20:38
14:30 03.09.09 - ახალი გეზი დასავლეთისკენ: შავი ზღვა - ბალკანეთი
[კახა კაციტაძე]
”პრესა.გე”-ში გამოქვეყნებულ წერილების სერიალში, რომელიც საქართველოს ირგვლივ შექმნილ ვითარებას ეხებოდა, განვიხილეთ სიტუაცია რუსეთსა და ჩრდილო კავკასიაში. რუსეთის მიმართ მივედით დასკვნამდე, რომ ამ სახელმწიფოს არა აქვს მომავლის პერსპექტივა. ამ საკითხში რუსი ექსპერტები სოლიდარულნი არიან მიუხედავად მათი იდეოლოგიური კუთვნებულებისა.

ლიბერალი რაძიხოვსკიდან დაწყებული, იმპერიალისტ პროხანოვით დამთავრებული თვლიან, რომ რუსეთი განწირულია თანდათანობითი და ნელ-ნელი გადაგვარებისათვის. მათი აზრით, პუტინის რუსეთიდან ბოლო და ბოლოს მივიღებთ რაღაც ბრეჟნევის დროინდელ სსრ კავშირის მსგავს ჩამყაყებულ წარმონაქმს, რომლის სრულ დეგენერაციას რამოდენიმე ათეული წელი დასჭირდება.

მოკლედ რუსეთი ის ხდება, რაც ავსტია-უნგრეთი იყო XX საუკუნის დასაწყისში – “ევროპის ავადმყოფი კაცი”(თუმცა არის კი რუსეთი ევროპა?) და ეს ვარიანტი ოპტიმისტურ სცენარად ითვლება.

რუსეთის მომავალს გაცილებით პესიმისტურად უყურებს მედვედევის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი გონტმახერი. მისი აზრით, თუ ხელისუფლებამ უმოკლეს ვადაში არ მიიღო გადამჭრელია ზომები, რუსეთს რევოლუციური სტიქია წალეკავს, რაც როგორც ყველასათვის ცხადია რუსეთის კრახით დასრულდება.

საინტერესოა, რომ ”მედვედევის კაცი”, გონტმახერი, სამშობლოს ხსნისკენ სხვა არავის მოუწოდებს თუ არ, ვლადიმერ პუტინს. თუმცა ავტორს თავად არ სჯერა იმის, რომ რუსეთის მთავრობა გადამწყვეტი ზომების მიღებას მოახერხებს. მოკლედ საშუალოვადიან პერსპექტივაში, რუსი ანალიტიკოსების აზრით, მათ სამშობლოს ან დაქცევა უწერია, ან ჩალპობა. რუსი ექსპერტების ოპტიმიზმი სადღაც გაქრა. მით უფრო, რომ რუსეთის ეკონომიკის დეგრადაცია მიმდინარეობს ნავთობზე ფასების აწევის მიუხედავად.

რუსეთის უმაღლესი ხელისუფლები უკვე დაბნეულობის საოცარ ნიშნებს ავლენენ. პუტინმა, რომელიც პოლონეთში გამოსვლის ტექსტითვით ბჟეჯინსკიმ შეაქო, განაცხადა, თითქოს რუსეთის დუმას მოლოტოვ - რიბენტროპის პაქტი დაეგმო. პუტინის ამ იმპროვიზებულმა განცხადებამ უხერხულობა შექმნა. ყველას მოერიდა პრეზიდენტისათვის შეეხსენებინა, რომ დუმას პაქტის დამგმობი ამგვარი დადგენილება არ მიუღია. ის სსრ კავშირის უზენაესმა საბჭომ მიიღო, რომელიც ნამდვილად არ არის დუმა.

რუსეთში გაბატონებული ქაოსის დემონსტრაციის აპოლოგია იყო რუსეთის გენსტაბის უფროს მაკაროვის გამოსვლა მონღოლეთში. გენშტაბის უფროსმა უბრალოდ გამოაშტერა ჟურნალისტები, როდესაც განუცხადა, რომ წყალქვეშა ბაზირების სტრატეგიული რაკეტები “ბულავა” წარმოებისათვის სხვა ქარხანას გადაეცემაო. ხოლო შემდეგ განაცხადა ჩრდილო კორეის რაკეტულ გამოცდებთან დაკავშირებით შორეულ აღმოსავლეთში საზენიტო რაკეტების, ჩ-400-ების დივიზიონი განვალაგეთო.

