02:18
დავით ამირეჯიბი - პუტინმა ობამა კრემლის პოლიტსამზარეულოში ჩაახედა და მიანიშნა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის დათმობას არ აპირებს
აშშ-ს პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ობამა-მედვედევისა და ობამა-პუტინის შეხვედრების პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებზე პიროვნული და კომუნიკატიური რესურსების ცენტრის ხელმძღვანელს, ფსიქოლოგ დავით ამირეჯიბი საუბრობს.

- ბატონო დავით, ობამა მედვედევის შეხვედრა მოსკოვში დატვირთული ჩანდა სიმბოლოებით. გეკითხებით, როგორც ფსიქოლოგს, თქვენი აზრით, რა სიმბოლურ მესიჯებს ატარებდა ეს შეხვედრა?

- სიმბოლური ენა მედვედევთან და პუტინთან ობამას შეხვედრებისას განსხვავებული იყო. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა უფრო ფერთა სიმბოლიკით იყო დატვირთული, აქ რუსეთის დროშის ფერები ფიგურირებდა - ლურჯი კოსტიუმები, წითელი ჰალსტუხები, თეთრი პერანგები. 7 ივლისს წითელი ჰალსტუხები შეიცვალა ლურჯით. წითელი ფერი სიმბოლურად აღნიშნავს - ნებისყოფის ძალას, აქტიურობას, აგრესიულობას, შემტევითობას, ძალაუფლებას, სექსუალურობას, ლურჯი ფერი კი - სიმშვიდეს, კმაყოფილებას, სათნოებასა და ურთიერთგაგებას. წითელი ფერის ლურჯით ჩანაცვლება კი, იმის მანიშნებელია, რომ პირველი დღის აქტიურ, შემტევ დისკურსს მეორე დღეს ჩაენაცვლა უფრო მშვიდი, ზომიერი ხასიათის მქონე დიალოგის და ურთიერთგაგების სურვილი, გამოხატული ორივე პრეზიდენტის მიერ. პრეზიდენტების არავერბალური მესიჯით, სწორედ მტკივნეულ პრობლემათა ღია, დაუფარავი განხილვაა საწინდარი ერთმანეთის პოზიციათა ღრმა, მიუკერძოებელი გაგების და, სულ მცირე, კომპრომისული შეთანხმებების მიღწევის. მედვედევთან შეხვედრისას, ორი პრეზიდენტი ფერთა ერთ, კონგრუენტულ, (თავსებად) არავერბალურ ენაზე საუბრობდნენ.

- და რა იყო განსხვავებული ობამასა და პუტინის შეხვედრაში?

- პუტინმა ობამას თავს მოახვია ეკლეკტური, რუსულ-საბჭოური, უგემოვნო სიმბოლური კონტექსტი, რომელიც უფრო ფსიქოანალიზის ობიექტია, ვიდრე - პოლიტიკის. პუტინმა ობამას შესთავაზა, ჯერ სარკმლიდან შეეხედა რუსული, პოლიტიკური სამზარეულოსთვის, ასე ვთქვათ, შორიდან, ზემოდან და შემდეგ მიიპატიჟა კერძების დასაგემოვნებლად. ობამა მიპატიჟებული იყო არა დიალოგისთვის, არამედ - როგორც მაყურებელი და მისთვის უკვე წინასწარვე გამზადებული კერძების დამგემოვნებელი. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ პოლიტიკური სამზარეულოს მზარეულებს შორის არ იყო რუსეთის პრეზიდენტი. ასეთი იყო პუტინის პასუხი ობამას შორსმიმავალ განცხადებაზე, რომ პრეზიდენტის და პრემიერის ფუნქციები დემოკრატიულ სახელმწიფოში მკვეთრად უნდა იყოს დიფერენცირებული და პრემიერის საქმიანობა არ უნდა სცილდებოდეს კონსტიტუციით და კანონებით განსაზღვრულ ჩარჩოს.
ადვილი გამოსაცნობია ჩარჩოდან გამოსვლის და ფუნქციათა გადამეტების რა შედეგებზე ხდება მინიშნება, თუნდაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა აქტუალურ კონტექსტში.

- რა სიმბოლური მესიჯები იყო განკუთვნილი ობამასთვის პუტინის სამზარეულოდან?

- უპირველესი მესიჯი თვითონ პოლიტსამზარეულოა, - შეფ-პოვარი და მზარეულთა შემადგენლობა. მეორე მესიჯია - სამზარეულოს ატრიბუტი - პუტინისეული პოლიტიკის სამოვარი (თვითმხარში). სამოვარს ახურებს ივანუშკა, სავარაუდოდ, ცხინვალიდან ან ახალგორიდან, სტუმრისთვის საგანგებოდ ჩამოტანილი და გაპრიალებული რუსული ჩექმით.

- რა პოლიტიკური ჩაი დუღდება ამ სამოვარში?

