22:02
16:09 09.09.09 - ეროვნული ბანკის მადლიერების დღე
[ეკა ბაქრაძე]
ხელისუფლება ეროვნული ბანკის მადლიერია. ამის დასტურად დეპუტატები არც სიტყვებს იშურებენ და საქმესაც ზედ აყოლებენ. ძალიან მალე სებ-ის უფლებამოსილებები გაიზრდება. ქვეყნის ეკონომიკას კვლავ ძველებური ეროვნული ბანკი დაუბრუნდება.

პარლამენტმა ”საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით უკვე განიხილა. კანონპროექტის თანახმად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლება-მოსილებების ეროვნულ ბანკისთვის კვლავ დაბრუნება.

ეროვნულ ბანკს ეზრდება უფლება-მოსილება სადაზღვევო სექტორის ზედამხედველობის კუთხითაც, რომელიც როგორც ეროვნული ბანკის მესვეურები განმარტავენ, ადეკვატურია სადაზღვევო ბაზრის განვითარების დონესთან და ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ დაზღვევის სფეროში განხორციელებული პროგრამების სათანადოდ შესრულებასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას.

კანონპროექტი, ეროვნულ ბანკს აუცილებლობის შემთხვევაში, აკისრებს სათანადო სანქციების გამოყენების უფლებამოსილებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისადმი.

სამომავლოდ გაუქმდება ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო. ეროვნული ბანკის ერთადერთი უმაღლესი ორგანო კი ეროვნული ბანკის საბჭო იქნება, რომელიც ცენტრალიზებულად უხელმძღვანელებს და ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას.

ეს ცვლილებები ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება დადებითია. ისინი არა მარტო საკანონმდებლო ინიციატივებით ავლენენ ამას, არამედ საჯარო კომენტარებითაც.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ეროვნული ბანკის მუშაობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ბანკმა 2008 წლის აგვისტოს ომსა და მსოფლიო კრიზისის გამოწვევას თავი გაართვა.

- ”ეროვნული ბანკი შარშან გაუმკლავდა პრობლემებს, რომელიც გამოწვეული იყო, ერთის მხრივ, რუსული სამხედრო აგრესიას და მეორეს მხრივ, მსოფლიო საფინანსო კრიზისისაგან”, - აღნიშნა მელიქიშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს, ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებსა და მათ თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

სებ-ის მადლიერია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. ”ქვეყნის ფინანსური მდგრადობა და ეროვნული ვალუტა ეროვნული ბანკის თანამშრომლების თავდაუზოგავმა შრომამ გადაარჩინა”, - ასეთი სიტყვები დააფრქვია დავით ბაქრაძემ ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიშის მოსმენის შემდეგ.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით კი შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ, ქვეყანამ მძიმე განსაცდელი გადაიტანა და ის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდა ფინანსური მდგრადობა და ”არ განადგურდა ეროვნული ვალუტა”, სწორედ ეროვნული ბანკის დამსახურებაა.

- ”რეალური იყო რისკი, რომ ქვეყნის შიგნით და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო ქვეყანას ჰყოლოდა გაკოტრებული მეანაბრეები და გაქცეული ბანკირები, თუმცა იმის გამო, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომლები მთელი ამ ხნის განმავლობაში დაუზოგავად შრომობდნენ, ქვეყანამ ეს საფრთხეები თავიდან აიცილა”, - აცხადებ ბაქრაძე და ამის გამო ეროვნული ბანკის ყველა თანამშრომელს განსაკუთრებულ მადლობას უხდის.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიშს, პარლამენტმა საკითხი საკმაოდ მოკლე დროში განიხილა და დეპუტატებს არანაირი შეკითხვა არ ჰქონიათ.
presa.ge
ნანახია: 863 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]