16:52
”ეროვნულ ფორუმს” 7-ში მილიონი კაცი ვერ გამოჰყავს

”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი მელაშვილს პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა, 7 აგვისტოს დაგეგმილ აქციაზე; იმაზე, თუ როდის დაასრულებს ფორუმი რეგიონებში გასვლებს; რა ვერ დაანახვეს მათ, როგორც ქართულ ისე დასავლურ საზოგადოებას; რა არის ჯოზეფ ბაიდენის მიერ, მიხეილ სააკაშვილისადმი მხარდამჭერი განცხადებების მიზეზი და ქვეყანაში შექმნილი ვითარების მთავარი პრობლემა.

გამოგყავთ მილიონი ადამიანი ქუჩაში 7 აგვისტოს?
ირაკლი მელაშვილი: 7 აგვისტოს ამას ვერ გავაკეთებთ. 24 მაისს ოპოზიციას გეგმა, რომ შევთავაზეთ, მაშინ ვთქვით, რომ მილიონი კაცის ქუჩაში გამოყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდებოდა, თუ 26 მაისიდან მთელი ოპოზიცია აქტიურ მუშაობას დავიწყებდით და საქართველოს ფეხზე დაყენებას ვუზრუნველვყოფდით. ამას მხოლოდ ერთი პარტია ვერ გააკეთებს. მაშინ საუბარი იყო რომ ერთიანად ოპოზიცია გასულიყო რეგიონებში, რაც კოორდინირებულად უნდა მომხდარიყო. ამასთან, ჩვენი გეგმის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც სტადიონზე მოსულები იყვნენ, დიდ მოძრაობაში უნდა გაგვეწევრიანებინა; ანუ სტადიონზე მოსული 50 000 კაცი, ამ პროცესის თანამონაწილეებად უნდა გვექცია. ეს იქნებოდა ადამიანების უზარმაზარი ძალა და რაც მთავარია, სტადიონიდან რომ წავიდოდნენ, ეცოდინებოდათ რას აკეთებდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. თარიღი - 7 აგვისტო პირობითად შევთავაზეთ, შეიძლებოდა სხვა თარიღზეც ყოფილიყო საუბარი…

რა გამოიკვეთა რეგიონებში გასვლით?
- ის წარმოდგენები რომ რეგიონებში ხალხი არ არის გარკვეული რას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, ტყუილია - ადამიანებს ძალიან კარგად ესმით, რომ ეს ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ არის მეორე პრობლემა - ადრინდელთან შედარებით დღეს ადამიანები ამ პოლიტიკური პროცესებისთვის ბევრად უკეთ არიან მომზადებულები, უკვე სხვა რამეს ითხოვენ ოპოზიციისგან. ”გავიგეთ მიშა არ ვარგა, მაგრამ თქვენ რას გვთავაზობთ, რითი იქნებით უკეთესი, რას გააკეთებთ ქვეყანაშიო?” - გვეკითხებიან. ანუ ადამიანებს ცხადი არჩევანის გაკეთება უნდათ. ეს არ არის 2003 წელი. ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რომ საზოგადოების მოთხოვნა პოლიტიკოსების მიმართ გაიზარდა, ოპოზიცია კი არ გაზრდილა. ჩვენ ისევ იმას ვუტრიალებდით - ოღონდ მიშა არ იყოს და რაც გინდა ის იყოსო. საზოგადოება ასე არ ფიქრობს, განსაკუთრებით რეგიონებში. ისინი ჩვენგან ითხოვენ, ”გაგვაგებინეთ თქვენ ვინ ხართ, რისი გამკეთებლები ხართ და რით ხართ მიშაზე უკეთესებიო”.

ჩვენ მათთვის იმის თქმა შევძელით, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, ეს მთელ ოპოზიციას უნდა გაეკეთებინა. მოსახლეობამ ნათლად უნდა დაინახოს, რომ მიშას წასვლა უკეთესობას მოიტანს და არა უარესობას. ამას სჭირდება ამ ადამიანებთან შეხვედრა. ამისთვის პრესკონფერენციების გამართვა, ან თუნდაც მიტინგების მეშვეობით ადამიანებთან საუბარი, საკმარისი არ არის.

როდის დაასრულებთ რეგიონებში სიარულს?
- ეს ჩვენთვის მუდმივი პროცესი იქნება. ყველას გაუკვირდა 9 აპრილს დიდი რაოდენობის ხალხი რომ გამოვიყვანეთ. იმას არავინ მიაქცია ყურადღება რომ მანამდე თბილისის მოსახლეობასთან 300-მდე შეხვედრა გავმართეთ და ეს ამ მუშაობის შედეგი იყო.

