16:13
14:07 03.10.09 - ჩაცმული, ჩაუცმელი, ჩასაცმელი...
[ლევან სეფისკვერაძე]
დღევანდელ თბილისში სამი რამ არის განსაკუთრებით ბევრი: სამარშრუტო ტაქსები, მათხოვრები და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები. ევროპიდან და დედამიწის მეორე ნახევარსფეროდან შემოტანილი მეორადი ტანსაცმელით თბილისის როგორც პრესტიჟულ, ასევე შედარებით ნაკლებად პრესტიჟულ უბნებშიც ვაჭრობენ.

ჯადოსნური ფუთა
ყბადაღებული აზრი, რომ აქაური ტანსაცმელი ნახმარია, მაგრამ ხარისხიანი - ხშირ შემნთხვევაში შემძენთა მთავარ არგუმენტს წარმოადგენს. ზამთრისა თუ ზაფხულის ტანსაცმელი, დიდისა თუ ბავშვ-მოზარდის შესამოსელი და ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები, თეთრეულიც კი... რას არ ნახავთ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში. ხშირად ისეთ ყოვლად უვარგის და გამოუსადეგარ ნივთსაც კი წააწყდებით, გაოცებით პირს დააღებთ დაგაგიკვირდებათ, ამის მყიდველი როგორ შეიძლება არსებობდესო, მაგრამ მყიდველი ყველაფერს ჰყავს, კაცის ნახმარი ქვედასაცვლიდან საწყებული, თვალამოთხრილი სათამაშო თოჯინით დამთავრებული.

როდესაც ამ რეპორტაჟის გაკეთება გადავწყვიტე, თავიდან არც კი ვიცოდი მუშაობა როგორ და საიდან დამეწყო და როგორ გამეკეთებინა ისე, რომ ერთ-ერთი რიგითი მყოდველის შთაბეჭდილება ბოლომდე დამეტოვებინა. ჩემი შიშები უსაფუძვლო გამოდგა და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში არსებულმა სიტუაციამ თავად მიკარნახა როგორ მემოქმედა.

წერეთლის გამზირი ის ადგილია, სადაც თბილისში ყველაზე მეტი ასეთი მაღაზიაა გხსნილი. ვანო ჯავახიშვილის ცნობილი გამოთქმისა არ იყოს: ”ფუთა არ იხსნება ისე” და მართლაც - აქ ყოველ დილით, ფუთების გახსნის ლამის რიტუალად ქცეული პროცესიაა ჩასატრებელი. ფუთებს როგორც წესი მაღაზიის პატრონები საკუთარი ხელით ხსნიან და ალბათ სუნთქვაშეკრულნიც კი ელიან, რას შეახვედრებთ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა და იღბალი.

აგერ მაღაზიის გამყიდველმა დაიწყო ფუთის პატარა დანით გაჭრა და იღებს და იღებს ტანსაცმელს. ჯერ ადამისდროინდელი, გაცვეთილი ჯინსი ამოიღო. ხელში შეატრიალ-შემოატრიალა, შეათვალიერა და 1 ლარად ღირებული ტანსაცმლის განყოფილებისკენ მოისროლა. მერე ქალის ჩექმა ამოიღო. ამან უფრო მეტად დააინტერესა და იქვე წააწერა სავარაუდო ფასი - 40 ლარი, შემდეგ მამაკაცის ნახმარი პერენგების მთელი შეკვრა ამოაძვრინა ფუთიდან და იმის გამო, რომ პერანგებს სპეციფიური სუნი ჰქონდა, ერთგვარი ზიზღით გადასდო გვერდზე. ბოლოს კი უზომოდ გაუმართლა, როდესაც ხელში ნიანგის ტყავის შარვალი მოჰყვა. როგორც გაირკვა, იღბლიანი ფუთის მფლობელი აღმოჩნდა...

”ფეშეენები” და ”ხარისხისტები”
მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს პრაქტიკულად ყველანაირი კატეგორიის ხალხი სტუმრობს. მათ შორის ისეთებიც კი, რომლებსაც ფინანსური პრობლემები არ აწუხებთ და როდესაც მოუნდებათ, მაშინ თავისუფლად შეუძლიათ ახალი, მაღალხარისხიანი ტანსაცმლის შეძენა, მაგრამ ასეთ მაღაზიებში კონკრეტულ ნივთებს დაეძებენ, ანუ ისეთ ნივთებს, რომელთა შოვნაც პრესტიჟულ მაღაზიებში ვერ მოახერხეს. ყველზე კარგად აქ ქართული ხასიათის მრავალფეროვნება მოსჩანს. ბევრს ეთაკილება ხოლმე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში შესვლა და სანამ შევა, მაღაზიის კარებთან მდგარი, ჯერ აქეთ-იქით იცქირება - ვინმე ნაცნობი ხომ არ არის შორიახლოსო და როდესაც დარწმუნება, რომ გარშემო ახლობელ-ნაცნობის ჭაჭანება არ არის, მხოლოდ შემდეგ შეაბიჯებს მაღაზიაში.

