02:20
ხელისუფლებამ ურჩი ადვოკატების დევნა დაიწყო
იმ ადვოკატებზე, რომლებიც 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციებიდან დღემდე, დაზარალებულ მოქალაქეებსა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებს უფასოდ იცავენ, ზეწოლა და მათი დისკრედიტაციის მცდელობა ხორციელდება. ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით განგაშს ტეხს - ქართველ ჟურნალისტებს, საქართველოში აკრედიტიებულ დიპლომატიურ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს თანადგომას სთხოვს. თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოეყენების პარალელურად, ადვოკატები კანონით გათვალისწინებულ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და ქართულ საზოგადოებას გვერდზე დგომისკენ მოუწოდებენ, რათა ადვოკატის ინსტიტუტი, რომელსაც სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და რომელსაც დღეს ნახევრად ხუმრობით ”მკვდარზე ვენოკს” ეძახიან, საერთოდ არ დასამარდეს.

- ”მივმართავთ ადამიანის უფლებადამცველ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დიპკორპუსს, ჟურნალისტებს - გთხოვთ გვერდზე დაგვიდექით, რადგან თუ ადვოკატები დააშინეს და აიძულეს მხოლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებით გაათავისუფლონ პიროვნება, საქართველოში დაცვის ინსტიტუტი საერთოდ მოკვდება. ამას ადვოკატთა პროფკავშირი არ დაუშვებს. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ის მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც ადვოკატის დევნაში შემჩნეულნი არიან, საბრალდებო სკამზე დასხდნენ, მაგრამ ამ საქმეში თქვენი თანადგომა უმნიშვნელოვანესია”, - ამბობს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

ადვოკატთა პროფკავშირი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებსა და საპროტესტო აქციებზე დაზარალებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას უანგაროდ უწევს. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გელა ნიკოლაშვილი ადვოკატებზე დევნის დაწყებას ასე ხსნის:

- ”2007 წლის 7 ნოემბერის დარბევის დროს სამართლებრივი დავები და სამართლებრივი დაცვები არ ყოფილა, ყველაფერი გაუვიდათ და როდესაც ჩვენ წინასწარ მოვემზადეთ და ახლა ასეულობით ადამიანს უანგაროდ ვიცავთ, ხელისუფლებამ დაინახა, რომ ვიღაცის მორევა, ვიღაცისთვის თავში წამორტყმა ასე ადვილი არ არის. ამის გამო ახლა დარტყმა ადვოკატებზე გადმოიტანეს”.

დღეს ფირმა ”ჯაზუში” გამართულ პრესკონფერენციაზე, ადვოკატთა პროფკავშირების წარმომადგენლებმა ზეწოლის კონკრეტული ფაქტები მოიყვანეს. ამ ღონისძიებაზე ის ადვოკატებიც იყვნენ, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართის საქმე 9 აპრილის აქციებამდე გაცილებით ადრე დაიწყო და ისინიც, რომელთაც ეს საფრთხე ემუქრებათ.

სამართალდამცავმა ორგანოებმა რამდენჯერმე ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ადვოკატთა პროფკავშირის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს - ”ეს არის ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობა. ეს ინფორმაცია შეგნებულად გავრცელდა. ადვოკატები გაოგნებულები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ - ცოცხალი ხარ ზაზა, დაგიჭირეს?!”

ადვოკატთა პროფკავშირების წევრმა ნათია სირაძემ გუშინ თავის კოლეგისგან გაიგო, რომ რუსთავის პროკურატურაში, ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმე ირაკლი ჯაბუას აძალებენ თქვას, რომ მისი ჩვენება ალიბის ფაქტთან დაკავშირებით, იყო ცრუ და ადვოკატ ნათია სირაძის მონაგონი. შეგახსენებთ რომ ჩვენების შეცვლა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. თავად ნათია სირაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა ამგვარი ზეწოლით 2 კურდღლის დაჭერას ცდილობს:

- ”ერთის მხრივ მოქალაქეებზე ზემოქმედებას ახდენენ, სიმართლის თქმის სურვილს უკარგავენ - ვინც გაიგებს რომ ამ ჩვენების გამო ჯაბუა დაიჭირეს, ეს ფაქტი შემდეგ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს დააბრკოლებს, სულიერადაც და ფიზიკურადაც და სიმართლის თქმის სურვილს დაუკარგავს. ამასთან, ესაა ადვოკატებზე ცრუ ჩვენებების მიღების მცდელობა, რომელსაც შემდეგ სათავისოდ გამოიყენებენ”.

