02:47
ახალგაზრდული “შემოგვიერთდით” ზუგდიდში ჩავიდა

გასვლითი საპროტესტო აქციების დაწყებიდან მეექვსე დღეს ახალგაზრდულმა გაერთიანებამ “შემოგვიერთდით” ბათუმიდან ზუგდიდში გადაინაცვლა. სამეგრელოში ისინი მცირე ჯგუფით ჩავიდნენ და საინფორმაციო ვიზიტი დაარქვეს. ახალგაზრდები ზუგდიდში განთავსებული საკნების “პატიმრებს” შეხვდნენ, მხარდაჭერა გამოუცხადეს და ქალაქის ქუჩებში საპროტესტო პლაკატები გააკრეს.

– “უკანონო პოლიტპატიმრების გათავისუფლება”, – ასეთია ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მოთხოვნა, რომელიც მოძალადე მაღალჩინოსნების დასჯას უკავშირდება.

მელორ ვაჩნაძე: “უკანონო პოლიტპატიმრების რიცხვი უკვე 300 ადამიანს აღემატება. ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლებას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ერთკვირიანი ვადა მივეცით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი აქციები რადიკალურ ქმედებებში გადაიზრდება. ეს ვადა 15 ივლისს, 12 საათზე იწურება და ჩვენ მჯდომარე აქციას რუსთაველზე დავიწყებთ და გავაგრძელებთ მანამ, სანამ ყველა მათგანის გათავისუფლება არ მოხდება”.

ბათუმისგან განსხვავებით “შემოგვიერთდით” აქციას ზუგდიდში ინციდენტი ან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. 14 ივლისს, აჭარაში, ვარშალომიძის რეზიდენციასთან მომხდარ ძალადობაზე ახალგაზრდული გაერთიანების წევრი, სოფო კუჭავა სამეგრელოში ყვებოდა. სამთავრობო დაცვის წევრმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა იგი რეზიდენციის კედელზე ’სტიკერებს’ აკრავდა.

სოფო კუჭავა: “ეს ინციდენტი იმ ტერორის გაგრძელებაა, რომელიც ზოგადად მთელ საქართველოში ხდება. წინააღმდეგობის მოლოდინში ჩვენ მუდმივად ვართ, სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს ყველაფერი რაღაცნაირად მშობლიური გახდა. განსაკუთრებით ზუგდიდში, რადგან ვიცით, ამ კუთხით რამდენად ცხელი წერტილია ეს ქალაქი. აქ მუდმივად არის წინააღმდეგობა და ძალადობა”.

ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვას ახალგაზრდული გაერთიანება ახლო მომავალში ზუგდიდშიც გეგმავს. ზუგდიდის აქციის მონაწილეთა შესახვედრად და მხარდასაჭერად ახალგაზრდებთან ერთად დედაქალაქის საკნების “ბინადრებიც” ჩავიდნენ.

ზუგდიდის საკნის “პატიმარი” კახა მიქაია ახალგაზრდების აქციას მნიშვნელოვან ფაქტად აფასებს და არსებული ტერორის მიუხედავად საკნების რიცხვის გაზრდას კვლავ გეგმავს.

კახა მიქაია: “ახალგაზრდებმა ჩვენ გაგვამხნევეს... წინააღმდეგობების, ახალაიების, ქობალიების, კოდუებისა და გოროზიების ტერორის მიუხედავად ზუგდიდში საკნების აქცია არ შეწყდება და ჩვენ დავდგებით ბოლომდე”. presa.ge18:22 15.07.09 -[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]

ნანახია: 858 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]