- მაგიური ნაყენი - უკვდავების ელიქსირი საბჭოთა ელიტებისთვის, ივანუშკებისთვის. სწორედ ასეთი ნაყენის სმის შედეგია უკვდავი საბჭოთა ელიტა. შევარდნაძის ჩაიც ამ სამოვარში დუღდებოდა. გაიხსენეთკარელ ჩაპეკის პიესა „მაკროპულოსის საშუალება", სადაც მოთხრობილია ელინ მაკროპულოსის შესახებ, რომელმაც დალია მამამისის, იმპერატორ რუდოლფ II-ის მკურნალი ექიმის მიერ დამზადებული ელიქსირი და გახდა უკვდავი. ეს პიესა იანაჩეკმა დადგა ოპერაში, ხოლო ლენინმა და სტალინმა მსგავსი პიესა, ტროცკის იდეების გამოყენებით, დადგეს საბჭოთა პოლიტიკურ სცენაზე.

- თქვენ პოლიტიკურ უკვდავებაზე საუბრობთ?

- საბჭოთა ელიტისთვის, ივანუშკათა კომუნისთვის უკვდავების ელიქსირი ხელისუფლების პერმანენტული ფლობაა. ჩაპეკი ყვება უკვდავებაზე პიროვნებისთვის და მოყირჭებულ სიცოცხლეზე, როდესაც, უკვდავების ფონზე, აზრს ყველაფერი კარგავს. საბჭოთა წყობა, კომუნიზმი არის უკვდავება არა ინდივიდებისთვის, არამედ - სახეობისთვის. ამ პოლიტიკური სახეობის გადარჩენის ბიოლოგიური პრინციპი საიდუმლო ხელისუფლების პერმანეტული ფლობა. ხელისუფლებას პერმანენტულად ფლობენ, არა მოკვდავი პიროვნებები (მეფეები, პრეზიდენტები) არამედ - უკვდავი სტრუქტურა, კომუნა. სწორედ საბჭოთა კომუნამ დაგმო მოკვდავი პიროვნების კულტი და აღიარა უკვდავი „ყველას" მმართველობა. ასე ებრძვის უკვდავი საბჭოთა ქართული ელიტაც ურჩ პრეზიდენტებს, მეთოდით - „ყველა მინუს ერთი".

- მაგრამ შევარდნაძის ჩაი მიშამაც ხომ დააგემოვნა?

- სააკაშვილმა დააგემოვნა ეს ნაყენი ვარდით ხელში, მაგრამ ძნელი სათქმელია, რა წყურვილი ამოძრავებდა მაშინ, სითხის, თუ - უკვდავების. ფაქტია, რომ ცხინვალში, სოხუმსა და მოსკოვში რუსული ჩექმა ახურებს სამოვრებს უკვდავების ელიქსირით რუსული, ქართული, აფხაზური, ოსური საბჭოთა ელიტებისთვის - მალე შევალთ კომუნიზმში!
- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდა ობამა-მედვედევისა და ობამა-პუტინის ფსიქოლოგიური ორთაბრძოლა და რუსეთის მხრიდან საქართველოს მისამართით რა ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ?

- ობამას განცხადებაზე საქართველოს შესახებ მედვედევმა დუმილით უპასუხა, ეს დუმილი შეავსო პუტინის სამზარეულოს სიმბოლურმა ტექსტმა, ვერბალური ტექსტის შესახებ ცნობები არ მაქვს. ვიზიტის მთავარი შედეგი ის არის, რომ დემოკრატიული ქვეყნის ინტელექტუალი პრეზიდენტი მოხვდა საბჭოთა პოლიტსამზარეულოს სურეალურ გარემოში.

ვფიქრობ, ეს გამოცდილება მას მისცემს საშუალებას, უკეთ ჩაწვდეს საბჭოთა, ელიტარულ ირაციონალურ სამყაროს და მონახოს მასთან ურთიერთობის რაციონალური, მათ შორის ფსიქოანალიტიკური გზები და ენა. მოსკოვი აშშ-სთან ურთიერთობაზე უარს არ ამბობს, მაგრამ მიანიშნებს, რომ რუსული პოლიტსამზარეულოში, სადაც საბჭოთა ელიტებისთვის უკვდავების ელიქსირი იხარშება, არაფერი არ შეიცვლება. პუტინმა ობამა კრემლის პოლიტსამზარეულოში ჩაახედა და მიანიშნა, რომ მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცის დათმობას, მასზე კონტროლისთვის ბრძოლაში უკან დახევას არ აპირებს. სწორედ ამის დასტურია მედვედევის ვიზიტი ცხინვალში, რომლის დროსაც მას თავდაცვის მინისტრი და სამხედრო მაღალჩინოსნები ახლდნენ.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"16:32 14.07.09 - 
ნანახია: 943 | დაამატა: gol | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]