11:15
”დემოკრატიული ქვეყნის იმიჯის” ფორმები იზღუდება


23:42 07.07.09 - ”დემოკრატიული ქვეყნის იმიჯის” ფორმები იზღუდება

[თამარ ციხისელი]
საკნებით გადაკეტილი რუსთაველის გამზირი, ფერადი საპროტესტო წარწერებით გაფორმებული პრეზიდენტის რეზიდენციისა და კანცელარიის შენობის კედლები, პარლამენტის წინ დამონტაჟებული ოპოზიციის ტრიბუნა – ეს ყველა ის ატრიბუტია, რაც ერთი შეხედვით საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს უქმნის.

ხელისუფლების მიმართ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საშუალება ”ვარდების რევოლუციის“ ავტორებს, უკვე აღარ მოსწონთ. მათ აკრძალვების კანონპროექტიც შეიმუშავეს, რომელიც არა თუ კრძალავს პროტესტის ზემოთ ჩამოთვლილ ფორმებს, არამედ პოლიციას დაუკანონებს მშვიდობიანი მომიტინგეების დასარბევად ყველა აქამდე აკრძალული, თუ დაშვებული იარაღის გამოყენებას.

ცვლილებები უნდა შეეხოს მანიფესტაციების, პოლიციის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს. ცვლილებების მიხედვით საპროტესტო აქციისას გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ აქციაზე ამისთვის საჭირო რაოდენობის ხალხი შეიკრიბება. აკრძალვები დაწესდება ქუჩის რაიმე კონსტრუქციებით თუ სატრანსპორტო საშუალებით გადაკეტვას დაკავშირებითაც.

“პოლიციის შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საპროტესტო აქციების დაშლისას სამართლადამცველს უფლება ეძლევა “არალეტალური იარაღი” გამოიყენოს, რაც, როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ყველა ის იარაღია, რომელიც სიცოცხლისთვის უსაფრთხოა და საერთაშორისო ნორმებით დაშვებულია.

“ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის” პროექტით კი პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ნაცვლად ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობისა, სამთვიანი პატიმრობით ისჯება. ამასთან, იკრძალება ადმინისტრაციულ შენობებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე წარწერების გაკეთება. იზრდება ჯარიმა აქციის გამართვის წესების დარღვევისთვის როგორც მონაწილის მიმართ, ისე ორგანიზატორის მიმართ და სხვა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს არასაპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური რეპრესიების დაწყების რეალურ საშიშროებად აღიქვამს. კანონპროექტის ავტორები არიან ლაშა თორდია, პავლე კუბლაშვილი და მურთაზ ზოდელავა. კანონპროექტთა პაკეტს პირველი მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტებმაც განიხილა.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ დახმარებისთვის უცხოელ დიპლომატებს მიმართა. სასტუმრო “ამბასადორში” გამართულ შეხვერდაზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა მმართველი პარტიის ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვენ, ჩაერიონ ამ პროცესში, რათა ”არ დაუშვან საქარათველოში დიქტატურის დამყარება“.

ხელისუფლებამ თუ არ დატოვა არჩევნებამდე მისასვლელი ცივილიზებული გზები, ეს გამოიწვევს ხალხის აფეთქებას, - ასეთი განწყობით მივიდა “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი სასტუმრო ”ამბასადროში“ უცხოელ დიპლომატებთან შეხვერდაზე.

ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ რამდენიმე კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებს მწვავე რეაქცია ექნებათ და ეს იქნება ნათელი სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ სააკაშვილი დიქტატურის დამყარებისკენ მიდის. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ასეთი ”დრაკონული“ ნორმების დაკანონებით ქვეყანა ფინანსურადაც დაზარალდება.

– ”ბევრი იქნება საქმე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება და ხელისუფლება აუცილებლად წააგებს. ასეთი ნორმები საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ არსებობდა. თუ ვინმეს წარმოუდგენია, საქართველო საბჭოთა ეპოქაში დააბრუნოს, ღრმად ცდება“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

”საქართველოს გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით საქართველო დიქტატურისკენ მიდის, ამიტომ იგი საჭიროდ მიიჩნევს პირადად მიაწოდოს ინფორმაცია აშშ–ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს, (რომელიც საქართველოში ორ კვირაში ჩამოვა), რომ ქართულ საზოგადიებას სურს დემოკრატია, თუმცა ხელისუფლებას დემოკრატიული მმართველობისთვის ყოვლად შეუფერებელი კანონების მიღება გადაუწყვეტია.

– ”ხელისუფლება, რომელიც მიტინგებით მოვიდა, აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა დაუშვებელია. ეს კანონპროექტი სპობს საშუალებას მოქალაქეებმა სამართლიანობისთვის იბრძოლონ. ეს კანონი ხელ-ფეხს უხსნის პოლიციას. ბევრი მუხლია, რომელიც ადამიანის სიტყვის და გამოხატვის, ასევე მანიფესტაციების უფლებას ზღუდავს“, - მიიჩნევს ”ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი მანანა ნაჭყებია.

”კონსერვატორების” ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა კი ხელისუფლების მხრიდან ინიცირებულ “მანიფესტაციების შესახებ” კანონში ცვლილებებს, “თვალის დათხრის შესახებ” კანონს უწოდებს. მისი თქმით, ყველას კარგად ახსოვს დავით ჩანტლაძე და ირაკლი ხუგუა, რომლებმაც აქციების დროს თვალი დაკარგეს.

– “ახლა მიიღებენ კანონებს “თვალის დაკარგვის შესახებ”, ეს არის მიჯნა, რის შემდეგაც მთავრდება ერთი პოლიტიკური ეტაპი და იწყება სხვა”, - აცხადებს კახა კუკავა.

ხელისუფლება არ აპირებს ოპოზიციას ”არაჯანსაღი ჟივილ-ხივილის“ ატეხვის შანსი მისცეს და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული ახლებური წესების ამოქმედებას მოგვიანებით გეგმავს,– ასე გამოეხმაურა არასაპარლამენტო ოპოზიციის პროტესტს კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი პავლე კუბლაშვილი.

მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტთა პაკეტის ამოქმედების ვადა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის და კანონპროექტთა პაკეტით განსაზღვრული წესები დედაქალაქში მიმდინარე დღევანდელ აქციებს არ შეეხება.

– ”არავინ აპირებს ოპოზიციის აქციების დარბევას განსაკუთრებით ახლა, “როდესაც მათ თავიანთი სახე უკვე აჩვენეს“, - ამბობს პარლამენტარი პავლე კუბლაშვილი.

არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩმა საქართველოში პატრიცია ფლორმა. მისი თქმით, ყველას აქვს შეკრებისა და პოზიციის გამოხატვის თავისუფლება და ეს უფლება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ევროკონვენციის ნორმებთან.

ამასთანავე პატრიცია ფლორმა აღნიშნა, რომ პარლამენტის ბლოკირება და მუშაობაში ხელის შეშლა მიუღებელია. presa.ge

ნანახია: 969 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]