20:32
18:11 30.09.09 - ოფიციალური თბილისი ტალიავინის დასკვნის რამდენიმე პუნქტს არ ეთანხმება
ოფიციალური თბილისი ტალიავინის დასკვნის რამდენიმე პუნქტს არ ეთანხმება.

„მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის უდიდესი ნაწილი ემთხვევა იმ ფაქტებს, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ, არ ვეთანხმებით რამდენიმე შეფასებას. პირველ ყოვლისა, იმ მოსაზრებას და ინტერპრეტაციას, სადაც ნათქვამია, რომ ცხინვალის რეგიონში რუსული მხარის მიერ მასობრივი შემოჭრა არ ყოფილა. ამ პუნქტში ანგარიში თავის თავს ეწინააღმდეგება, რადგან ერთი მხრივ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ იქ რუსეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცები იყვნენ განთავსებულნი, მეორე მხრივ, აღნიშნულია, რომ მოსკოვი აიარაღებდა სეპარატისტებს. ჩვენ მასობრივ შემოჭრად ყველაფერ აღნიშნულს ერთობლივად განვიხილავთ“, - განაცხადა იაკობაშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ქართული მხარე არც იმ იმ ინტერპრეტაციას ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სეპარატისტები და რუსეთი სხვადასხვა მხარედ არის მოხსენიებული.

„ჩვენ ვერ ვხედავთ განსხვავებას სეპარატისტებსა და რუსებს შორის, ჩვენი პრინციპული მოსაზრებაა, რომ ეს იყო ერთი მხარე“, - განმარტა იაკობაშვილმა.

გარდა ამისა, თბილისის შეფასებით, საკმაოდ „რბილია“ ტალიავინის კომისიის დასკვნა სამშვიდობოებთან მიმართებაშიც.

„რბილი შეფასებაა ის, რომ დოკუმენტში ნათქვამია - თუ ქართული მხარე თავს დაესხმებოდა სამშვიდობოებს, მათ ექნებოდათ უფლება, თავი დაეცვათ. არ დასტურდება, რომ ჩვენ რუს სამშვიდობოებზე მიზანმიმართული შეტევა განვახორციელეთ“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

კიდევ ერთი პუნქტი, რომელსაც ქართული მხარე არ ეთანხმება, არის ის, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველომ ცხინვალზე შეტევაზე აღმატებული ძალა გამოიყენა“.

„დოკუმენტში წამოყენებული თეზა, რომ საქართველომ გამოიყენა აღმატებული ძალა ცხინვალზე შეტევისას, არასწორია. ყველა ის ფაქტი, რომლებზედაც ჩვენ ვსაუბრობთ და ამ ანგარიშშიცაა მოყვანილი, იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ჩვენ გადაგვედგა ეს ნაბიჯები. შეიძლება ბევრმა იკამათოს, უნდა გამოეყენებინა თუ არა ძალა საქართველოს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ 1921 წელს, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანას 72-წლიან დამონებად დაუჯდა. ამ ნაბიჯით კი, იმავეს განმეორების აცილება შევძელით", - განმარტა იაკობაშვილმა.



„ჯი-ეიჩ-ენი“
ნანახია: 721 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]