12:15
მარტოობითვის განწირული ყოფილი ფავორიტი

10:15 07.07.09 - მარტოობითვის განწირული ყოფილი ფავორიტი


[როზი ჯღამაია]
მსოფლიოს ორი ზესახელმწიფოს ლიდერების შეხვედრას მთელი მსოფლიო ინტერესეით ადევნედა თვალს. საქართველოში ამ შეხვედრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მარტივი მიზეზით აიხსნებოდა - ირანის, ავღანეთის, კორეისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვის ფონზე, მოექცეოდა თუ არა საქართველო ობამა-მედვედევის ყურადღების არეალში.

შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე, ქართველი ექსპერტები ფრთხილ პროგნოზებს აკეთებდნენ და გვირჩევდნენ, განსაკუთრებულ მოლოდინები არ შეგვექმნა. ხელისუფლება ბევრად უფრო თამამი იყო პროგნოზებში და აცხადებდა, რომ დიდ მეგობარი არ გაწირავდა პატარა საქართველოს.

უნდა ითქვას, ობამას მიერ შეხვედრაზე საქართველოს თემის წამოწევა, ამერიკის მხრიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, რეგიონში დისკრედიტირებული ქვეყნის მფარველობას კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს, რაც მართლაც დასაფასებელია, მაგრამ არა გადამწყვეტი.

ასე იყო თუ ისე, მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა. შეხვედრაზე, ამერიკის პრეზიდენტისგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის საკითხი ობამამ მართლაც დააყენა, მაგრამ ამ საკითხზე მედვედევთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

- ”ვერ ვიტყვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ყველა საკითხზე შეთანხმდნენ. ჩვენ გვქონდა გულწრფელი საუბარი იმ საკითხებზე, რომლებზეც კვლავ ვერ ვთანხმდებით. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს საკითხი და მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩემი მტკიცე რწმენა, რომ საჭიროა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა”, - შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ობამამ.

თუმცა, საქართველოსთვის მაინც დამაიმედებელი იყო იმის გაგება, რომ რუსეთი საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის განახლებას არ გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, შეხვედრაზე, ამ პოზიციას თავად რუსეთის პრეზიდენტიც დაეთანხმა, თუ შემდეგ არ გადათქვამს.

- ”ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ არავინ არის დაინტერესებული ახალ სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ უნდა გულწრფელად ვეცადოთ, რომ ეს უთანხმოებები მშვიდობიანად და კონსტრუქციულად მოვაგვაროთ”, - ამ მცირეოდენი კომენტარით დაადასტურა ობამამ საქართველოსთვის ომის საფრთხის თავიდან აცილება.

რამდენად ნასიამოვნები დარჩა ხელისუფლება ამ განცხადებებით ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს. თუმცა, პიარში კარგად გაქნილ მიხეილ სააკაშვილს არ გასჭირვებია ობამას განცხადებები საკუთარი პიარისთვისთვისაც გამოეყენებინა. სააკაშვილი მოსკოვურ შეხვედრას ლიტვიდან გამოეხმაურა, რომელმაც ამერიკის საქართველოსადმი მხარდაჭერა, თითქმის, საკუთარ მხარდაჭერასთან გააიგივა.

- ”ბოლო პერიოდებში ჩვენ გვესმოდა ჩვენი ბევრი თანამემამულისგან, რომელიც ბრმად იმეორებდა რუსეთის პროპაგანდის მიერ შემოგდებულ ტყუილს, თითქოს, საქართველო სრულ იზოლაციაშია და, რომ საქართველომ, მთავრობის გამო, დაკარგა დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა. ერთადერთი საკითხი და მთავარი განსხვავება, რომელიც გამოიყო ამერიკასა და რუსეთს შორის, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მხარდაჭერა”.

– ”ამერიკამ გამოხატა უპირობო მხარდაჭერა პირველივე შეხვედრაზე, სადაც ზოგადად, განსხვავებების აფიშირებას ერიდებიან. ვერ შეინარჩუნებენ ოკუპანტები ჩვენს ტერიტორიებს და ჩვენ დანარჩენი მსოფლიოს მხარდაჭერით გავიმარჯვებთ, თუ ვიქნებით ჭკუით, ერთად და არ გამოვუთხრით ძირს საკუთარ თავს”, - ამ სიტყვებით, მინიშნება შიდაპოლიტიკურ უთანხმოებაზეც გააკეთა სააკაშვილმა.

შეხვედრის პირველი დღე ისე დასრულდა, ზოგადი განცხადებების გარდა, კონკრეტულ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მორიგი დღე უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ამერიკა-რუსეთის სამომავლო გეგმებზე.

რაც შეეხება საქართველოს, საკამათოც არაფერია, რომ ქვეყანამ უკვე დაკარგა ბევრი პრივილეგია და მისი ბედი კავკასიაში უკვე ჩვენგან დამოუკიდებლად წყდება. ექსპერტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას ეჭვის თვალითაც კი უყურებენ. ამერიკა და დანარჩენი ცივილური სამყარო, ჯერჯერობით, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება ხვალ.

