კვირა, 19.11.2017, 05:54
საზოგადოება
მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით სააკაშვილს
Всего ответов: 51
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » აგვისტო » 25 » 10:19 24.08.09 - ”ბორჯომი” - იმიჯი მეორად ბოთლში
10:19 24.08.09 - ”ბორჯომი” - იმიჯი მეორად ბოთლში
22:58

[ლევან სეფისკვერაძე]

დღევანდელ არცთუ სახარბიელო ყოფაში ბევრი არაფერი იყრება და რაც იყრება თურმე, იმის მეორედ, მესამედ და მრავალჯერ გამოყენებაც ყოფილა შესაძლებელი. პლასტმასის ბოთლები სწორედ იმ კატეგორიის საოჯახო ნარჩენებს მიეკუთვნება, რომელიც ნაგავში ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყრებოდეს, რადგანაც მისი შემდგომი გამოყენება, როგორც ტექნოლოგიურად, ასევე ჰიგიენურადაც დაუშვებელია. თუმცა, ბოთლების ჩამბარებელ პუნქტებში პლასტმასის ბოთლებსაც იბარებენ 5 თეთრად და ამ ბოთლების უმეტესობა პირდაპირ ნაგვის ბუნკერებიდანაა ამოღებული.

თბილისში შუშის ბოთლებთან ერთად პლასტმასის ბოთლებსაც იბარებენ, აქედან კი მათ ე. წ. ცეხავიკები ეზიდებიან

მაინც რაში სჭირდებათ ეს ბოთლები. ამ თემაზე ”ვერსიას” მეტად საინტერესო და დამაფიქრებელი ცნობები მიაწოდა ყოფილმა ე. წ. მეწარმემ, რომელიც საკუთარ თავს ”სოდჯომის” (ბორჯომი სოდით) ჩამომსხმელს უწოდებს (სახელი რესპოდენტის თხოვნით შეცვლილია).

გივი: თავის დროზე, როცა ამ საქმეში ვიყავი, პლასტმასში ”ბორჯომს” არავინ ვასხამდით. ეგ ახლა არის, მაგაზე ჩალიჩი რომ დაიწყეს და იცით რატომ. შუშის ბოთლებში უფრო ძვირი ჯდებოდა. თანაც ხალხი ბოლო დროს პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმულს უფრო ეტანება. ფასითაც იაფია და უფრო კარგიც ჰგონიათ.

თქვენ რატომ დაანებეთ თავი ამ საქმეს?
- ვისაც კი ფულის შოვნა მოუნდა, ყველამ ცეხები გახსნა. თანაც კიდევ ეს ლიცენზიაო, ეს ათასი გადასახადი - ეკოლოგია, მეკოლოგია... კიდევ კარგად გავქაჩე 4 წელი.

პლასტმასის ბოთლების მეორედ გამოყენება შეიძლება?
მაგას, ძმაო, თავისი ვადა აქვს, შუშის ბოთლი კი არ არის, ასჯერ რომ ხმარობენ. სიმართლე გითხრა, არც შუშის ბოთლების გამოყენება შეიძლება ორზე მეტად. თუმცა ბოთლი იყოს და მაგას ვინღა აქცევს ყურადღებას.

ბოთლების შემგროვებლობა ერთ-ერთი თანამედროვე პროფესია გახდა. ბევრი ადამიანი სწორედ ამით ირჩენს თავს. თუ როგორ ბოთლებს აბარებენ და რატომ, ერთ-ერთი მათგანი თვითონ გვესაუბრა - მურმან მაისურაძე, 44 წლის, პროფესიით ინჟინერი.

- კაი ხანია ამ საქმიანობით ვირჩენ თავს. გამიჭირდა და აბა, რა მექნა.! ერთი შვილი მყავს და იმას ჭამა ხომ უნდა. ჩემი პროფესიით სამუშაოს სადღა ვიშოვი. ისე, მე მგონი, შევეჩვიე კიდევაც ამ ახალ საქმიანობას. თავიდან ძალიან მრცხვენოდა ხოლმე. ერთი-ორჯერ სტადიონთან რომ ვაგროვებდი დაყრილ ბოთლებს, ჩემი თანამშრომლები შემხვდნენ და როგორია, ბოთლებიანი ვეშმეშოკით რომ დამინახავდნენ.! ახლა კიდევ შეგუებული ვარ და აგერ, შენც არ გითხარი უარი დალაპარაკებაზე.

მართალია, ზოგჯერ ნაგავსაყრელებიდანაც მოაქვთ ბოთლები?
- გეფიცები, ძმაო, თუ ეგეთი რაღაცა ოდესმე მეკადრებინოს. ისე კი ვიცნობ ბევრს, მართლა რომ იღებენ ნაგვიდან ბოთლებს. ერთ-ორს ვუთხარი კიდეც, ეგ აღარ ქნათ, უსინდისობაა-მეთქი, მაგრამ ვინ მოგისმენს. ხალხს ისე უჭირს, ბუნკერებიდან ჭამს საჭმელს, შენი ბოთლები ვის რაში ანაღვლებს.