ასეთი ადამიანები მაღაზიის გამყიდველებს ერთგვარი ირონიითა და ”მაღლა მდგომი” კაცის პოზიციიდანაც კი უყურებენ. აქაოდა, მადლობელი იყავით ამ მაღაზიაში შემოსვლა რომ ვიკადრეო და დაწუნებულ ნივთებს ისეთი ზიზღით მოისვრიან ხოილმე, თითქოს არასოდეს სცმოდეთ იქ ნაყიდი ტანსაცმელი. ერთ-ერთი ასეთი ტიპის ქალბატონი მეც კი მეჩხუბა: მაღაზიაში ტყუილად რას მიდი-მოდიხარ, თუ არაფერს ყიდულობ, გარეთ გადი, იქნებ რისი ყიდვა და მოზომვა მინდაო... არადა ამ დროს, მაღაზიაში ჩემი ერთი შეხედვით უმიზნო სიარულის გამო გამყიდველსაც კი არ მოუცია შენიშვნა.

მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების ყველაზე საინტერესო კლიენტები არიან ე.წ. ”ხარისხისტები”. ეწორედ ასე ვუწოდე იმ ხალხს, რომლებიც ტანსაცმელ-ფეხსაცმელსა თუ სხვა ნივთებს იმის მიხედვით იძენენ, რამდენად ცნობილი ფირმის პროდუქციაა და ამით ცდილობენ გაამართლონ ის, რომ პროდუქცია მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში შეიძინეს. ასეთი კატეგორიის ხალხი ხშირად როგორც წესი ძალიან მეწვრილმანეები არიან და ბოტასის გვერდით აღმოჩენილ პატარა ნაკაწრზეც კი შეუძლიათ მთელი საათი ეკამათნონ გამყიდველს და თან ისეთი ინტონაციით ესაუბრნონ, რომ თითქოს აღნიშნული ბოტასი ერთ დროს გამყიდველს სცმოდა და ნაკაწრიც მისი ბრალი ყოფილიყოს.

მსგავსი ტიპის კლიენტურა საკმაოდ ბევრია. თავად გავხდი მოწმე, დაახლოებით 20 წლის ბიჭმა, გამყიდველს ფაქტობრივად საქმის გარჩევა და ძველბიჭობა დაუწყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გამყიდველს არაფერი სმენოდა ფირმა ”კეინუტის” მაისურებზე და ისიც კი არ იცოდა, ასეთი მაისურები მოდაში რომ იყო. ყმაწვილკაცის ჩხუბის მთელი ”მუღამი” და მოტივაცი ერთადერთ რამეს ნიშნავდა თავისი ქვე-ტექსტით: ”მე ვიცი რას ნიშნავს ”კეინუტი” და თქვენ არ იცით. მე თქვენზე მაგარი ვარ! თქვე გოიმებო!”. შეიძლება ვაჭარბებ კიდეც, როდესაც ქვე-ტექსტებზე ასე დარწმუნებით ვსაუბრობ, მაგრამ როდესაც მოჩხუბარი ბიჭი მაღაზიიდან გადიოდა ასე ჩაილაპარაკა: ”ეს გოიმი ხალხი ტოოო...” რაც ადასტურებს, რომ თქვენი მონა-მორჩილის დაკვირვება არც ისე შორს არის სიმართლისაგან.

მამაკაცები შავებში
მაღაზიებში შემთხვევით შეხეტებული, ანდა უბრალოდ წანწალის მოყვარული ხალხი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტუმრები არიან. გამყიდველმა გამიმხილა, რომ მას უკვე შესწავლილი ჰქონდა ამ კატეგორიის ხალხის რაობა და მათი მაღაზიაში შესვლისთანავე ხვდებოდა, რომ ისინი არაფრის მყიდველები არ იყვნენ და მხოლოდ დროის მოსაკლავად ან სალაყბოდ დაეხეტებოდნენ აქეთ-იქით. გამყიდველი იმაშიც გამომიტყდა, რომ თავიდან მეც სწორედ ასეთი კატეგორიის ადამიანებს მიმაკუთვნა.

