22:30
11:39 06.09.09 - ქართული ინტერნეტფროუმების მიმოხილვა: არის სიცოცხლე მარსზე?
[მურმან ეკალაძე]
”პოლიტმარგალიტები” ის სასაცილო და ხშირად აბსურდული ფრაზებია, რომლებსაც ქართველი პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ და ზოგჯერ თავადაც კი ვერ ხვდებიან, რომ არიან ადამიანები, რიმლებიც მათ ყველა ნათქვამს აგროვებენ და იწერ-იმახსოვრებენ.

ქართულ ინტერნეფორუმებზე ერთ-ერთი ყველა აქტუალური თემა, ”პოლიტმარგალიტების” ამოქექვასა და განხილვას ეძღვნებოდა. ყველაზე საუკეთესო ”პოლიტმარგალიტებად” ერთხმად დაასახელეს ოთხი ალბათ უკვდავი ფრაზა: გია მაისაშვილი: ”ესენი ეკლებითა! ესენი ჰუნებითა! ხოლო ჩვენ - სახელითა უფლისა, ღვთისა ჩვენისაითა!”. ელენე თევდორაძე: ”ჩვენ ყველანი გამოკვლევებულები ვართ!”

ეკა ბესელია: ”ოქრუაშვილი სრულებით თავისუფალია, ოღონდ გარკვეული შეზღუდვები აქვს”. მიხეილ სააკაშვილი: ”თბილისში მანქანები აღარ იპარება”. შალვა ნათელაშვილი: ”ორი ამოუხსნელი ამოცანა აწუხებს კაცობრიობას: არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და რამდენი ამომრჩეველია საქართველოში”. - აბა ფორუმელებს ესეთ ფრაზებს რას გამოაპარებდნენ?

ფორუმელებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ ბოლო დროს კვლავ დაიწყო საუბარი ყბადაღებულ ფილმ ”დავით აღმაშენებლის” გადაღებაზე. ეს ფილმი აფხაზეთისა არ იყოს, ლამის ჩვენს მარადიულ და გაურკვეველ ტკივილად იქცა. მოვუსმინოთ ფორუმელ ფარსმან-ს:

”ყველას გახსოვთ ალბათ ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ ფილმის გადაღების იდეამ თავის დროზე გამოიწვია. თითქოს გადაწყდა კიდეც საკითხი, მაგრამ დროის მსვლელობა გვაჩვენებს , რომ ყველაფერი ისევ იდეის დონეზე დარჩა. მიმაჩნია, რომ ამ ფილმს (თუკი გადაიღებენ) ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე უბრალოდ კინოხელოვნების ნიმუშს.

ამიტომაც უნდა იყოს სახელმწიფო დაინტერესებული ამ ფილმის გადაღებით. თუკი ფილმი ისეთი იქნება, როგორიც დავითს და დიდგორის ბრძოლას ეკადრება, მაშინ იგი საუკეთესო ფილმად იქცევა თავის ჟანრში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილმის გადაღებას აზრი არ აქვს და კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები. ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამბავია ამ ფილმის გადაღება”.

ქვეყნის პრესტიჟზე ვერაფერს ვიტყვი და, მართლა ძალიან მაინტერესებს მეფე დავითის როლს ვინ ითამაშებს. იმედია ამ როლზეც, მიშა მესხს. ან დუტა სხირტლაძეს არ დაამტკიცებენ.

ფორუმელი ცრუსადერი ფიქრობს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის თავზე დიდი დროშა ფრიალებს, რომელზეც სიტყვა ”უსაქმურობა” გამოკვეთილად წერია.

”ანტიმონოპოლიური სამსახური მე თუ მკითხავთ ამ ქვეყანაში არაფერს აკეთებს. ავიღოთ ბენზინის მაგალითი. ამდენი ”კალონკებია” და ფასი ყველგან თითქმის ერთნაირია. აშკარა ”შეკვრას” აქვს ადგილი, თუმცა ყველა იხდის თავის წილს ”ზემოთ” და ხმას არავინ იღებს. ვზარალდებით ჩვენ. ახლა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვისი ბრალია ეგ, მე მგონი ადვილი მისახვედრია…”

არადა რამდენს უნდა სწორედ ”ზემოთ” ყოფნა… ”დაბლამყოფები” სულ მაგაზე არ ოცნებობენ…

საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ფორუმელების ერთი ნაწილი საარჩევნო ბატალიებისათვის აქედავნე ნიადაგს ამზადებს და კბილებს (კლავიატურას) აკაწკაწებენ.

