11:24
რუსეთ-აშშ-ს ინტერესები პრაქტიკულად არსად არ ემთხვევა

20:48 07.07.09 -[ნინო ჯაფარიძე]
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მოსკოვში ვიზიტი საერთაშორისო საზოგადოების და მსოფლიო მედიის ყურადღება ცენტრშია. რამ განაპირობა ამ ვიზიტისადმი ასეთი ცხოველი ინტერესი? საბჭოთა კავშირ-ამერიკის რომელ ლიდერების შეხვედრას ჰგავს ის და როდის უნდა ველოდეთ, ან საერთოდ უნდა ველოდეთ თუ არა აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვას?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ იმაზე, რა შედეგი მოიტანა ობამა-მედვედევის და ობამა-პუტინის შეხვედრამ, რომელიც რუსეთის ფაქტობრივ პრეზიდენტად რჩება, არა დღეს და ხვალ, არამედ მოგვიანებით გამოჩნდება.

ობამას ვიზიტი მოსკოვში საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, რამ განაპირობა ასეთი ცხოველი ინტერესი?
- ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და რუსეთშიც შეიცვალა უმაღლესი ხელისუფალი. ცვლილების შემდეგ მოვიდნენ ახალი პრეზიდენტები, რომელთაც თან არ მოჰყოლიათ ის მძიმე ტვირთი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს აუარესებდა. ავღანეთის თემით დაწყებული, ნატოს გაფართოების, ირანის, ერაყის და რაკეტსაწინააღდმეგო სისტემების შემქნის თემით დამთავრებული.
თითქოს იქმნება ილუზია, რომ შესაძლებელი გახდა, როგორც ჩვენთან იტყვიან, ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება.

ბაიდენმა პირველმა უწოდა ამას ურთიერთობების “გადატვირთვა”. სინამდვილეში დღეს მსოფლიოს აინტერესებ უფრო სხვა რამ. პირველ რიგში კი, ის გამოწვევები, რომლის წინაშე დგას დღეს დასავლეთი. ეს არის იგივე ირანის პრობლემა, შესაძლებელი იქნება თუ არა აქ გარღვევა. მეორე გახლავთ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების გაგრძელება, რომელსაც ვადა 5 დეკემბერს ეწურება. კერძოდ ის, შესაძლებელი იქნება თუ არა უკვე შემცირება.

ობამას ბროლის ოცნებაა, შევიდეს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, როგორც პრეზიდენტი, რომლის დროსაც გადაიდგა ახალი სერიოზული ნაბიჯი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებისკენ. ეს საკითხი ამერიკელებს განსაკუთრებით აწუხებთ.

ყველაფერმა ამან, განაპირობა ეს ინტერესი და რასაკვირველია პრესამ. დასავლურმა, ამერიკულმა, რუსულმა, რომელიც ყოველმხრივ ცდილობდა, რომ ეს შეხვედრა რაღაც ზეპოლიტიკურ მოვლენად ექციათ.

ყველა ამ საფრთხის და შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ობამა-მედვედევის შეხვედრა, ამერიკა-საბჭოთა კავშირის ლიდერების რომელ შეხვედრას შეიძლება შევადაროთ?
- ბრეჟნევის ვიზიტს ამერიკაში, პრეზიდენტ ნიქსონის დროს. ფაქტობრივად, სწორედ მაშინ დაიწყო პროცესი, რომელიც დიპლომატიის ისტორიაში შევიდა “დეტანტის” (détente), ანუ გარღვევის სახელწოდებით და რაც ურთიერთობების დათბობით და განიარაღების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებით დასრულდა.

შეიძლება შევადაროთ ასევე ვლადივასტოკში გამართულ პრეზიდენტ ფორდისა და ბრეჟნევის შეხვედრას.