ქუჩაში ნელი, ზლაზვნია და აშკარად უსაქმური კაცის ნაბიჯებით მოდის 40-იოდე წლის მამაკაცი. გასცდა ტანსაცმლის ერთ მაღაზიას, მეორეს... და მესამესთან შეჩერდა. ჯერ კეფა დაფიქრებით მოიქექა - შევიდე თუ არაო, მერე ასევე ძალიან ნელა, რაღაცნაირად, თითქოს მორიდებითაც შეაღო მაღაზიის კარი და ნაფტალინის უმძაფრესმა სუნმა ცხვირის ნესტოები აუწვა. გაუყვება ტანსაცმლის ერთ რიგს, მეორეს. მერე ფეხსაცმელებს ათვალიერებს... ხელში აიღებს ფეხსაცმელს, დიდხანს ატრიალებს. სუნავს, დასცქერის... მერე სხვა ფეხსაცმელს და ჩექმას გადასწვდება, იმასაც ასევე დიდი ხანი დასცქერის. კურტაკებისა და პალტოების განყოფილებაში ხომ თვალებს დაისიებს ყველაფრის თავლიერებითა და სინჯვით, მაგრამ ამ კაცს შემოსვლის პირველივე წუთიდან ემჩნევა, რომ არაფრის მყიდველი არ არის, მორიგი დროის მოკვლის მსურველი კაცია და ამ დროს გამყიდველებს ისღა დარჩენიათ, კაცს ხელებში ლამის უტუიფრობამდე მისული დაჟინებით უცქირონ... რომ რაიმე არ ”გაიყოლოს” თან. თუმცა ასეთი ხალხი იშვიათად ქურდობს.

ქურდებს ემჩნევათ რისი ”მკისრებლები” არიან. ყველა წვრილმანი ქურდი მუდამ მთელი გუმლოდგინებითა და ძალ-ღონით ცდილობს, რომ კარგი, ლამის ”დედიკოს ბიჭის” შთაბეჭდილება დატოვონ და ამ როლის თამაში უმეტეს შემთხვევაში ძალიან უნიჭოთა და არადამაჯერებლად გამოსდით. ანდა როგორ უნდა იყოს დამაჯერებელი ძველი ბიჭის მიერ ნათამაშები პატიოსანი კაცის როლი, როდესაც თითქოსდა პატიოსანი და ოდნავ დაბნეული კაცის როლის მოთამაშე ადამიანს სახეზე დანით ჩხუბის დროს მიყენებული შრამები აქვს და ყველაფერი შავი ფერის აცვია.

თანამედროვე თბილისში ერთიანად შავი შესამოსელი მხოლოდ კრიმინალური ელემენტებსღა შემორჩათ. შავტყავისკურტკიან პოლიციელებს ფორმები ჩააცვეს და ქურდობეზე მეოცნებე სკოლის მოსწავლეების რაოდენობაც ძალიან შემცირდა. ჰოდა, დადიან დროში ჩარჩენილი ”ძველები” ამ შავი ტანსაცმლით და იმასაც ვერ ხვდებიან, რომ მათი ჩაცმულობა უკვე ერთგვარი სავიზიტო ბარათია ამ ხალხის რაობის გასაგებად.

შეუძლებელია არაფერი ვთქვათ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში მოვაჭრე ადამინების კიდევ ერთ - ბოლო კატეგორიაზე. ეს ხალხი არის ის ადამიანები, რომელებსაც კომუნისტების დროს გადამყიდველებსა და ”ხელზე მოვაჭრებს” ეძახდენენ. ასეთები ძირითადად ხანში შესული ქალები არიან, რომლებსაც ხელში ტომრები უჭირავთ და ბევრ რაღაცას ერთად ყიდულობენ. (ხშირ შემთხვევაში კი მაღაზიებიდან ნისიად იღებენ) ამ პროფესიის ადამიანები საბჭოეთის დროს საკმაოდ დიდ ფულსაც შოულობდნენ, რადგან უცხოური (არასაბჭოთა) წარმოების ნივთების შეძენა მაშინ მხოლოდ მათთან თუ შეიძლებოდა. ახლა კი, მათ საქმიანობასაც და არსებობის აზრსაც ყავლი გაუვიდა და დღეს ამონაგებნი თვითოოროლა კაპიკითღა გააქვთ თავი. ეს ადამიანები მუდამ მოსთქვამენ იმ დროზე, როდესაც მოსკოვში ჩავიდოდნენ, ჩეხურ ან პოლონურ ”ტავარს” (მკიხველი იმედია გვაპატიებს ამ რუსულ სიტყვას, რომელიც ასე კარგად გამოხატავს სათქმელს) იყიდიდნენ და შემდგომ თბილისში რამდენჯერმე ძვირად ყიდდნენ. მათი ”დიდების” წლები წარსულს ჩაბარდა და ამ ხალხისგან ფეხით მოსიარულე წვრილმანი მოვაჭრეები მივიღეთ.

თბილისური მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში ყველაზე კარგად იგრძნობა ის ეკონომიკური და არამხოლოდ ეკონომიკური სიტუაცია, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. მეორადი მაღაზიები თანამედროვეობის პროდუქტია და ნათლად გვაჩვენებს ყველა იმ საზოგადო განწყობებს, რისი დანახვაც ბევრგან არ შეიძლება. presa.ge
ნანახია: 1194 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]