პლასტმასის ბოთლებს თუ აბარებ ხოლმე?
- ვიცი, რატომაც მკითხე. ვიცი, ორჯერ ხმარება რომ არ შეიძლება მაგათი. იბარებენ და მე რა. რატომ არ უნდა მივიტანო. ხუთი თეთრი ღირს ერთი ცალი, ოღონდ ყველანაირი კი არ უნდათ. აუცილებლად თეთრი ბოთლი უნდა იყოს, ლიტრიანი და ლიტრანახევრიანი, არ უნდა იყოს მუქი ფერის და ”უზორებიანი”, ლიტრანახევარზე დიდიც არ უნდათ. ფასი კი ყველანაირის 5 თეთრია.

ხომ არ იცი, მუქ ბოთლებს რატომ არ იბარებენ. ფალსიფიკაცია ”იმაში” უფრო არ დაიმალება?
- მეც ეგ არ მიკვირს, კაცო. მგონი აქ სხვა რაღაც უნდა იყოს. მუქი ფერის პლასტმასის ბოთლები ხომ ძირითადად ლუდისაა და ალბათ ლუდის ბოთლებში ვერ ასხამენ სხვა სიაბანდ წვენებს. მაგათ ასწავლი შენ, როგორ უნდა და რანაირად.

თუ საიდუმლო არ არის, დღეში რამდენ ბოთლს აბარებ და ფული რამდენი გამოგდის?
- დასამალი რაა. მეც ახლა ბიუჯეტიდან ვტეხავ ფულს თუ რა. ზოგჯერ ვერაფერსაც ვერ ვშოულობ. გამართლებაზეა. ამ შემოდგომაზე ვიშოვე ყველაზე მეტი - კვირაში 100 ლარიც კი გამიკეთებია. ქუჩაში კონცერტები როცა ტარდება ხოლმე, მაშინაა კარგი. ზამთარში ყველაზე ცუდია. ხალხს ლიმონათსა და ”პივას” ცხელი ჩაი ურჩევნია.

ბევრი კონკურენტი გყავს?
- სხვას ვერ დავუშლი ბოთლების გროვებას, მაგრამ თუ იქიდან აკრიფა, სადაც სულ მე მივდივარ ხოლმე, ნამდვილად ვეჩხუბები. ზოგიერთ მაღაზიაში და ბუტკაში ნაცნობები მინახავენ, შენ რომ მკითხე, ზუსტად იმ პლასტმასის ბოთლებს.

ამ პლასტმასის ბოთლების ჩამბარებელი პუნქტები ბევრგანაა?
- თბილისში მაგის მეტი რა არის?

ჩვენ გავემართეთ ერთ-ერთი ისეთი ქუჩისაკენ, სადაც ბოთლების ჩამბარებელი პუნქტების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობოდა. იქ მართლაც ბოთლების მიმღები უამრავი პუნქტი იყო გახსნილი. იქაურები რომ არ დამეფრთხო და არ დამეეჭვებინა, როგორც კლიენტი, ისე მივედი.

- გამარჯობათ, ბოთლებს აქ იბარებენ?

- აბა, აქ რისთვის უნდა ვიყოთ. - კითხვისთანავე მიპასუხა 50 წლამდე ულვაშებიანმა კაცმა.

- მე პლასტმასის ბოთლებზე გეუბნებით, თუ იბარებთ.

- ბევრი გაქვთ?

- კი... ათასზე მეტი.

- უკვე მოტანილი გაქვს?

- არა, სახლში მაქვს. ერთ ცალში რამდენს გადამიხდით.

- მაგის ფასი 5 თეთრია. ოღონდ ყველას არ ვიბარებთ - ლიტრიანი და ლიტრანახევრიანები თუ გაქვთ - კოკა-კოლასი, ბორჯომის, ცივი ჩაის, ფანტასი, ეგენი წავა. კიდევ ლურჯი ან ყავისფერი ნუ იქნება. აუცილებლად თეთრი უნდა იყოს.

- მუქი ფერის რატომ არ გინდათ რო?

- კაცო, შენ როგორსაც გეუბნები, ისეთი თუ გაქვს, მოიტანე, ჩვენ ჩავიბარებთ. ჩვენ რა გვინდა, ჩვენზე კი არ არის დამოკიდებული. მოდიან და მიაქვთ.

- ვის მიაქვს.

- შენ რაში გაინტერესებს. გინდა მოიტანე, არ გინდა და კარგად იყავი.