”ევროპაში ტენდენციაა, რომ უფრო წარმომადგენლობითი იყოს პარლამენტი, შესაბამისად კი პროცენტი დაბალია, 5-ზე დაბალიც კია ზოგან... რაც შეეხება გურჯისტანს, ჩემი აზრით 7 პროცენტი კარგია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენი ”ვითომ პარტია” იქნება რომ არაფერი გაკეთდება ქიშპობის, ვაზელინობის, კონფორმიზმის და ა.შ. გარდა... ჯერ არ ვართ მაგ დონეზე, მერე შესაძლებელია როდესაც ერთმანეთს მკვლელებს და აგენტებს და ჩასარეცხებს დ.ა.შ. არ ვუწოდებთ პირდაპირ ეთერში…

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, ეგეც ძველია და არ მომწონს, იმიტომ რომ ისევ გურჯისტანზე მაქვს ლაპარაკი, შესაძლებელია აირჩიონ ვინმე იმიტომ რომ ”კაი ტიპია” და მორჩა. მას კი ზურგს არ გაუმაგრებს არანაირი პროგრამა და შესაბამისად პარტია, ვინც იბრძოლებს მოკლედ, საჭიროა 7%-იანი ბარიერი და რაც შეიძლება ნაკლები მაჟორიტარი.. ასეთი მინდა მე არჩევნებიცა და პარლამენტიც..” ამბობს ფორუმელი ”024”.

ერთი რაღაცა ვერ გამიგია.. თუკი ყველა ვთანხმდებით, რომ ”კაი ტიპობის” გამო პარლამენტში მოხვედრა არ შეიძლება, მაშინ აბა ვინ აძლევდა ხმას შალიაკიანს? მგონი წიხლით არავის მიუგდივართ საარჩევნო ყუთებთან…

სკეპტიციზმი ის დავადებაა, რომელიც იშვიათად იკურნება და თუ იკურნება, ასევე სკეპტიციზმით. ფორუმელ შჰადოწჩატ–ს სკეპტიციზმის სენი შეჰყრია და აფხაზეთის დაბრუნება ფრიად ეეჭვება.

”პირადად მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ დაკარგული ტერიტორიების მოკლე ვადაში დაბრუნებას. ნატოში შესვლის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა კი ქვეყნის მმართველობის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე დაპირისპირების არარსებობაა. სხვა თემაში მე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე იმაზე, თუ ჩემი აზრით, როგორ უნდა მოხდეს (და რა ვადებში) ამ ტერიტორიების დაბრუნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემეული აზრის განხორციელების პერსპექტივას ნამდვილად ვერ ვხედავ, მეეჭვება, უახლოესი რამოდენიმე წლის მანძილზე შევძლოთ ნატოში შესვლაც - შესაბამისად. პრეზიდენტის მიერ დადებულ (ამ კონკრეტულ) პირობებს მე თავიდანვე სკეპტიკურად შევხვდი, ასე რომ, ნამდვილად არ მაქვს მათი განხორციელების დიდი ილუზიები. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი ამ პირობებს შეასრულებს, ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო დაუჯერებლობა იქნება”.

ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ”ნატოს” შემადგენლობაში მოუგვარებელი კონფლიქტების მქონე ქვეყნებიც არიან. კვიპროსი რა ქვეყანა არაა თუ, თავზე (ბერძნული) ქუდი არ ახურია?!

ქართულ ფორუმებზე სექსთან და ღლაბუცთან დაკავშირებული თემები განსაკუთრებულად პოპულარული ხდება.

”მე ვფიქრობ, რომ ქართველი ბიჭები მართლა კაცურები, ვაჟკაცები, ჯენტლმენები, სიმპატიურები, წესიერები, ღონიერები არიან, ჰო და ჩვენ ბიჭები ყველა გოგოს ვექცევით ძალიან კარგად და ბრწყინვალედ, ნორმალურები ვართ მათთან ურთიერთობაში, და რას ვღებულობთ ჩვენ გოგოებისგან?

გოგო მოგეწონება და თუ ის ოდნავ ლამაზია, ეგრე გრძნობ რომ ზემოდან გიყურებს ან საერთოდ ზედ არ გიყურებს, ბევრს ძალიან მაგრად აქვს ავარდნილი თავში, ბევრს დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. ამოვიდა ყელში რა ეგეთი ურთიერთობა მათთან.

დღეს, ოთხ გოგოს დაურეკე და ვუთხარი, რომ მაქვს საჩუქარი და უბრალოდ გაჩუქებთ მეთქი.. რიგრიგობით დაურეკე, მაინტერესებდა რეაქცია. ერთმა მითხრა, არ მცალია და არც მეცლებაო.. მეორემ არ მინდა საჩუქარი მაგისთვის არ მცალიაო.. მესამემ მითხრა, არ მინდა შეხვედრაო.. მეოთხემაც თითქმის იგივე რაც სამმა.. მაინტერესებს რა უნდათ ამ გოგოებს?!”

კითხულობს და ალბათ ოხრავს კიდეც, ფორუმელი ფრეეცოოლერ.

