18:27
რუსეთის პრეზიდენტი თვითაღიარებულ რესპუბლიკას დახმარებას დაპირდა
[ელენ ბარი, The New York Times, აშშ]
ორშაბათს პრეზიდენტმა მედვედევმა სამხრეთ ოსეთში მოულოდნელი ვიზიტი განახორციელა. მან ახალი რუსული სამხედრო ბაზა დაათვალიერა, ხოლო მოსახლეობას დაჰპირდა, რომ რუსეთი ომის დროს დანგრეული სახლების აღდგენაში დაეხმარება.

ვიზიტმა ხაზი გაუსვა მწვავე უთანხმოებას, რომელმაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საპრეზიდენტო სამიტის ჩატარების შემდგომ დაისადგურა. ორმხრივი ურთიერთობების ”გადატვირთვის” გამო საქართველოს ორი სეპარატისტული რესპუბლიკის საკითხი გვერდზე გადაიდო.

მოსკოვში ვიზიტისას ობამამ დაადასტურა თავისი მკვეთრი პოზიცია, რომ ”აუცილებელია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა”. მან ასევე გამოხატა იმედი, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები ”დაარეგულირებენ უთანხმოებას საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით”.

თუმცა, რუსეთი მხოლოდ ამაგრებს ამ ტერიტორიებზე თავის პლაცდარმს, და სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში ვიზიტით მედვედევმა დაადასტურა ეს ფაქტი. ოდნავ მოგვიანებით, ამავე ზაფხულს, დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში.

– ”გაუძელით, ყველაფერი კარაგად იქნება, ჩვენ აღდგენით სამუშაოებს დავიწყებთ”, - განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთში ღვინითა და ოსური ხაჭაპურებით მიესალმნენ. მედვედევმა ყვავილებით შეამკო იმ ოსების სასაფლაო, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისას დაიღუპნენ.

ცერემონიის დროს, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ოფიციალურად მადლობა გადაუხადა მედვედევს სამხრეთ ოსეთში – დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვიზიტის და ”მცირერიცხოვანი ერის გადარჩენისთვის”.

ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრმა ირინა გაგლოევამ განაცხადა, რომ ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდნენ ”რუსეთიდან პირველი პირების” დასახვედრად.

გაგლოევას თქმით, მედვედევის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ეს ობამას ვიზიტის შემდეგ მალევე მოხდა. მედვედევის ჩასვლამ სამხრეთ ოსეთში ”ყველა დაამშვიდა, ვინც შიშობდა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას რუსულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის სანაცვლოდ შეასუსტებდა”.

ქართველი პოლიტიკოსების განცხადებით მედვედევის ვიზიტი იყო ობამას გამოწვევა და საპასუხო ნაბიჯი პროექტ Nabucco-ს დაწყების გამო.

– ”როცა პატარა საქართველოს ლიდერი ტოვებს ქვეყანას ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად (სააკაშვილი ანკარაში იმყოფებოდა ცერემონიალზე დასასწრებად), დიდი რუსეთის პრეზიდენტი ჩუმად ჩაიპარა მის ერთ-ერთ რეგიონში და პირადად შეხვდა დაუბანელ, გამყიდველ დამნაშავეებსა და ხალხის მკვლელებს”, - განაცხადა სააკაშვილმა, რომელსაც მხედველობაში კოკოითი ჰყავდა.
ნანახია: 816 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]