01:28
17:13 31.08.09 - სააკაშვილი მერაბიშვილის მძევალი შეიძლება გახდეს
[ნინო მიქიაშვილი]
ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება თავისი სავარძელი გადააყოლოს. თუ რატომ ამაზე “პრესა.გე”-ს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ირაკლი სესიაშვილი ესაუბრა, რომელსაც ახლო წარსულში სამხედრო ომბუდსმენის თანამდებობა ეკავა. მან სახალხო დამცველის ოფისი 2005 წლის დეკემბერში, ბაჩო ახალაიასთან დაპირისპირების გამო (რომელიც მაშინ სოზარ სუბარის მოადგილედ მუშაობდა) სკანდალურად დატოვა.

რა ცვლილებებია მოსალოდნელი ქართულ ჯარში, ახალაიას გამინისტრებით?
ირაკლი სესიაშვილი: სამწუხაროდ, დიდი მოლოდინი არ მაქვს. ამ შემთხვევაში ახალაიას არ განვიხილავ, როგორც საზოგადოებისთვის ოდიოზურ ფიგურას, არამედ მას ვუყურებ, როგორც მინისტრს, რომელმაც ქვეყანაში თავდაცვის სისტემა უნდა მართოს. აქედან გამომდინარე, ახალაიას თუ შეიძლება ასე ვთქვათ, აქვს შემდეგი ნაკლი - ამ სფეროში ცოდნა, განათლება და გამოცდილება არა აქვს.

ოპონენტებმა შეიძლება მითხრან, ეს პოლიტიკური თანამდებობაა და ამ სფეროში განსაკუთრებულ ცოდნას და გამოცდილებას არ მოითხოვსო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას - საფრთხეებს, გამოწვევებს, რისკებს, ამ ვითარებაში საქართველოს ზეპროფესიონალი თავდაცვის მინისტრი სჭირდება. შესაძლოა დადგეს მომენტები, თუნდაც ჩვენი საუბრის დროს, რომ მინისტრს მოუწიოს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება და მან თავისი არაპროფესიონალიზმის გამო, შეიძლება სერიოზული შეცდომები დაუშვას.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, მათ შორის პენტაგონიდან, ბრიუსელიდან, ყველამ ერთხმად მთავარ ნაკლად, შეცდომად გამოყო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული დაბალი კომპეტენცია, არაეფექტური მართვა. ეს შეცდომა ახალაიას დანიშვნით განმეორებულია.

რამდენად მისაღები იქნება ახალი თავდაცვის მინისტრი (როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ევროპულგანათლება მიღებული, ენების მცოდნე) ამერიკელებისთვის, რომლებიც ქართულ ჯარს წვრთნასა და ფეხზე დაყენებაში ეხმარებიან?
- ბაჩო ახალაიას სახელი არა ერთხელ მოხვედრილა სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშებში, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში. როდესაც ასეთი ფიგურა ინიშნება ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რომელსაც უშუალო პარტნიორული ურთიერთობა აქვს აშშ-სთან და შეიძლება პირდაპირ ვთქვათ - მათზე ვართ დამოკიდებული, ცხადია,

ჩვენ გარკვეული უხერხულობის შეგრძნება გვაქვს, რომ ისეთი ნაბიჯები არ გადაიდგას, თუნდაც საკადრო პოლიტიკის თვალსაზირისით, რომ საფრთხის ქვეშ დადგეს ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა. არასათანადო კადრების გამო, აშშ-ს თანამშრომლობაზე უარის თქმა სჩვევია.

ანუ, ახალაიას გამინისტრება აშშ-სგან თანამშრომლობაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს?
- უცხოელი დიპლომატებისთვის მერაბიშვილის, ახალაიებისა და კოდუების გვარები, სხვა ტიპის მმართველობასთან, არადემოკრატიულ სამყაროსთან ასოცირდება და ამიტომ, ცხადია, ურთიერთობებში გარკვეულ რისკებს ზრდის.

ამის გათვალისწინებით რისი დემონსტრირება მოახდინა სააკაშვილმა ახალაიას დანიშვნით?
- სააკაშვილის გადაწყვეტილება იმაზე მიანიშნებს, რომ მას ურჩევნია ჯარზე ვიწრო პოლიტიკური კონტროლი ჰქონდეს დაწესებული, ვიდრე რეფორმები განახორციელოს, ამით თავდაცვის სისტემა გააძლიეროს და საერთაშორისო ურთიერთობებში წინ წაიწიოს. ახალაიას გამინისტრებით სააკაშვილმა ჯარის არალოიალური დამოკიდებულებისგან თავი დაიზღვია.

