12:19
ქართველი პოლიტპატიმრის ოჯახი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს აქციით დახვდება
16:11 06.07.09 - 119 ქართველი პოლიტპატიმრის ოჯახი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს აქციით დახვდება

[ნინო მიქიაშვილი]
სახალხო დამცველის ოფისში საქართველოში არსებული პოლიტპატიმრების ოჯახების წევრები შეიკრიბნენ და ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება მოითხოვეს მანამ, სანამ საქართველოს საქმიანი ვიზიტით აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ბატონი ბაიდენი სტუმრად ეწვევა.

თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, ისინი დახმარებისთვის უშუალოდ ბაიდენს მიმართავენ. ამ აქციას რა ფორმა ექნება, ამას ჯერჯერობით საჯაროდ არ აკონკრეტებენ.

პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბნენ, არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია ”კანონი ხალხისთვის” თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით. როგორც მან განმარტა, პოლიტპატიმართა რიცხვი 9 აპრილამდე 30 ადამიანს არ აღემატებოდა და დღეის მდგომარეობით საპყრობილეებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში 119 პატიმარია, რომელთა შორის 31 ადმინისტრაციულ სახდელს იხდის.

- ”პოლიტპატიმართა რიცხოვნობა სამი წყაროსგან დავადგინეთ: ოჯახები, ადვოკატები და პოლიტიკური პარტიები. 9 აპრილის შემდეგ საქართველოში პოლიტპატიმართა რიცხვი გაოთხმაგდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში მე არ მახსოვს ასეთი რიცხოვნობის არაადამიანური, არაქართული რეპრესიები”, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

დღევანდელ ღონისძიებაზე პოლიტპატიმართა სიაც იყო წარმოდგენილი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის პატიმრობაში არიან: შალვა რამიშვილი (ჟურნალისტური საქმიანობის გამო), ნორა კვიციანი (ძმის გამო), მერაბ რატიშვილი (მეგობრობის, კრიტიკული პოზიციის ქონის და თავისუფალი მეწარმეობის გამო), ლუკა რამაზაშვილი (მეგობრობის, კრიტიკული პოზიციის ქონის და თავისუფალი მეწარმეობის გამო), ომარ ქუცნაშვილი (შვილის გამო, ასევე კრიტიკული პოზიციის ქონის და თავისუფალი მეწარმეობის გამო), ილია ანანიძე (ძმის გამო), ზურაბ შალიკიანი (მამის გამო).

2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დღემდე საპყრობილეში არიან დავით ტატიშვილი და ილია წურწუმია. პოლიტპატიმართა სიის მიხედვით, ექსპერტებიდან და სამხედრო პირებიდან, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები არიან ვახტანგ მაისაია, ბესიკ ობოლაძე, კობა კობალაძე, ლევან ამირიძე, მალხაზ გველუკაშვილი და ლაშა ჩხენკელი.

პოლიტპატიმართა ერთიან სიაში არსებული მონაცემებით, დღეისთვის კონსერვატორების წევრობის გამო 4 ადამიანია დაპატიმრებული; ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებული ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრობის გამო - 3 ადამიანი; იგორ გიორგაძის მომხრეობის გამო - 12 ადამიანი; ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” - 5 ადამიანი; ”ეროვნული ფორუმის” წევრობის გამო - 3 ადამიანი; რესპუბლიკური პარტიის წევრობის გამო- 8 ადამიანი.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფებს, 31 კაციდან 7 არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები არიან; 1 ადამიანი - სალომე ზურაბიშვილის ”საქართველოს გზიდან” არის; 5 - ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიული მოძრობა - ერთიანი საქართველოდან”; 7 - ოქრუაშვილის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოდან”; 3 - ”ახალი მემარჯვენეებიდან”; 2- ”კონსერვატორებიდან”; 5 - კონსტანტინე გამსახურდიას ”თავისუფლებიდან” და 1 - რესპუბლიკური პარტიიდან.

როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე ითქვა, დაკავებულთა უმეტესობა ნარკოტიკული ნივთიერების, იარაღის შეძენა-შენახვის და ფინანსური დანაშაულის გამოა ბრალდებული. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები როგორ და რა ფორმით წარდგებიან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის წინაშე.
presa.g
ნანახია: 962 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]