ქალების თემას ფორუმელი ნნ-იც აგრძელებს. ”რატომ უნდა მოუთმინოს ამდენი შეურაწყოფა კაცმა ქალს?! ბევრნი არიან ვამპირი გოგოები. ზიხარ შენთვის, წყნარად, მოვა ტვინს გაგიბურღავს… მერე ერთ რამეს ეტყვი და გაცოფდება და დაგიწყებს ლანძღვას შეიძლება გაგარტყას, შენ მაინც უთმენ ყველაფერს, მერე ორი წუთი დაწყნარდება და ისევ რაღაცას გველობას გეტყვის…

მერე ტელევიზორს გამოგითიშავს, ყურადღება მომაქციო, მერე გაიხდის და ფლოსტს გესვრის სახეში, მერე წყალს შეგასხავს, ხმას არ სცემ მაინც... მერე სკამს გესვრის, სიგარეტს მიგაწვავს სახეზე, მაინც არ სცემ ხმას... კიდევ გირტყავს, შეგდგება და გაგწიხლავს, ამოგიტრიალებს ყველაფერს, მერე ნახევარი საათი კიდევ ხმას რომ არ გასცემ, შეეშინდება ხომ არ მოვკალიო და გიწყებს კოცნას და სახეში სილების რტყმას…

ვაიმე გოდერძი, გოდერძი რა გჭირს, არ მინდოდა ვაუმე რა ვქნაო… ხან აქეთ ეცემა ხან იქით, დაბნეულია, ხან ფიქრობს სასწრაფოში დარეკოს... პატრულში... ეშინია მაინც, გკოცნის გეხვევა ჩემო სიცოცხლე რა მოგივიდა არ მინდოდა… და ბოლოს შენ თვალს გაახელ და ეუბნები: გაგეკაიფე - კარგად ვარო... ჰოდა ამაზე უფრო ბრაზდება და იმეორებს იგივეს. მერე უფრო გიჟდება და უნდა მოგკლას და ყელში ამოგდის ყველაფერი ერთს გაარტყამ სახეში და წყნარდება სრულიად, მიდის ჩუმად იძინებს და გეუბნება ბოლოს - რომ დაწვები ტელევიზორი და გაზი არ დაგრჩეს ჩართულიო... არაა ესეთი გოგო ვამპირი?”

მაგნაირ ქალს ვამპირი კი არა, ისეთი რაღაც ქვია, აქ ნამდვილად რომ არ დაიწერება…

თითქოს ახალგაზრდა ქალების კრიტიკა არ კმაროდა, ფორუმელი სცოპო ბებიებსაც კრიტიკისა და განქიქების ქარიშხალს ატეხს.

”დღეს მომიწია ყვითელი ავტობუსით მგზავრობა. ჰოდა, ვიდექი მძღოლის წინ და ქალი ჩადიოდა, იქნებოდა ასე 65 წლის ბებო. ჯერ რომ ჩადიოდა რაღაც ჩანთები სულ ფეხებში მირტყა, მერე დაიწყო ყვირილი გამატარეო და ასე შემდეგ და მერე როცა ჩავიდა, ისეთი დამწყევლა და გამლანძღა, რომ სულ გამოვშტერდი. მაინტერესებს საიდან აქვთ ამ ასაკის ხალხს ესეთი აგრესია? იმის მაგივრად, რომ 2 დღის სიციცხლე დარჩენიათ და სიკეთე თესონ, ესენი კიდე ახალგაზრდებს წყევლიან და ლანძღავენ...”

აბა ერთი შენ გეცხოვრა ბრეჟნევისა და შევარდნაძის ეპოქაში და ჩანთების კი არა, მგონი ქვების სროლასაც დაიწყებდი…

განა ბედნიერი არაა ადამიანი, რომელიც სახლში არც მეტი, არც ნაკლები, მასონთა ატრიბუტიკას აღმოაჩენს? მსგავსი ”ბედნიერება” ფორუმელ ბატერფლაი-ს ეწვია.

”შემთხვევით მასონთა ძველისძველი ატრიბუტიკა აღმოჩნდა ჩემს ხელთ, ახლაც წინ მიდევს გაცვეთილი წინსაფარი შემოკერებული არშიით, წინსაფარზე გამოსახულია 9 ქიმიანი ვარსკვლავები, კოშკები. მასონთა გერბი, ამაზეც ვარსკვლავები და ლათინურად წარწერები.

მასონთა ოქროს ყელსაბამი, რომელსაც ბუმერანგის ფორმა აქვს, წარწერებით. ვინ იყვნენ საერთოდ მასონები და რას ქადაგებდნენ? რა რიტუალებს ასრულებდნენ, ან რისთვის?”

დაახლოებით ეგეთი ტანსაცმელი ბავშვობაში საახალწლო ზეიმებზე მეცვა ხოლმე. ნეტავი მეც მასონი ხომ არა ვარ? presa.ge
ნანახია: 829 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]