გამომდინარე აქედან, რა იქნება თავდაცვის მინისტრ ახალაიას მთავარი ამოცანა?
- ალბათ იმ ჯგუფების გამოვლენა, რომელთაც ამ ხელისუფლების მიმართ არალოიალური დამოკიდებულება აქვთ. ახალაიას გამინისტრებით სააკაშვილი ალბათ ცდილობს გარკვეული შიში დანერგოს იმ ოფიცრებში, რომლებსაც შეიძლება გულზე არ ეხატებათ, არც ახალაია და არც სააკაშვილი.

აიტანენ თუ არა ჯარისკაცები ახალაიასგან იმგვარ მოპყრობას, რასაც მისგან საპყრობილეებში გამოკეტილი პატიმრები იტანდნენ?
- ძნელი სათქმელია, ამ ეტაპზე დადგება თუ არა ატანა-არატანის საკითხი. მე გითხარით რომ ბაჩო ახალიას ერთ-ერთი ამოცანა შეიძლება იყოს ჯარისთვის იმ ხალხის ჩამოცილება, რომლებმაც შეიძლება ვერ აიტანონ ის, რასაც პატიმრები იძულების წესით იტანდნენ. მაგალითად, შესაძლოა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, ახალაია უხეშად ერეოდა მინისტრის კომპეტენციაში და ამიტომ გადაწყვიტა დავით სიხარულიძემ წასვლა.

მოსალოდნელია თუ არა ახალი მუხროვანის ”ამბოხებები”?
- ახალ მუხროვანს არ ველოდები, მაგრამ თავდაცვის უწყებაში მორიგი საკადრო წმენდა შეიძლება განხორციელდეს და განსაკუთრებით ეს ეხება არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო მმართველობას.

საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს საკადრო წმენდა?
- ეს უკვე მეორე საკითხია, რაც ზოგადად სიტუაციაზე და მათ შორის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ჯარისადმი მიდგომა ხელისუფლებამ და განსაკუთრებით პრეზიდენტმა შეცვალა. მიხეილ სააკაშვილისთვის ჯარს ფუნქცია შეეცვალა.

თუ კი აქამდე პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯარი სავიზიტო ბარათი იყო და მუდმივად ამ სფეროში მიღწეულ წარმატებებზე საუბრობდა, ეს მითი აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაინგრა - მიშა სააკაშვილმა სავიზიტო ბარათი დაკარგა და მას პიარკამპანიებში ვეღარ გამოიყენებს, მისთვის ჯარი უინტერესო გახდა.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი - ჯარი აღარ განიხილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთ კომპონენტად. ჩვენ ამ ჯარით თავდაცვას ჯერ ჯერობით ვერ ვუზრუნველყოფთ. ჯარის ფუნქცია ამ მხრივაც შესუსტებულია.

პრეზიდენტ სააკაშვილის აზროვნებაში დღეს ჯარი უფრო მეტად საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს, ვიდრე, მოგების მნახველ საშუალებას. ამიტომ მას ურჩევნია ჯარი ახალაიას საშუალებით მკაცრი კონტროლის ქვეშ ჰყავდეს, ვიდრე იქ დანიშნოს ვინმე პროფესიონალი და ჯარი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ, ძლიერ სუბიექტად.

ამ შემთხვევაში, სააკაშვილმა ჩემი აზრით საბედისწერო, მისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი შეცდომა დაუშვა. თუ კი აქამდე მთავრობაში გარკვეული პოლიტიკური ბალანსი არსებობდა, მაგალითად ვანო მერაბიშვილს აბალანსებდა ჯერ ირაკლი ოქრუაშვილი, შემდეგ დავით კეზერაშვილი, მერე დავით სიხარულიძე, ახლა ეს ბალანსი დაირღვა - თავდაცვის უწყებაში მოვიდა კადრი, რომელიც ვანო მერაბიშვილის დაქვემდებარებაშია.

შესაბამისად, ორი მონსტრი ძალაუფლების მქონე უწყება, მთლიანად მერაბიშვილის ხელში გადავიდა, რითაც მერაბიშვილი ფაქტობრივად ძალოვანი უწყების უკონკურენტო ხელმძღვანელი გახდა. ესაა სააკაშვილის მორიგი, ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც ვიმეორებ, თავად მისთვის შეიძლება აღმოჩნდეს საბედისწერო - რომ დადგეს პოლიტიკური მომენტი, სააკაშვილის წასვლა-არწასვლის შესახებ, შეიძლება სააკაშვილი თავად გახდეს მერაბიშვილის ხელში არსებული ძალაუფლების მსხვერპლი და მძევალი. presa.g
ნანახია: 780 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]