კაცს აღარ ჩავეძიეთ, რადგან დაეჭვების საბაბი აშკარად ჰქონდა და გადავწყვიტეთ, უშუალოდ ის ხალხი გვენახა, რომლებიც მხოლოდ თეთრ და ლიტრნახევრიან პლასტმასის ბოთლებს ეზიდებოდა ამ პუნქტებიდან.

ორი დღის ლოდინის შემდეგ, ჩვენთვის საინტერესო კლიენტიც გამოჩნდა. ძველი დანჯღრეული სატვირთო ავტომობილი უკანა სვლით ბოძთან მიაყენა და ბოთლების დატვირთვა დაიწყო. აშკარად გავიგონე რამდენჯერმე, გია რომ დაუძახეს. მისი სახელის ცოდნით დაიმედებულს, დიალოგიც გამომივიდა.

- გია, შენა ხარ ძმაო, აქედან ბოთლებს რომ ეზიდება.

- მე ვარ, რაშია საქმე.

- ერთი რაღაც მინდა გკითხო. ამ პლასტმასის ბოთლებს რამდენად ყიდულობ ამათგან, თუ საიდუმლო არ არის.

- 10 თეთრად და შენ რა რო.

- აგაშენა ღმერთმა! დიდი პარტია მაქვს და რაღა ამათ ჩავაბარო ხუთად, ბარემ შენ მოგცემდი.

- მაინც რამდენი გაქვს.

- ათასზე მეტია.

- ვაა! მაგდენს ვერ ავიღებ. მაშინ ცეხი ვისიცაა, იმას უნდა დაველაპარაკოთ.

- მერე მიმიყვანე და დაველაპარაკები. აბა, მე რა ვიცი, ვისთან უნდა მივიდე.

- კაი, წაგიყვან, რაზეა ლაპარაკი.

გიამ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ქარხნის მსგავს შენობაში წამიყვანა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ყბადაღებული ანტისანიტარია და სიბინძურე, რაც ”იარლიყად” აქვთ ხოლმე მიკრული კუსტარულ ცეხებს, ნამდვილად არ შემიმჩნევია. ერთ ჩვეულებრივ, საკმაოდ ნორმალურ ოთახში ხუთი-ექვსი კაცი ფუსფუსებდა. გიამ მეორე ოთახიდან ასე, 30 წლამდე ასაკის ქალბატონი გამოიყვანა.

- ეს მაკაა, ამას დაელაპარაკე.

- იცით, მე ბოთლების გამო გაწუხებთ. ბევრი მაქვს და მაინტერესებს, ცალში რამდენს გადამიხდით.

- პლასტმასია.

- კი პლასტმასისაა.

- ალბათ ისიც იცით, როგორი უნდა იყოს... თუ ხუთასსზე მეტი გექნება, 6 თეთრს მოგცემ თითოში.

- ძალიან კარგი, როდის მოგიტანოთ.

- რა ვიცი, თუ გინდა დღესვე იყოს.

- მე ფული მალევე მჭირდება და...

- შენ მოიტანე და მაშინვე გადაგიხდით, მაგის პრობლემა ჩვენ არა გვაქვს და არც გვქონია ოდესმე.

- ძალიან კარგი, ისე, ბოდიშს გიხდით და, მაინც რას ასხამთ ეგეთ პლასტმასის ბოთლებში... ვინ იცის, რამდენი ტყუილად გადამიგდია, მეორეჯერაც თუ შეიძლებოდა გამოყენება, არც ვიცოდი.

- ეეე! ეგეთები რომ გითხრა, ეგრე სად არის.!

- ისე, მაინც, მაგრა მაინტერესებს.

- რაც ქუჩაში წვენები, ”ბორჯომი” და ეგეთები იყიდება, შეიძლება სულ 50 % იყოს ნამდვილი... აბა, ახლა ის კაცი რასა სვამს. - მანიშნა ცეხის გარეთ კედელზე მიყუდებულ ბუთხუზა ბიძაკაცზე, რომელიც ალბათ ”პახმელიას” ებრძოდა ”სოდჯომით”.

ალბათ ამ წერილს მარილი დააკლდება, ”დინამოს” სტადიონთან საკუთარი თვალით ნანახი მამაკაცის მეტად თავშეკავებული გინება რომ არ გაგაცნოთ. ამ კაცს ხელში ახლადგახსნილი მინერალური წყლის ბოთლი ეჭირა და ბუზღუნებდა: წყალს ასხამენ. ასხამენ! დაგაზვაც არ უნდათ ამ ჩემის გადანგრეულებს.!.. მაგრამ მაინც მოიყუდა პირზე ბოთლი, რომელიც შესაძლოა მურმან მაისურაძემაც კი ჩააბარა მიმღებ პუნქტში 5 თეთრად...
presa.ge
ნანახია: 943 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2017