16:24
12:27 03.10.09 - განსხვავებული ასოციაცია ბიზნესმენებისთვის?!
[ეკა ბაქრაძე]
ახალი ბიზნეს-ასოციაცია სწრაფად იწყებს საქმიანობას. ექსპეტებს იმედი აქვთ, რომ ეს ორგანიზაცია ამჯერად მაინც შეძლებს საქმის გაკეთებას, თუმცა მისი მაქსიმუმი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგის მიღწევაა.

“საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის” შექმნის საინიციატივო ჯგუფმა ბიზნსმენებთან შეხვედრა უკვე გამართა. შეხვედრის ძირითადი მიზანი ბიზნესმენებისთვის ახალი ბიზნეს-გაერთიანების შექმნის მიზნების, ძირითადი პრიორიტეტების, ხედვებისა და მომავალი საქმიანობის გაცნობა იყო.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, საქართველოში სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-გაერთიანებები არსებობს, თუმცა “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” მათგან განსხვავებული იქნება და კონკრეტული მიზნებისთვის იმუშავებს.

ასოციაციის სამი ძირითადი მიმართულება აქვს: საზღვარგარეთ თუ საქართველოში მისი წევრების კანონიერი ინტერსების დაცვა, ბიზნესსა და მთავრობას და ბიზნესსა და საზოგადოებას შორის ხიდის შექმნა, ასევე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში წევრ ორაგნიზაციებს შორის მედიატორის როლის შესრულება იქნება.

კომპანია “იუ-ჯი-თი”-ს ხელმძღვანელის, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის გიორგი ჭირაქაძის ინფორმაციით, კომპანიები დაინტერსებას უკვე გამოთქვამენ: “ასოციაციის ძირითადი პრიორიტეტი მთავრობის ყველა შტოსთან კომუნიკაციის განვითარება იქნება, რათა ბიზნესისთვის ქვეყანაში შესაბამისი გარემო და პირობები შეიქმნას და პრობლემები მაქსიმალურად შემცირდეს”.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” ოფიციალურად 8 ოქტომბერს დაფუძნდება. მისი დაფინანსების ძირითადი წყარო საწევრო გადასახადი იქნება, რომლის ოდენობა, სავარაუდოდ, თვეში 850 ლარი იქნება.

საინტერესოა, რამდენად მოახერხებს ახალი ბიზნეს-გაერთიანება რეალურად საქმის კეთებას. ბოლოს ასეთი მცდელობა ბადრი პატარკაციშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ სტრუქტურას ჰქონდა, თუმცა თავად მისი ხელმძღვანელის ხელისუფლებასთან დაპირიპირების გამო, ბიზნეს-ფედერაციას დიდხანს არ უარსებია.

ამჯერად ეკონომიკის ექსპერტი უფრო იმედიანად არიან გაწყობილნი. დავით ნარმანია ბიზნეს-ასოციაციის შექმნას დადებით მომენტად მიიჩნევს. იგი ვარაუდობს, რომ ასოციაცია საქმის გაკეთებას შეძლებს.

“ზოგადად, მე ასეთი ბიზნეს-ასოციაციების შექმნას ვემხრობი. მსგავსი ასოციაციები ორი რაიმის გაკეთების საშუალებას იძლევა: პირველი - ერთმანეთთან აკავშირებს და ამყარებს კონტაქტს სხვადასხვა ბიზნესს შორის. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვნი - ბიზნესს საშუალება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებათა განხილვაში, გაუგზავნოს საკუთარი ინიციატივები პარლამენტს.

ამ თვალსაზრისით ბიზნეს ასოციაციის შექმნა კარგია. თუმცა, ნებისმიერი ასოციაციის შექმნის დროს და არა მარტო ამ შემთხვევაში, ამბიციურად მეჩვენება განცხადებები, რომ ამით ბიზნესისათვის სერიოზული ლობის შექმნა შეიძლება. ეს უფრო ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგის საშუალებას იძლევა.

ამ ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები და ხელმძღვანელები ძალიან გამოცდილი ბიზნესმენები არიან და სავარაუდოდ, ასოციაცია შეძლებს თავის ფუნქციების შესრულებას”, - აცხადებს დავით ნარმანია.
presa.ge
ნანახია: 970 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]