19:35
პატიმრები ციხეში იხოცებიან, მაშინ როდესაც შეუძლიათ სული თავისუფლებაში დალიონ

საქართველოდან სტრასბურგში კიდევ ერთი საქმე გაიგზავნება. ამჯერად 14 ივნისს გარდაცვლილი პატიმრის, ჯემალ ვერულიძის ოჯახი საქართველოს სახელმწიფოს ევროკონვენციის მეორე მუხლის - სიცოცხლის უფლების დარღვევაში დასდებს ბრალს. ამის შესახებ პრესა.გე-სთან საუბრისას კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელმა დირექტორმა მანანა კობახიძემ აღნიშნა. 

ჯემალ ვერულიძე 2006 წლი 25 მარტს დააკავეს. სხვადასხვა დანაშაულთა ერთობლიობით, მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პატიმრობის 3 წლისთავზე კი ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. გარდაცვალების ცნობაში სიკვდილის მიზეზად ტუბერკულიოზია მითითებული. მანანა კობახიძის განმარტებით, ვერულიძე საპატიმროში ისე შევიდა, რომ ტუბერკულიოზით დაავადებული არ ყოფილა - ”ანუ, ის ამ 3 წლის განმავლობაში, პატიმრობის პერიოდში, ციხის პირობებში დაავადდა”.

პლუს ამას, კობახიძის თქმით, ჯემალ ვერულიძეს საპატიმროში შესვლისას, შუბლ-თხემის არეში საკმაოდ მძიმე ჭრილობა - ქალა-ტვინის ტრავმული დაზიანება ჰქონდა მიღებული, რის გამოც ურთულესი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა (თუმცა, ოპერაციის დროს თავის არედან ერთი ტყვიის ამოღება ვერ მოხერხდა), რის გამოც ფსიქიური დაავადება განუვითარდა.

- ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი ამ საქმეში ოჯახის თხოვნით მაშინ ჩაერთო, როცა ჯემალ ვერულიძე უმძიმეს მდგომარეობაში იყო და რამდენიმე დაავადება აღენიშნებოდა. ერთობლიობაში მისი ყველა დიაგნოზი იმის საშუალებას იძლეოდა, რომ არაფერი ვთქვათ მხოლოდ ტუბერკულიოზზე, არა თუ სასჯელის გადავადება, არამედ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, ვინაიდან იმ სტადიის ტუბერკულიოზით, რომელიც მას ჰქონდა, ჯანდაცვის სამინისტროს ნომერ 72 ბრძანების თანახმად, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას ექვემდებარება”, - გვითხრა მანანა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, დაახლოებით 8 განცხადებით მიმართეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და იმ საპატიმროების ხელმძღვანელებს, სადაც ვერულიძე იმყოფებოდა. განცხადებაში ადვოკატი და ოჯახი ითხოვდნენ ადეკვატურ მკურნალობას, გამოკვლევებს - ”ამაზე გვპასუხებდნენ, თავად ჩაატარეთო. ოჯახი მზად იყო თავისი ხარჯებით ექსპერტიზა დაენიშნა, მაგრამ პატიმარი ისე გარდაიცვალა, რომ ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოვასწარით, იმის გამო რომ ამ წერილების მიწერ-მოწერას და ბიუროკრატიულად ამ საქმის ორგანიზებას სამწუხაროდ, თვეები სჭირდება”.

ამასთან, არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა (608-ე მუხლი), რომლის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვალდებულია სასამართლოს თავის ინიციატივით მიმართოს და ჯემალ ვერულიძისმაგვარი მძიმე პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლება, ან სასჯელის გადავადება მოითხოვოს.

- ”ბოლო წლებში ასეთი შემთხვევა ორჯერ გვქონდა. ერთი იყო მიმინოშვილის შემთხვევა, მეორე - დოლიძის, მაგრამ ეს იყო საქმეები, როდესაც პატიმრები ევროსასამართლოს უშუალო მითითებითა და ჩარევით გაათავისუფლეს. იმ დასკვნამდე მივედით რომ, თუ პატიმარს მხარდაჭერა უშუალოდ ევროსასამართლოსგან არა აქვს, ის ციხის პირობებში სიკვდილისთვისაა განწირული. ამ 2 შემთხვევის გათვალისწინებით ევროსასამართლოს იმედი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯემალ ვერულიძესთან მიმართებაში ესეც ვერ მოვასწარით.

- ”ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შარშან საქართველოში 19’000-მდე პატიმარი იყო და როგორ ფიქრობთ, 19’000-ს პატიმარში მძიმე და განუკურნებელი სენი მხოლოდ 2 ადამიანს ჰქონდა? ტუბერკულიოზით დაავადებული ვერულიძე სპეციალიზირებულ კლინიკაში მოათავსეს, მაგრამ ბოლო მომენტში. 21-ე საუკუნეში ადამიანები ტუბერკულიოზით არ უნდა იხოცებოდნენ”, - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე - აყენებთ თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხს? კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელმა დირექტორმა მოგვივო:
”ჩვენი შიდა კანონმდებლობით რთულია კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენო, მაგრამ ევროკონვენციის სტანდარტებით, ვერულიძის შემთხვევაში სახელმწიფომ პოზიტიური ვალდებულება დაარღვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო ვალებულია მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პატიმარი უზრუნველყოს ადეკვატური მკურნალობით. ჯემალ ვერულიძის ოჯახს დიდი სურვილის აქვს ევროსასამართლოს მიმართოს. ჩვენ სარჩელის მომზადებას ვაპირებთ. შიდა მექნიზმები აბსოლუტურად უმოქმედო და არაეფექტურია. ვიმეორებ, ადამიანი, რომელიც მკურნალობას რეალურად საჭიროებდა და მკურნალობასთან ერთად, მისი დიაგნოზი სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი იყო, პატიმრობაში გარდაიცვალა. ეს ნიშნავს იმას რომ უბრალოდ პატიმრები ციხეში იხოცებიან, მაშინ როდესაც კანონი მათ აძლევთ საშუალებას სული თავისუფლებაში დალიონ”.
 presa.ge12:50 08.07.09 - [ნინო მიქიაშვილი]

ნანახია: 1321 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]