15:15
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ირაკლი კერესელიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველის წინააღმდეგ ქართველი მსჯავრდებულის ირაკლი კერესელიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

საქმე ევროსასამართლოში 27 ივლისს გაიგზავნა. კერესელიძის ადვოკატები ევროსასამართლოს სთხოვდნენ გამოეყენებინა დროებითი ღონისძიება და დავალებოდა საქართველოს სახელმწიფოს არსებითად განეხილა კერესელიძის საჩივრები.

ევროსასამართლომ 29 ივლისს უკვე გამოუგზავნა პასუხი განმცხადებლებს და აცნობა, რომ მოთხოვნა დროებითი ზომის შესახებ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან საქმე არ ეხებოდა სიცოცხლის მოსპობის ან წამების საფრთხეს, მაგრამ საქმეს ნომერი მიანიჭა. სრული განაცხადის გაგზავნის საბოლოო ვადად კი 2009 წლის 23 სექტემბერი განსაზღვრა.

ირაკლი კერესელიძის ინტერესებს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატები მანანა კობახიძე და მერი ჯაფარიძე იცავენ.

ირაკლი კერესელიძე სასჯელს 1995 წლიდან იხდის. 1996 წელს მას სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა შეეფარდა ქრთამის მიცემის წაქეზებისთვის, ფულის გამოძალვის, ორი პირის განზრახი მკვლელობის და ნებართვის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ბრძანებულებით შეფარდებული სასჯელი თავისუფლების 20 წლით აღკვეთით შეეცვალა.

სასჯელის მოხდის პერიოდში, 2002 წელს ირაკლი კერესელიძეს ბრალი დაედო ბადრაგირებისას გაქცევის მცდელობაში, რისთვისაც მას ოთხი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ გამოიყენა ნაწილობრივ შთანთქმის პრინციპი და შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაუმატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 წელი. შესაბამისად მთლიანობაში ირაკლი კერესელიძეს შეეფარდა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლის თარიღად განისაზღვრა - დანაშაულის ჩადენის დღე - 2002 წლის 29 მარტი.



„ჯი-ეიჩ-ენი"13:19 04.08.09 - 

ნანახია: 1201 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 gol  
0
საქართველოში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, იგი პოლიტიზირებულია და ფორმალურად არსებობს batman

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]