12:06
მორგებული რეგლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობა ყოველდღე ახალ-ახალ და გასაოცარ სიურპრიზებს აცხობს. მთელი ოპოზიციისა თუ მისი ცალკეული წევრების შევიწროებას კანონების ჩასწორება-ჩამოსწორებით ცდილობენ. როგორც ამბობენ, მორიგ საკანონმდებლო ცვლილებას ნინო ბურჯანაძის საწინააღმდეგოდ ამზადებენ. საქმე ეხება პარლამენტის რეგლამენტს და მის სტატუსს.

პარლამენტის რეგლამენტმა შესაძლოა კანონის ძალა დაკარგოს და ჩვეულებრივი ნორმატიული აქტი გახდეს. ცვლილებების ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, მისი მოადგილე მურთაზ ზოდელავა და დეპუტატი ლაშა თორდია არიან.

უმრავლესობის დეპუტატთა ინიციატივით, ცვლილება შედის “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონში, რომლის თანახმადაც პარლამენტის რეგლამენტი კანონთა იერარქიის ჩამონათვალიდან უნდა ამოიღონ.

მაშინ, როცა პრეზიდენტი პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდაზე ალაპარაკდა და საკანონმდებლო ორგანოსთვის მეტი როლის მისანიჭებლად საკონსტიტუციო ცვლილებებს მწვანე შუქი მისცა, პარლამენტარები საკუთარ რეგლამენტს საკანონმდებლო აქტის ძალას ართმევენ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კატეგორიაში გადაჰყავთ. ვერაფერს იტყვი.

ოთარ მელქაძე, კონსტიტუციონალისტი: “პარლამენტის რეგლამენტი დღეს კანონის ძალის აქტია. კონსტიტუციაში მთელი რიგი ნორმები სწორედ რეგლამენტით რეგულირდება. თუ მას ამ სტატუსს მოუხსნიან, ეს რეგულაციაც მოეხსნება საერთოდ და ის აღარ იქნება სავალდებულო შესასრულებელი აქტი. რეგლამენტში არის მთელი რიგი ნორმები და მთავრობასთან და სხვა სახელისუფლო ორგანოებთან ურთიერთმიმართებით არსებული წესები. მათთვისაც რეგლამენტის ნორმები არის სავალდებულო შესასრულებელი. მას თუ სხვა სტატუსს მიაკუთვნებენ, მას ეს დატვირთვა აღარ ექნება, რაც დღეს აქვს”.

სხვათა შორის, კანონის ძალა პარლამენტის რეგლამენტს 2004 წლის თებერვალში მიენიჭა. ამით ერთგვარად მოხდა იმ უფლებების კომპენსაცია, რომელიც პარლამენტს ჩამოერთვა. საკანონმდებლო ხელისუფლების ძალაუფლება პრეზიდენტის მმართველობის გაძლიერების ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა და ამიტომ პარლამენტის რეგლამენტს სტატუსი აუწიეს.

საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო აქტების იერარქიაში პარლამენტის რეგლამენტს იგივე ძალა აქვს, რაც კანონსა და პრეზიდენტის დეკრეტს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება იერარქიულად რეგლამენტზე დაბლაა. კიდევ უფრო დაბლა კი პარლამენტის დადგენილება და მთავრობის დადგენილება დგას. დღეს კი ამ უპირატესობას რეგლამენტს ართმევენ.

– “უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის დასამარების მიზანმიმართული პოლიტიკა მიდის. მას ძირითადი უფლებამოსილება, რაც პარლამენტს კონსტიტუციით გააჩნდა მინიჭებული, ან გააუქმეს, ან დაკარგეს. იგივე საკანონმდებლო ინიციატივის პროცესში ისინი აღმოჩნდნენ მთავრობის შემდგომ. მთავრობას გააჩნია უფლებამოსილება რიგგარეშე საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდეს. საკანონმდებლო ორგანოს გააჩნდა მთავრობის საქმიანობაზეა კონტროლის უფლება, რომელიც ამ წლების განმავლობაში საერთოდ არ განუხორციელებიათ. ახლა უკვე იმაზე საუბრობენ, რომ მთავრობასთან და ხელისუფლების სხვა ორგანოებთან შედარებით რა უპირატესობაც აქვთ, რომელიც რეგლამენტით რეგულირდება, ისიც აღარ ჰქონდეს”, – აღნიშნავს ოთარ მელქაძე.

ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი დეპუტატი ლაშა თორდია პარლამენტის რეგლამენტის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ამით უნდათ რეგლამენტი უფრო მოქნილ დოკუმენტად აქციონ.

– “პარლამენტის რეგლამენტი საკანონმდებლო ორგანოს შინაგანაწესს განსაზღვრავს, ხოლო იმის გამო, რომ კანონის ძალა აქვს, მასში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში პროცედურული პრობლემები იქმნება. კერძოდ, საჭირო ხდება კანონპროექტის მომზადება, მისი სამი მოსმენით სხდომებზე გატანა და ასე შემდეგ. კანონპროექტის მიზანია, რეგლამენტი უფრო მოქნილი დოკუმენტი გახდეს და მასში ცვლილებების შეტანა მყისიერად ხორციელდებოდეს”, – აღნიშნავს თორდია.

რეგლამენტისთვის სტატუსის შეცვლას ეწინააღმდეგება პარლამენტის საპროცედურო და წესების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგირიშვილი.

– “ამის თაობაზე კომენტარები მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაკეთდეს, რაც კანონპროექტის განხილვა დაიწყება და საპარლამენტო უმრავლესობა ერთიან პოზიციაზე შეჯერდება. ახლა არსებობს განსხვავებული პოზიციები და მე გახლავართ ამ ცვლილებების კატეგორიული წინააღმდეგი”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

– “ეს ის გუნდი არ არის, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. მაგათი დაპირისპირება კარგა ხანია, არ მომისმენია. უბრალოდ, რეგლამენტს თუ მაგ სტატუსს წაართმევენ, მაშინ გოგორიშვილის კომიტეტი საერთოდ რისთვის არის საჭირო. გოგორიშვილის ძირითადი კოზირი არის რეგლამენტი. ეს სტატუსი აღარ ექნება, მაშინ რა ფუნქცია ექნება ამ კომიტეტს. ვერ დააბრალებ, რომ გოგორიშვილი ამ წინააღმდეგობით სკამს უფრთხილდება, მაგრამ ასე გამოდის. თუ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რეგლამენტი შეიძლება იყოს მხოლოდ შიდა მოხმარების აქტი, ე.ი. კიდევ უფრო გააგრძელებენ იმ კურსს, რასაც პარლამენტის უფლებამოსილებების შეკვეცა ჰქვია. გაუგებარია. არ ვიცი, როგორ უნდა მოუვიდეს ეგ ვინმეს აზრად. სხვა ქვეყნებში პარლამენტის რეგლამენტებს კანონით ამტკიცებენ ხოლმე, როგორც საარჩევნო კოდექსს, რომ მისი გავლენა სხვადასხვა ორგანოებთან და ხელისუფლების შტოებთან სავალდებულო იყოს. ჩვენთან რაც არის, ისიც აღარ უნდათ, რომ იყოს”, – მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი ოთარ მელქაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ცვლილებებზე მუშაობის დაწყება უკავშირდება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, მოძრაობა “დემოკრატიული საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძისთვის სამთავრობო დაცვის მოხსნასთან დაკავშირებულ დავას.

უმრავლესობაში ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის საკითხს, რეგლამენტის გარდა, “სახელმწიფო დაცვის შესახებ” კანონიც არეგულირებს.

ექს-სპიკერს სახელმწიფო დაცვა პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე რამდენიმე თვის წინ შეეზღუდა. ბურჯანაძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, როგორც უკანონო, რადგან რეგლამენტი ამ უფლებას აძლევს.
პარლამენტის რეგლამენტის 114 მუხლის თანახმად:
1. პარლამენტის წევრი, რომელიც იყო წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, უზრუნველყოფილია იმავე შრომითი ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
2. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ემსახურება სამსახურებრივი მანქანა და უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით.

ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.

პარლამენტის რეგლამენტი, როგორც კანონის ძალის მქონე აქტი, იერარქიით უფრო მაღლა დგას, ვიდრე პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, ამიტომ პრეზიდენტის ბრძანებულება. ასე რომ, პარლამენტის რეგლამენტის სტატუსის დაქვეითების შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულებას უფრო უპირატესი ძალა ექნება, ვიდრე – რეგლამენტს. presa.ge10:32 10.07.09 -[ნინო ლოლაძე]

ნანახია: 963 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]