16:25
00:24 03.10.09 - იაფი დაზღვევა ძალიან იაფფასიანი აღმოჩნდა
[დავით კირვალიძე]
იაფი დაზღვევის პროგრამას რომ უამრავი ხარვეზი ახლდა, ეს პროგრამის დაწყებიდანვე გამოაშკარავდა, მაგრამ ამჯერად სამთავრობო პროგრამის ავ-კარგზე უკვე ექსპერტები საუბრობენ. სპეციალისტების აზრით, დაზღვევის პროგრამის შემუშავებისას, ეკონომია ხარისხის ხარჯზე გაკეთდა.

5-ლარიანი იაფი დაზღვევის ეფექტიანობის გასარკვევად ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ მოქმედი სქემა მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და საჭიროა მომსახურების პაკეტის გაზრდა. გამოკითხული რესპონდენტებიც კი ამბობენ, რომ სამედიცინო დახმარება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში კი არა, მანამდე სჭირდებათ.

იაფი დაზღვევის პაკეტი ძირითად რისკებს მოიცავს და სამი ნაწილისგან შედგება: - უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო სამედიცინო მომსახურება, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება. პოლისის ფასი თვეში 5 ლარია, საიდანაც 3,35 ლარს სახელმწიფო იხდის. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალიბა”-ში აცხადებენ, ამჟამად საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევა მხოლოდ 150 000 ადამიანს აქვს. 2009 წლის მაისის მდგომარეობით კი, მოქალაქეთა ინტერესი იაფი დაზღვევის მიმართ საკმაოდ დაბალი იყო.

- ”სავარაუდოდ, მოთხოვნის სიმცირე იმის შედეგია, რომ თავად შეთავაზებული პროდუქტი არც ისე კარგია. მიუხედავად საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის წინადადებისა, რომ მოქალაქეებისთვის უფრო ფართო და შესაბამისად, უფრო ძვირი პაკეტი შეეთავაზებინათ, მთავრობამ შედარებით მოკრძალებული და იაფი ვარიანტი არჩია”, - მიაჩნიათ ორგანიზაციის ექსპერტებს.

საბოლოოდ ”საერთშორისო გამჭვირვალობის” დასკვნა ცალსახაა - ეკონომია ხარისხის ხარჯზე განხორციელდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ 5-ლარიანი სადაზღვევო პაკეტი საკმარისი არ აღმოჩნდა.

- ”მართალია, ასეთი განზრახვა, შესაძლოა, მისასალმებელიც იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეკონომია ხარისხის ხარჯზე განხორციელდა. ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტის წლიური ფასი 150-200 ლარს შეადგენს. რაც იმაზე მიუთითებს, რომ 5-ლარიანი პაკეტი საკმარისი არ არის”, - ამბობენ ”გამჭვირვალობის” ექსპერტები.

დაგროვილი პრობლემების შემდგომში თავიდან ასაცილებლად, კვლევის ავტორებმა ე.წ. რეკომენდაციაც კი შეიმუშავეს. რეკომენდაციის მიხედვით, საჭიროა თავად პაკეტის გაფართოება: - ”განსაკუთრებით, ეს საჭიროა სტაციონარული მომსახურებისა და პირველადი სამედიცინო მომსახურების მხრივ. გარდა იმისა, რომ ბენეფიციარები უკეთეს პაკეტს მიიღებენ, ამ მომსახურების დაფარვა შესაძლებელს გახდის ხარჯების ეფექტიანობას”.

ბოლო მონაცემებით, იაფი დაზღვევის პოლისი 102 ათასმა ადამიანმა შეიძინა.
- ”ეს საკმაოდ კარგი მონაცემებია. პოლისით სარგებლობა შესაძლებელია მისი მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში. პროგრამაში მონაწილე 5-მა სადაზღვევო კომპანიამ 10000-კაციანი ბარიერი გადალახა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, კუთვნილი სამედიცინო მომსახურებით ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. მედიატორის სამსახურში მხოლოდ 5 საჩივარი შევიდა და მომჩივანთაპრობლემების მოგვარებაც უმოკლეს დროში მოხერხდა”, - უკმაყოფილო არ სჩანს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი.

მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. იგი პირობას დებს, რომ შედეგები შეჯამდება, გაკეთდება ანალიზი და ყველა არსებული პრობლემები სამომავლოდ გამოსწორდება.
presa.ge
ნანახია: 1475 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]