ჟურნალისტების განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, ვინაიდან რუსეთს სულ ორი ქარხანა დარჩა სადაც საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების წარმოება შეიძლება: უდმურტიაში და კრასნოიარსკში. სსრ კავშირში ასეთ რაკეტებს კიდევ ორგან: პავლოგრადსა და დნეპროპეტროვსკში ამზადებდნენ. ახლა ეს ქალაქები დამოუკიდებელი უკრაინის ნაწილია. ამასთან უდმურტეთის ქარხანა მყარ საწვავიან რაკეტებზეა ორიენტირებული. იქ მზადდებოდა ნადირაძის ცნობილი რაკეტები, ხოლო კრასნოიარსკისა - თხევადსაწვავიანზე.

ეს სულ სხადასხვა საწარმოო პროცესები და ტექნოლოგირებია და ერთი მეორეზე ვერაფრით გადავა დიდი დროისა და ფანტასტიკური ხარჯების გარეშე.რუსეთს კი არც ერთი აქვს და არც მეორე. სხვათა შორის დღეს მსოფლიოში არავინ დაობს, რომ ნადირაძისა და კოროლიოვის დისკუსიაში ქართველი მეცნიერი იყო მართალი და რომ სტრატეგიული რაკეტები მყარ საწვავზე გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე თხევად საწვავზე. მაგრამ კოროლიოვმა თავისი ავტორიტეტით გაიტანა. თანაც ეს ხრუშჩოვის დროს ხდებოდა და ქართველ ნადირაძეს ვინ გაახარებდა.

კოროლიოვის სიკვდილიდან რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ გაირკვა რამდენად მავნე იყო რუსეთისათვის კოროლიოვის გადაწყვეტილება. ეს ისე, სხვათაშორის. ახლა გენერალ მაკაროვის მეორე ზღაპარს შევეხოთ - რუსმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მათი არმიის შეიარაღებაზე საზენიტო რაკეტა ჩ-400-ის მხოლოდ ორი დივიზიონია და ორივე მოსკოვის ოლქშია დისლოცირებული. შორეულ აღმოსავლეთში არც ერთი დივიზიონი არაა.

მართალია რუსეთის გენშტაბის გეგმით, იქ წელს მართლაც უნდა განლაგდეს საზენიტო რაკეტები, მაგრამ მათი წარმოება ქარხნებს ჯერ არ დაუწყიათ. ერთი სიტყვით, აქამდე თუ რუსეთი თავისი ინფრასტრუქტურის მოშლით, ტერაქტების თავიდან აცილების უუნარობით და სახელმწიფო ინსტიტუტების კორუმპირებულობით იყო ცნობილი, ახლა მათ დაემატა რუსეთის ლიდერების დამაბნეველი განცხადებები. ჩანს პოლიტელიტის თავებში ისეთივე ქაოსია, როგორც ქვეყანაში.

ჩრდილო კავკასიაშიც ვითარება დღითი-დღე იძაბება. დღე არ გაივლის ისე, რომ სახელისუფლო ორგანოების წარმოამადგენლების წინააღმდეგ ტერაქტი არ მოხდეს. კამიკაძეობა აშკარად მოდად იქცა. ბოლო ათიოდ დღეში თავი რვა კამიკაძემ აიფეთქა. თანაც საქმე იქამდე მიდის, რომ კამიკაძეებისათვის საკუთარი თავის აფეთქება და ამ გზით სახელის განთქმა უფრო დიდ მნიშვნელობასაც კი იღებს, ვიდრე მოწინააღმდეგის განადგურება. ბოლო რამოდენიმე კამიკაძემ თავი ისეთ მდგომარეობაში აიფეთქეს, როდესაც მოწინააღმდეგის - რუსის მილიციელების განადგურებისს შანსი დიდი არ იყო.

მოკლედ, ჩრდილოეთით დღითიდღე ისადგურებს ქაოსი. თავისი სიბრიყვით და საქართველოს სიძულვილით მიღებული გადაწყეტილება აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ მათვე უბრუნდებათ. მოკლედ, რუსეთის დეგრადაციის და საერთოკავკასიური სახლის ჩავარდნის შემდეგ, ჩრდილოეთის მიმართულება ცხადია ყველაზე მარგინალური გახდება საქართველოსათვის. ახლა სულ უფრო ნათლად იკვეთება პრორუსული თუ საერთოკავკასიური კურსების ალტერნატივა - ევროპული კურსი. უფრო დეტალურად კი, შავიზღვისპირულ-ბალკანური მიმართულების პრიორიტეტულობა.