გუშინდელ ღონისძიებას ადვოკატთა პროფკავშირის გამგეობის წევრი, ბესარიონ ბოჭორიშვილიც ესწრებოდა. 6 მაისს, პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დარბევის შემდეგ, როცა იგი ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის ამბის გაგებას ცდილობდა, სამმართველოს შენობიდან რამდენიმე მეტრში სამართალდაცავები თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ამ ფაქტის ირგვლივ ბესარიონ ბოჭორიშვილი პირველად პრესა.გე-ს შეხვდა და ესაუბრა. მას თავზე 9 ნაკერი ედო, რომ აღარაფერი ვთქვათ ტვინის შერყევაზე.

- ”ოფიციალური შეტყობინება მივიღე, რომ საქმე აღძრულია უფლებამოსილების გადაჭარბების გამო (331-ე მუხლი), მაგრამ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბოჭორიშვილმა.

ადვოკატთა კორპუსზე ”გაუგონარი ზეწოლის პირველ მერცხლად” ზაზა ხატიაშვილმა მამუკა ნოზაძის საქმე მოიყვანა - ”ეს ადამიანი, როგორც ადვოკატი, ისეთ საქმეზე გაასამართლეს, რომელშიც მას, როგორც ადვოკატს მონაწილეობა არ მიუღია. დღეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში ეს საქმე ძალიან წარმატებულად მიდის, დასაშვებობის საკითხს მალე გაივლის და ამ საქმეზე განაჩენი ძალიან მალე დადგება, რაც დარწმუნებული ვარ, რამდენიმე კონკრეტული თანამდებობის პირის, ასევე კონკრეტული მოსამართლეებისა და პროკურორების საბრალდებო სკამზე დასმის საფუძველი გახდება”.

მამუკა ნოზაძე თაღლითობის ბრალდებით (180-ე მუხლი) 2005 წლის 3 ნოემბერს დააკავეს. მან საპყრობილეში 2 წელი და 7 თვე გაატარა. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს ჩარევით, იგი ვადაზე ადრე გათავისუფლდა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში ნასამართლეობა მოეხსნა. პლუს ამას, ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას მოუწოდა მამუკა ნოზაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი არ შეუშალონ. იგი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მასზე ზეწოლა და პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა მიმდინარეობს; ადვოკატი სხვისი უფლებების დაცვასთან ერთად, საკუთარი უფლებების დაცვას სამართლებრივი მექნიზმებით აგრძელებს და საზოგადოებას ამ გზაზე თანადგომისკენ მოუწოდებს.

”ჯაზუში” გამართულ პრესკონფერენციაზე, ადვოკატებზე ზეწოლის კიდევ ერთ ფაქტზე - თამილა ქუთათელაძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბრეს, რასაც მისი კოლეგები ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პროცესად მიიჩნევენ.

- ”თამილა ქუთათელაძე ვითომდა წყევლაზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, თითქოს პროკურორს მან ამით ხელი შეუშალა, როდესაც ბრალდებულის ინტერესებს იცავდა. ანუ, თამილა ქუთათელაძემ პროკურორს მოუწოდა, 6 საათია, სამუშაო საათები მთავრდება და გთხოვთ, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ საგამოძიებო მოქმედეები არ აწარმოოთო. ეს ხდება საპყრობილეში, სადაც სამუშაო საათები 18 საათის შემდეგ მთავრდება. ქალბატონ თამილას ეს თხოვნა გაუგონარ ზეწოლად ჩაუთვალეს, დააბრალეს დაგვწყევლაო და თურმე ეს წყევლა პროკურორმა აღიქვა, როგორც მუქარა; ”საცოდავ” პროკურორს შეშინებია, თამილა ქუთათელაძე გამისწორდებაო. ექვსი თვის შემდეგ თამილა ქუთათელაძე საგამოძიებო მოქმედებებისთვის ხელისშეშლის გამო პასუხისგებაში მისცეს. საინტერესო ისაა, რომ ამ მომენტში ბრალდებული, რომლის უფლებებსაც ქუთათელაძე იცავდა, უკვე გარეთ იყო”, - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

ამჟამად საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუა იმის გარკვევას ცდილობს, 2005 წლის დეკემბრის ბოლოს ადვოკატმა თამილა ქუთათელაძემ მართლა დაწყევლა თუ არა გამომძიებელი გიორგი ოთიაშვილი და დაემუქრა თუ არა პროკურორ მიშა ხორგუაშვილს. ისინი ქუთათელაძეს გამოძიების ხელისშეშლასა და მათთვის მორალური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ. ადვოკატს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი 17 ივლისს, ექვსის ნახევარზე მოწმეების დაკითხვით განახლდება. presa.ge22:20 14.07.09 - [ნინო მიქიაშვილი]
ნანახია: 897 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]