რაც შეეხება ორი ქვეყნის ურთიერთობას, ამ თვალსაზრისით შეიძლება შედარება იმ პერიოდთან, როდესაც შედგა ხრუშჩოვის ისტორიული, 15 დღიანი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ვიზიტს თან ახლდა სკანდალებიც, იუმორიც. ეს იყო ვიზიტი, რომელმაც ამერიკელებს საშუალება მისცა, პირველად გაეცნოთ ახლოს საბჭოეთის პირველი პირი. ვინაიდან სტალინი, რომლის დროსაც დაიწყო ეს ურთიერთობა, ისე გარდაიცვალა, აშშ-ში არ ჩასულა. შემდეგ იყო ხრუშჩოვის შეხვედრა კენედისთან ვენაში, რომელიც პრაქტიკულად ჩაიშალა და ყოველგვარი შედეგის გარეშე დასრულდა. და გორბაჩოვის შეხვედრების მთელი ციკლი, ჟენევაში, რეიკიავიკში. შეიძლება შევადაროთ ამ პერიოდსაც.

თუმცა ეს, შეხვედრები რეტროსპექტივში რომ განვიხილოთ, რატომღაც ისე აეწყო, რომ მოლოდინი ყოველთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე შედეგი. იგივე რეიკიავიკის შეხვედრა, პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა. ჟენევის შეხვედრა კი, შედეგიანი იყო.

რაც შეეხება ობამა-მედვედევის შეხვედრას?
- ამ შეხვედრის რეალურ შედეგზე 3-4 დღის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ.

ეს მედვედევ-ობამას პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. პირველ შეხვედრებზე ხელშესახები შედეგები რამდენად მიიღწევა ხოლმე?
- პირველი ოფიციალური შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ხვდებიან და ნულიდან იწყებენ რაღაცაზე საუბარს. მაგალითად, ერთი თვეა რაც მოსკოვის მახლობლად, სამთავრობო აგარაკზე ამერიკელ და რუს ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს. მათ მოამზადეს დოკუმენტები ხელმოსაწერად. ყოველთვის ასე ხდება. ამიტომაც არის, რომ ექსპერტები ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ დიპლომატიურ გარღვევას არ მოელოდნენ. რადგან ექსპერტთა ჯგუფებმა ფაქტობრივად მხოლოდ ერთ საკითხზე მოახერხეს დოკუმენტების მომზადება ხელმოსაწერად - ეს გახლავთ ავღანეთში ნატოს არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედრო ტვირთების ტრანზიტი რუსეთის გავლით.

გარდა ავღანეთისა, კიდევ სად ემთხვევა რუსეთ-აშშ-ს ინტერესები?
- პრაქტიკულად არსად არ ემთხვევა. იგივე სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვაშიც კი, ემთხვევა მხოლოდ თეორიულად. მაგრამ როდესაც უკვე დეტალებზე დაიწყება საუბარი, სად რამდენი რაკეტა უნდა შემცირდეს, იქ უკვე შესაძლოა ბევრი “წყალქვეშა რიფები” გამოჩნდეს. ბირთვული შეიარაღების შემცირების პრობლემის მოგვარება მეტად რთულია.

საქართველოს თემა რა კონტექსტში შეიძლება აღმოჩენილიყო პრეზიდენტების საუბრის დღის წესრიგში?
- საქართველოს საკითხი განიხილებოდა იმ კონტექსტში, რომელიც ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი იყო, კერძოდ, ნატოს გაფართოების კონტექსტში. დღეს რუსეთის პოზიციაა და ეს პოზიცია დღითიდღე მკვეთრდება, რომ დადგა დრო, ნატოს ერთხელ და სამუდამოდ ააღებინონ ხელი გაფართოებაზე. აქ უკვე აღარ არის საუბარი ამ პროცესის გადადებაზე ან 20-25 წლით გაყინვაზე, არამედ იმაზე, რომ ნატოს გაფართოების საკითხი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას.

