17:44
10:32 12.09.09 - რა დაუჯდება ბიუჯეტს პარლამენტის ნაწილობრივ გადატანა?
პარლამენტი ქუთაისში ნაწილობრივი გადასვლისთვის ემზადება, თუმცა რა თანხა დაუჯდება ეს სიახლე ბიუჯეტს, ჯერჯერობით უცნობია.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ქართული პარლამენტი დასავლეთის ქვეყნების მაგალითს გადაიღებს და პლენარულ სხდომებს დედაქალაქის გარეთ ჩაატარებს. დანარჩენ დროს კი საკომიტეტო საქმიანობასა და რეგიონებში მუშაობას მოანდომებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის პლენარული სხდომებისთვის ქუთაისში მაღალსართულიანი შენობა აიგება. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა. მან საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ნაწილობრივი გადატანის მიზეზები ასე ახსნა:

„ქვეყანაში მეორე პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი გაჩნდება. არ შეიძლება ყველაფერი დედაქალაქში იყოს თავმოყრილი. ქუთაისში უკვე დაიწყო ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ახლა კი ქალაქს პოლიტიკური დატვირთვაც მიეცემა, რაც გაზრდის უცხოელი სტუმრების რაოდენობას. ეს კი ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებას, საქართველოს ერთიანი მართვის განმტკიცებას.“

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის ფინანსური მხარე პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა. მან განაცხადა, რომ არ არის მართალი, თითქოს დეპუტატები თანმხლებ პირებთან ერთად ქუთაისში „ირბენენ“ და ეს ბიუჯეტს ძვირი დაუჯდება.

„ხარჯები დაითვლება, მაგრამ ეს არ იქნება კატასტროფული რაოდენობა და იქნება იმაზე 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნები დაახლოებით მილიარდი-მილიარდ ნახევარი ჯდება. ივლისში კი რადიო „კომერსანტს“ დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანას დაახლოებით 50 მილიონი ლარი დასჭირდება.

გიგი წერეთლის ვარაუდით, პარლამენტის ქუთაისში გადატანისთვის ერთი „მაღალი შენობის“ აგება გახდება საჭირო, რომელიც ბევრ ადამიანს დაასაქმებს.

ქუთაისში ნაწილობრივი გადასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის მუშაობის გრაფიკიც შეიცვლება. კერძოდ, როგორც გიგი წერეთელი ამბობს, შესაძლოა, პლენარული სხდომები იქ წელიწადში რამდენიმე კვირის ან ერთი თვის განმავლობაში გაიმართოს, დანარჩენი დრო კი საკომიტეტო და რეგიონებში მუშაობას დაეთმობა.

„კომერსანტი“
ნანახია: 779 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]