22:01
11:07 10.09.09 - ეკონომიკური კრიზისის კავკასიური პერსპექტივები
[ეკა ბაქრაძე]
სამხრეთ კავკასიაში გლობალური კრიზისი აჩრდილი ისევ დაძრწის და ეს სამივე სახელმწიფოს სტატისტიკური მონაცემებით მტკიცდება. ყველაზე საყურადღებოა ის, რომ კრიზისმა თავისი დაღი დაასვა აზერბაიჯანს, რომელიც დღემდე კრიზსგამძლე ქვეყნათა შორის მოიხსენიებოდა. უკვე გაირკვა, რომ ბაქოში საქმე სალხინებლად არ აქვთ.

აზერბაიჯანში საბანკო და ეკონომიკური სისტემის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ. სააგენტო ”ტურანის” ინფორმაციით, აზერბაიჯანული იმპორტი 7 თვის მონაცემებით, თითქმის ხუთჯერ შემცირდა. ამავე პერიოდში ექსპორტი 7 მილიარდამდე დაეცა.

ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, შემცირება ყველა ძირითად საექსპორტო საქონელს, მათ შორის ნედლ ნავთობსაც შეეხო. მისი ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავლებმა 5,7-ჯერ იკლო.

თუ ერთი ტონა აზერბაიჯანული ნავთობი 2008 წლის იგივე პერიოდში 530 დოლარი ღირდა, ამ ეტაპზე ეს მონაცემი 365 დოლარამდეა შემცირებული. ასევე დაეცა ნავთობპროდუქტების ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები. ამ სეგმენტში ვარდნამ 31,4%-ს მიაღწია.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთელი რიგი აზერბაიჯანული ბანკებისა გაკოტრების ზღვარზეა, რის მიზეზადაც საბანკო ორგანიზაციის მოძველებული სისტემა სახელდება. ამ მონაცემების თანახმად, ბანკებიდან აღებული კრედიტების 35%-ის დაბრუნების პერსპექტივა აღარ არსებობს.

ასე რომ, კრიზისი სამხრეთ კავკასიას ახლებურად უტევს და ყველაზე სტაბილურდ ქვეყანა - აზრებაიჯანიც შეატორტმანა. ექსპერტები მაინც ვარაუდობენ, რომ კავკასიის სამ სახელმწიფოთს შორის ყველაზე ნაკლები სადარდებელი ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს აქვს, ყველაზე მეტი კი - სომხეთს.

- ”საქართველოს ხარისხი გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში, ფაქტობრივად, ნულოვანი იყო და მის კრისიზსაც აქ გავლენა არ ჰქონია. ჩვენთან ამას უფრო აქვს სისტემური კრიზისის სახე. ასეა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. ირიბად, რა თქმა უნდა, მსოფლიო ფინანსური კრიზისი ამ რეგიონს მაინც უკავშირდება, მაგრამ პირდაპირი კავშირი, ბუნებრივია, არ აქვს.

ამ სამივე ქვეყანაში არის სხვადასხვა სიტუაცია და ამ მხრივ ყველაზე ცუდად საქმე საქართველოს აქვს. აზერბაიჯანს გააჩნია გარკვეული ენერგორესურსები იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა უზრუნველყოს და ამას ახერხებს კიდეც. რაც შეეხება სომხეთს, ის დოტაციური და გარე ფაქტორებზე მიბმული არეალია და აქედან გამომდინარე, იქ ყველაფერი ისევე გაგრძელდება, როგორც არის”, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც აცხადებს, რომ საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანიდან ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ამ უკანასკნელშია. აზერბაიჯანში, როგორც ენერგომატარებლების მქონე ქვეყანაში, ფინანსური კრიზისი უფრო ადრე დაიძლევა, ვიდრე თბილისსა და ერევანში.

- ”საქართველოში საფინანსო ორგანიზაციმების მიმართ რაიმე ქმედითი ნაბიჯები დახმარების სახით არ ყოფილა გადადგმული, ამ მიმართულებით ჩვენთან უფრო ქუხდა, ვიდრე წვიმდა. ის რომ, ჩვენი ეკონომიკა აღმოჩნდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ფაქტია, თუმცა ხელისუფლებისგან ეს არ ჟღერდება, მას ამის აღიარება არ სიამოვნებს.

”ჩვენ ჯერჯერობით ვბარბაცებთ და მიწაზე არ ვართ გართხმულები, რადგან გვაქვს გარკვეული საერთაშორისო მხარდაჭერა და დახმარება. ეს ფინანსური დახმარება კი, ყველამ კარგად ვიცით, რომ არ მოსულა ფინანსური კრიზისის გამო, ეს ფული უსამართლო ომში დამარცხებული ქვეყნისთვის ჩამოვიდა. თუმცა, ეს დახმარება უსასრული არ არის, ის განსაზღვრულია 2010 წლის ბოლომდე.

”რაც შეეხება მეზობლებს, ყველაზე ნაკლები სადარდებელი მაინცაზერბაიჯანს აქვს. სომხეთს, როგორც ჩაკეტილი ეკონომიკის ქვეყანას, მეტი შინაგანი პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს. ამ შემთხვევაში კვლავ პოლიტიკური კრიზისი თამაშობს დიდ როლს, კერძოდ, ის კრიზისი, რასაც ყარაბახი ჰქვია. სომხეთი რუსეთის გულმოწყალებაზეა დამოკიდებული. დღეს კი რუსეთს გული სოხუმისა და ცხინვალისკენ უფრო მიუწევს, ვიდრე ყარაბახისკენ, ამიტომ სომხეთს ნაკლები მიზეზი აქვს ოპტიმიზმისა”, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
presa.ge
ნანახია: 808 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]