ნატო უკვე მოადგა ყოფილი საბჭოთა კავშირის და დღევანდელი რუსეთის საზღვრებს და კმარა! არავითარი უკრაინა, არავითარი საქართველო. ამერიკელებისთვის კი, ეს თემა დისკუსიის და კამათის საგანი არ არის. აქ აშშ-რუსეთის ინტერესები საერთოდ არ ემთხვევა და ეს საქართველოსთვის ხელჩასაჭიდია. და ის დახმარება, რომელსაც აშშ უკრაინასა და საქართველოს ნატოს მეშვეობით უწევს. იგივე “წვრთნისა და აღჭურვის”, ასევე “პარტნიორობა მშვიდობისთვის” ფარგლებში და ა.შ.

ნატოს გაფართოების თემა მეტად მტკივნეული იყო პუტინის რუსეთისთვის, მედვედევის მმართველობის პერიოდში ამ მიდგომის შეცვლა მოსალოდნელია? რუსეთში ვიზიტამდე ობამამ მიანიშნა, რომ მას სურს მედვედევის მმართველობის სტილი პუტინის სტილისგან გაიმიჯნოს.
- ეს შეუძლებელია. თვით დასავლეთში და აშშ-ში, არ ხდება, რომ ახალი ლიდერის მოსვლის შემდეგ 180 გრადუსით იცვლებოდეს საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ხოლო ამერიკის შემთხვევაში, ფასეულობები და ღირებულებები. ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ემთხვევა უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც არ იცვლება. ის მუდმივი, მყარი დოკუმენტია და მასში დროდადრო მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები შეაქვთ.

ამიტომ, მედვედევი, კოშმარულ სიზმარშიც ვერ გაბედავს გადაწყვეტილება შეცვალოს და თქვას, რომ ის შეეგუა ნატოს სწრაფვას გაფართოებისკენ.

გამორიცხულია ისიც, ობამამ თქვას, რომ ნატო უკვე საკმარისად გაფართოვდა და ეს პროცესი საჭირო აღარ არის. ამიტომ ეს საკითხი, კიდევ კარგახანს დარჩება ჰაერში გამოკიდებული.

გარდა მედვედევისა ობამა პუტინსაც შეხვდა. რუსულ პოლიტიკაში მისი ფიგურის მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლოა ეს შეხვედრები თანაბარი დონის შეხვედრად განვიხილოთ?
- ბუნებრივია, ეს თანაბარი დონის შეხვედრებია. პუტინმა და მედვედევმა ალბათ არაერთხელ გაიარეს რეპეტიცია, რომ საუბრისას, სასვენი ნიშნებიც კი, სხვადასხვა ადგილას არ დაესვათ. აქ უკვე, არა თუ კონცეპტუალური თვალსაზრისით არის თანხმობა, არამედ ყოფილი ფრაზა, წინადადება, შეთანხმებული იყო. ალბათ ისიც კი, წარბი სად შეეკრათ და სად უნდა გაეცინათ.

პუტინს არ ასვენებს კოშმარი, გარე სამყაროს ან რუსეთს არ დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ ის უკვე აღარ არის პირველი ვიოლინო.

მედვედევი შეგუებულია ამ აზრს, ჯერჯერობით. დღეს რუსეთში სხვა რეალობაა. პრემიერი არ არის უბრალოდ სამეურნეო ფიგურა, როგორც ეს იყო ვთქვათ კასიანოვის, ჩერნომრიდინის ან სხვა პრემიერის დროს. პუტინი გაცილებით მეტია, ვიდრე პრემიერი. პუტინი გახლავთ არაფორმალური პრეზიდენტი. ასეთი ტანდემი რუსულ პოლიტიკაში ადრე არასოდეს ყოფილა.

ეს შეხვედრები ნიშნავს თუ არა, რომ დასავლეთი აღიარებს ორი, პუტინის და მედვედევის რუსეთის არსებობას?
- ფაქტობრივად კი. უფრო ზუსტად, დასავლეთი აღიარებს პუტინის რუსეთის არსებობას და პრეზიდენტ მედვედევის არსებობას უფასო დანამატის სახით. მედვედევს ჯოჯოხეთური შრომა მოუწევს იმისთვის, რათა რუსეთს და დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ ის, არ არის “საქორწინო გენერალი”. presa.ge

ნანახია: 879 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]