ამ შეხვედრაზე, არც ობამას დაუკონკრეტებია რა მექანიზმებით აპირებს ამერიკა გადაათქმევინოს რუსეთს მის მიერ, უკვე აღიარებული რეგიონების დამოუკიდებლობა. გაეროს უშიშროების ბოლო სხდომა სასიკეთო პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. პან გი მუნმა, რეზოლუციაში აფხაზეთის საქართველოს გარეშე დაფიქსირება, ფაქტის დაფიქსირებად აღიარა. ფაქტი კი ისაა, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

ექსპერტები და პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ვინც უნდა იყოს, ათეული წლები დასჭირდება, რომ ოსები და აფხაზები შემოირიგოს. თუმცა, არავინ იცის რა მოხდება ამ ხნის განმავლობაში. ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებს შორის, გარიგებაში, საქართველო სახურდაო მონეტა იქნება.

დასავლეთისთვის კავკასია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ დასავლეთი კავკასიას არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს რუსეთს. თუმცა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და კავკასიის რეგიონში დასავლეთის ფეხის მოკიდება ერთი და იგივე არ არის.

მხარდაჭერა და ცვალებადი რეალობა
მხარდაჭერაში, საქართველოს ტერიტორიული საკითხის გარდა, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაც იგულისხმება, რაც თავად დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია. ექსპერტთა ერთი ნაწილი ეჭვობს, რომ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, საქართველოს შესაძლოა, ახალ რეალობასთან შეგუება მოსთხოვონ. ამით, დასავლეთი რუსეთს კოჭს გაუგორებს, რადგან მისთვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მნიშვნელოვანი კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტებაა.

ამერიკიდან დაბრუნებული ირაკლი ალასანია ამბობს, რომ მას შეხვედრები ჰქონდა იმ პირებთან, ვინც ობამა-მედვედევის შეხვედრის დღის წესრიგზე მუშაობდა. ალასანია დარწმუნებულია, რომ ალიანსის გაფართოება და საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება დასავლეთისთვის პრინციპული საკითხია და ამ მხრივ, ამერიკა დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

თუმცა აქ არის ერთი დეტალი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს. რუსეთს აფხაზეთსა და ოსეთზე მეტად, საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება აშფოთებს. მას კავკასიაში დასავლეთის გაბატონება აშინებდა და ამის არდასაშვებად მოაწყო საკუთარი ”უძლეველობის” დემონსტრირება აგვისტოს ომით. ამდენად, თუ დასავლეთი კავკასიაში შემოვა, დიდი მნიშვნელობა არ ექნება მისთვის აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იქნება თუ დამოუკიდებელი.

ასე რომ, ესეც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის გადამწყვეტი. ყოველ შემთხვევაში, ახლა, რამის თქმა მაინც რთულია და დასავლეთი თუ რუსეთი, ამაზეა დამოკიდებული ყველაფერი.

ცუდი ისაა, რომ დასავლეთმა კავკასიაში საქართველოდან აქცენტები უკვე აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით გადაიტანა. როდესაც სააკაშვილი სომხეთის სტუმრობდა, იქედან ორდენით დაჯილდოებული დაბრუნდა. ბევრი ამას დასავლეთის სურვილს მიაწერს, მითუმეტეს, რომ დაჯილდოების ცერემონიალმა ოფიციალური მოსკოვი ლამის ისტერიაში ჩააგდო.

ერთი შეხედვით, სომხეთის პრეზიდენტის ამ საპასუხო ჟესტში (უფრო ადრე, ღირსების ორდენით სააკაშვილმაც დააჯილდოვა სომხეთის პრეზიდენტი) გასაკვირი არაფერი იყო, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორდენი მთლად უანგაროდაც არ ყოფილა გაცემული. სააკაშვილმა სომხეთს ჯავახეთიდან მთიან აჭარამდე გზის გაყვანაზე თანხმობა საბოლოოდ მისცა. ეს სომხეთისთვის ზღვაზე გასასვლელია, მაგრამ ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, ამ გზას ვინ გამოიყენებს, დასავლეთი სომხეთის გადმოსაბირებლად თუ, რუსეთი ზღვაზე გასასვლელად.

ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სომხეთი მას აუცილებლად გამოიყენებს, მაგრამ სავაჭროდ. საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, სომხეთი საკუთარ ეროვნული ინტერესებს არ დააზიანებს. ანალოგიურად იმოქმედა აზერბაიჯანმაც, რომელმაც ნაბუქოს პროექტში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა, მაგრამ რუსეთს უკვე მიყიდა გაზის მარაგების დიდი ნაწილი.

ერთიც და მეორეც, საკუთარ მომავალზე ზრუნავს და მომავალში ვინ ვის გვერდით დადგება რთული სათქმელია. ამ ყველაფერში მთავარი ისაა, რომ რეგიონში, საქართველო უკვე აღარ არის მთავარი მოთამაშე და ლიდერი.

ჯერჯერობით, თავი შეიძლება იმით დავიმშვიდოთ, რომ რუსეთი საქართველოზე გასალაშქრებად არ ემზადება. თუმცა, როგორ დალაგდება სიტუაცია წინასწარ პროგნოზირება ექსპერტებსაც უჭირთ. საქართველოს მთავრობას ერთადერთი გამოსავალი და რესურსი აქვს - დემოკრატიისკენ სწრაფვა, რამაც ქვეყანას, შესაძლოა, კვლავ აღუდგინოს ლიდერის პოზიციები კავკასიის რეგიონში. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში. მსოფლიო გიგანტები რომ არასტაბილურ საქართველოს თავისტკივილად არ გაიხდიან, ამაზე, ალბათ, კამათიც არ ღირს. presa.ge

ნანახია: 812 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]