20:35
18:41 03.09.09 - თავისუფალი ზონების ინდუსტრიული კრახი
[ეკა ბაქრაძე]
საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მითი თანდათან იმსხვრევა. ამჟამად ქვეყანაში თიზ-ი ქუთაისსა და ფოთში მოქმედებს, თუმცა მათი ნამოქმედარი არც ამ ქალაქებს ეტყობა და არც თავად ინდუსტრიულ ზონებს.

რეალობა ასეთია: ქუთაისში არავითარი ეკონომიკური ძვრა არ შეინიშნება, ხოლო ორწლიანი მუშაობის ფონზე ფოთში სიტუაცია გაუარესდა, ტვირთების რაოდენობამ იკლო, ხოლო თიზ-ში ახალი სამუშაო ადგილები თვალითაც არავის უნახავს.

ფოთის პორტი, ფინანსური კრიზისის გამო, წლევანდელი გეგმის შესრულებას რომ ვერ ახერხებს, პორტის ადმინისტრაციაშიც აღიარებენ. პორტის კომერციული დირექტორის ედუარდ მაჭავარიანის განცხადებით, კრიზისის შედეგად ტვირთბრუნვა 20-25%-ით შემცირდა. მისივე თქმით, წლის მეორე ნახევარში მდგომარეობის გამოსწორება შეინიშნება, თუმცა დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულება მაინც ვერ მოხერხდება.

ფოთის პორტი წელს 8 მილიონი ტონა სხვადასხვა სახეობის ტვირთის გადაზიდვას გეგმავდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პორტმა მხოლოდ 2,7 მილიონი ტონა ტვირთი გადატვირთა, მაშინ როცა შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 4,1 მილიონ იყო.

უკვე მერამდენედ გადაიდო, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში ეგვიპტური ტექნიკის გამოშვება. მთავრობაში იმედოვნებდნენ, რომ კომპანია “ფრეში” ტექნიკის პირველი პარტიის ექსპორტს აგვისტოს შუა რიცხვებში განახორციელებდა.

ვადები შეიცვალა, ამჯერად “ფრეშ ჯორჯია” გაზქურების, გამათბობლების და საოჯახო მოხმარების სხვა პროდუქციის გამოშვებას ორ კვირაში დაიწყებს. თანაც, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა ქართულ ბაზარზე არ გაიყიდება. რატომ იუარეს ეგვიპტელებმა ადგილობრივი ბაზარი ამაზე კომენტარს არავინ აკეთებს.

“ჯორჯიან ინტერნეიშენელ ჰოლდინგის” ხელმძღვანელის მიხეილ თიგიშვილის განცხადებით, პროდუქცია საქართველოზე გათვლილი არ არის და 52 ქვეყანაში, უკვე ათვისებულ ბაზრებზე გაიყიდება.

ეკონომისტ შოთა გვენეტაძეს დღევანდელ პირობებში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარება და ამ ზონებში მოცულობითი ინვესტიციის ჩადება, რაზეც დღეს არის საუბარი, არარეალურად მიაჩნია.

- “არ ვიცი, რას ეყრდნობა ხელისუფლება, როცა ამხელა ინვესტიციის შემოსვლაზე საუბრობს. ქვეყანაში პატარა ინვესტიციებიც კი ძნელად შემოდის, ან სულაც არაფერი შემოდის. შესაძლოა, ხელისუფლებასთან დაახლოებული რაღაც ინვესტიციები მართლაც შემოვიდეს ქვეყანაში. თუმცა, იმ მაშტაბის, რაზეც დღეს არის საუბარი, ეს უფრო პიარია”, - აცხადებს გვენეტაძე.

ეკონომიკურ ექსპერტს, დავით ნარმანიას ქუთაისისთვის უდიდესი სამრეწველო ქალაქის სტატუსის დაბრუნება თავიდანვე აეჭვებდა. მისი აზრით, არსებობს სამი მიზეზი, რის გამოც ეგვიპტური “ფრეში” ქუთაისში ვერანაირ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ვერ შექმნის.

- “დავიწყოთ იქიდან, რომ აღნიშნული კომპანია საშუალო სიდიდისა და აქტივების მქონეა და მას ინდუსტრიული ზონისთვის საჭირო რესურსი ნამდვილად არ გააჩნია. მეორე - ეკონომიკური კრიზისის დროს ინვესტირება ნაკლებად ხდება და მესამე - საქართველო მეტად არასტაბილური ქვეყანაა იმისათვის, რომ ვინმემ ამხელა ინვესტიცია განახორციელოს”, - აცხადებს ნარმანია.

მიუხედავად სავალალო გამოცდილებისა, მთავრობა და ებრაელი ინვესტორი თბილისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა მაინც ომახიანად აპირებს. თბილისური თიზ-ის მშენებლობა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

ამჟამად ებრაული კომპანია “ტერა ერთი”, რომელიც თბილისში აეროპორტის ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აშენებას აპირებს, ეკონომიკის სამინისტროსგან ლიცენზიის მიღებას ელოდება.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა “ტერა ერთს” 300 მილიონი დოლარი დაუჯდება. თიზ-ი 10 ჰექტარ ფართობზე აშენდება და მასში, ძირითადად, მძიმე მრეწველობის პროდუქციის წარმოება იგეგმება. presa.ge
ნანახია: 944 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]