ამ საკითხს ჩვენ ჯერ კიდევ 2001 წელს გამოცემულ ნაშრომში “გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ტრანსფორმაცია ევროპაში” შევეხეთ. ციტატა წიგნიდან: “გაფართოებული დასავლეთის გეოგრაფიული ღერძთან დაკავშირებით ამჟამად მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანაც ხდება. თუ აქამდე დასავლეთის განვრცობა ძირითად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე ბალტიისპირეთის მიმართულებით იაზრებოდა, ახლა ეს პროცესი თანაბრად ვრცელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზეც.

უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ბალკანეთის რიგი სახელმწიფოები - სლოვენია, ბულგარეთი, რუმინეთი, დაამთავრებენ თავიანთი სახელმწიფო ინსტიტუტების იმგვარ რეფორმირებას, რომელიც მათ დასავლურ სივრცეში სრულფასოვანი სამხედრო და ეკონომიკური ინტეგრირების საშუალებას მისცემს.

ამას შედეგად მოჰყვება შავი ზღვის უდიდესი ნაწილის მოცვა დასავლური სამხედრო და ეკონომიკური სტრუქტურებით, რასაც საქართველოსათვის უაღრესად პოზიტიური შედეგების მოტანა შეუძლია. დასავლური ინსტიტუტების ბალკანეთზე განვრცობის შემდეგ მათი გაფართოების ბუნებრივ გეოგრაფიულ არეალს სამხრეთ კავკასია და უპირველეს ყოვლისა, საქართველო წარმოადგენს”.

ჩემს მიერ ხსენებული ბულგარეთი, რომინეთი, სლოვენია და ხორვატიაც, უკვე ნატოს და ვეროკავშირის წევრებიც არიან. ეს ფაქტი ძირეულად ცვლის ევროპის გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას. ბოლო საუკუნეებში ბალკანეთი ევროპული ცენტის მიმართ პერიფერია იყო, სამხრეთ კავკასია და უკრაინა კი საერთოდ ევროპის გარეთ მდებარე ტერიტორიებად იაზრებოდნენ.

ახლა ვითარება პრინციპულად იცვლება. ევროპა ინვრცობა და შესაბამისად იცვლება ევროპის გეოპოლიტიკური ცენტრისა და პერიფერიის მიმართება. პერიფერიის როლს უკრაინა და სამხრეთ კავკასია იკავებს. ამ პროცესში თანდათან ალბათ ბელარუსიც ჩაერთვება.

შეიძლება გვითხრან, რა სასიამოვნოა ევროპის პერიფერიად ყოფნაო. მაგრამ ჯერ ერთი მეეჭვება, რომ ამას დეგრადაციის გზაზე მდგომი რუსეთის სატელიტობა ან კავკასიური ხალიფატის მოკავშირეობა სჯობდეს. ამას გარდა, როგორც ვხედავთ 21-ე საუკუნეში პერიფერიის ცენტრად ტრანსფორმაცია საკმაოდ დინამიური პროცესია.

ჩვენს მიერ აღწერილი ორი უმნიშვნელოვანესი პროცესი - ბალკანეთის იმგვარი ტრანსფორმაცია, რომ ის აღარაა ევროპის პერიფერია და ბალკანეთის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რომელიც გამორიცხავს ახალ კონფლიქტებს, დასავლურ დიპლომატიას საშუალებას აძლევს ის რესურსები ჩადოს უკრაინასა და სამხრეთკავკასიაში, რომელსაც აქამდე ბალკანეთში დებდა. ამასვე ემსახურება ევროკავშირის აღმოსავლეთის სამეზობლო ინიციატივა, მთელი მისი გაურკვევლობის მიუხედავად.

ნიშანდობლივია კავკასია-უკრაინის მიმართულებით “ბალკანური გუნდის” ამუშავება და ბრაიზას ადგილას თინა კაიდენოუს დანიშვნაც. შემხვედრი ნაბიჯებიც იდგმება. მოლდოვაში პირველად მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რევოლუციის გარეშე მოხერხდა საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება. გამარჯვებული ოპოზიცია ნატოსთან დაახლოების კურსს იწყებს და აპირებს რეფერენდუმი ჩაატაროს ნატოს წევრობაზე.

მოკლედ, საქართველოს დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, ანუ ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით საქართველოს დიპლომატიური აქტიურობისათვის ფართო სარბიელი ეხსნება. ამ მიმართულებით ორიენტაციის პერპექტივა დიდია. ვითარება ხელსაყრელია საქართველოსათვის. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ როგორ უნდა აისახოს შავიზღვისპირულ-ბალკანურ მიმართულების პრიორიტეტები საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, ცხადია ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობის შენარჩუნებით. ეს მომავალი საუბრის თემაა. presa.ge
ნანახია: 839 | დაამატა: gol | რეიტინგი: 2.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]