმერთი ჭაბუკს ტკბილად მიიღებს, მოუთხრობს ყოფიერების, არარას და მოჩვენებისაკენ მიმავალ გზებზე და იმ ადამიანებზე ვინც ამ გზებს ადგანან ხოლმე.

პირველი გზა, ყოფიერების გზაა. ამ გზას მინდობილი ბოლოში აუცილებლად მივა დაუფარავამდე და შეიცნობს ყოფიერს, როგორც ის არის, ყოვლეგვარი მოჩვენებითობის გარეშე.

მეორე გზა, ამბობს ქალღმერთი, თითქოს უნდა იყოს გზა ყოფიერებისადმი სრულად საპიროსპიროსაკენ, არარსებულისკენ, არარასკენ. მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანს არარას არც მოაზრება და არც გამოთქმა არ შეუძლია ეს გზა მისთვის დაკეტილია.

მართალია, ძველბერძნული აზროვნება არ იცნობდა არარას გზაზე ნებაყოფლობით და სრულ ჭკუაზე შედგომის ფაქტებს, მაგრამ გარემოებების დამთხვევის გამო ასეთ რაღაცას დიაღაც, რომ არ გამორიცხავდა (საკვირველია, როგორ მიდიოდა ამ დასკვნამდე ბერძნული აზროვნება მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ იცნობდა). სოფოკლეს ტრაგედია ”ანტიგონეს” ქორო, ერთგან სადაც ადამიანის არსზეა ლაპარაკი ასე გალობს:

გარეთ მიმავალ გზაზე შემდგარი
გამოუცდელი, ცდება სწორსა გზას,
არარას მიდის.
მხოლოდ ერთისას მოძალებას
ვერ გაექცევა - სიკვდილისას.
რომც გაუმართლოს და მძიმესა განერიდოს სენს.
(ძველბერძნულიდან თარგმანი ავტორისაა. პრეზიდენტის მომხრეთა ყველა შენიშნვა თარგმანის ხარისხზე აქ და შემდგომ შეეხება მხოლოდ სტატიის ავტორს).

ანუ ძველი ბერძნები არარასკენ მიმავალ გზასაც იცნობდნენ. მაგრამ ყველაზე საინტერესოა მესამე გზა, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა ადგას. Aამ გზას ყოფიერებამდე არ მივყავართ. მაშასადამე თითქოს არარამდე უნდა მივყავდეთ. მაგრამ ასე არაა.

ეს არის უწიგნურ, უმეცარ ადამიანთა გზა. ესაა გზა ადამიანებისა, რომელთაც არა აქვთ უნარი ყოფიერება და მოჩვენება გაარჩიონ. ერთი სიტყვითYმესამე გზა მოჩვენების, დაფარვის გზაა. ამ გზაზე ყველაფერი რაც არის, არარსებულად მიიჩნევა, და რაც არ არის - არსებულად. რასაკვირველია ეს გაცილებით უფრო იოლი გზაა, ვიდრე ყოფიერებისაკენ მავალი გზა, რომელსაც დინჯი, მოაზროვნე და ჩაღმავებული ადამიანი ადგანან.

მოჩვენების გზაზე კი არ მიდიან, არამედ მიხტიან, მიცეტაობენ, მიქანქარებენ, მიცანცარებენ. ამ გზაზე მდგომნი აქეთ-იქით აცეცებენ თვალებს, ცდილობენ ყოფიერებასაც შეხედონ და მოჩვენებასაც. ამიტომ ეს ადამიანები ქალღმერთის მიერ ”ორთავიანებად” იწოდებიან. მოჩვენებაში ჰპოვებენ ისინი ნეტარებას, ოღონდ ისე, რომ ეს მოჩვენება ყოფიერებად მიაჩნიათ.

რედაქციისგან: სტატიის დიდი მოცულობის გამო ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მისი ორ ნაწილად გაყოფა. სტატიის მეორე ნაწილს სათაურით ”პრეზიდენტი და მოჩვენება“ ხვალ შემოგთავაზებთ. presa.ge
ნანახია: 729 | დაამატა: gol | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017