ახლა რაიმე აქციისთვის ემზადებით?
- გამოსვლები რა თქმა უნდა, იქნება, რასაც სჭირდება მომზადება, ორგანიზაციული სტრუქტურები.

რა გვიჩვენა სამთვიანმა გამოსვლებმა?
- ზუსტად მაქეთ მივდივარ, აი, ასეთი ტიპის არ უნდა იყოს. 2007 წლის ნოემბერში ერთ წრეზე წავედით, შემდეგ მეორეზე და ამან შედეგი არ გამოიღო. ანუ, ოპოზიციის ტაქტიკაში რაღაც-რაღაცეები შესაცვლელია. ალტერნატივის შექმნა და საზოგადოებისთვის დანახვებაა საჭირო, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც.

დღევანდელი საზოგადოება პირობითად ასე შეიძლება დავყოთ - არის სააკაშვილის აქტიური მომხრეების მცირე ნაწილი; სააკაშვილის აქტიური მოწინააღმდეგეების მცირე ნაწილი (მაგრამ სააკაშვილის მომხრეებთან შედარებით უფრო მოზრდილი) და არის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ გვიყურებს. ამ ნაწილს სააკაშვილის არ მოსწონს, მაგრამ არ იცის რა უნდა ოპოზიციას.

არ მოსწონს სააკაშვილი, მაგრამ არც თქვენ მოსწონხართ, არა?!
- დიახ. ხედავს მიშა რაც არის, მაგრამ ჩვენ რას ვაპირებთ, რას ვაკეთებთ, ამას ვერ ხედავს, გარდა იმისა რომ გვაქვს სწორი ლოზუნგი - მიშა წადი. მას არ აკმაყოფილებს მხოლოდ მიშა წადი. რა მოდის, რა მოაქვს და ამის შემდეგ ვინ მოდის, ამ საზოგადოებას აინტერესებს და ეს არის შესათავაზებელი საზოგადოებისთვის, რაც ცალცალკე პარტიებს გაუჭირდებათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაც გამსხვილების პროცესები გარდაუვალია. ოპოზიციის შიგნით რაღაცა გადაჯგუფებები მოხდება. ეს ზაფხულის ბოლოს იქნება, თუ შემოდგომის დასაწყისში, მომავალი გვიჩვენებს. კოსნულტაციები მეტ-ნაკლებად სერიოზულ ოპოზიციურ ძალებთან მიმდინარეობს. თუ ჩვენს ქმედებას ჭკვიანურად არ დავგეგმავთ და მხოლოდ ემოციაზე ავაგებთ ყველაფერს, კიდევ დავმარცხდებით. არ მსურს მესამე წრეზე ხალხი წავიყვანოთ, მოდი, კიდევ გამოვიდეთ ქუჩაში და თვალების ფახულით მიშა გადადგებაო, ვუთხრათ.

მგონი ერთადერთი პოლიტიკური ძალა ხართ, ვინც ოპოზიციის დამარცხებას აღიარებს.
- უკაცრავად, მაგრამ გამარჯვებულს ვერ ვხედავ, ვერც ოპოზიციას და ვერც ქვეყანას. გამარჯვებულს ვერ ვხედავ ვერც ხელისუფლებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეირყა, მაგრამ, ოპოზიციამ გამარჯვებას ვერ მიაღწია და ეს არის ფაქტი, ისევე, როგორც ის, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვნად შეირყა. ისიც ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში, იმის გამო რომ ოპოზიციამ ვერ მონახა პოლიტიკური ბრძოლის ეფექტური გზები, საზოგადოებაში ამან გარკვეული ნიჰილიზმი გამოიწვია და ეს საშიშროება იყო, როცა 9 აპრილის წინ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭიროა მოქმედებების გეგმა და ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ეს გეგმა არსებობს, მაგრამ სინამდვილეში ყველამ ვნახეთ რომ არ არსებობდა. ეს ჩვენც გვეხება და სხვასაც ეხება. ამ შემთხვევაში მე ჩემი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობას ვიზიარებ, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკური ძალებისას. უბრალოდ, იყო გარკვეული სიჯიუტე და არ იყო სურვილი იმისა, რომ კრიტიკულად შეგვეხედა, ზოგადად ოპოზიციური პარტიების საქმიანობისადმი. ახლა მაინც უნდა დადგეს ის ეტაპი, რომ ოპოზიციამ ამ ყველაფერს გადახედოს.

ისიც ფაქტია, რომ გარეთაც ნელ-ნელა ხდება გადატეხვა - სააკაშვილს ახლა ისე არ უყურებენ, როგორც ადრე და უპირობო მხარდაჭერა აღარ აქვს.

ბაიდენის სტუმრობა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ მიიჩნევთ მხარდაჭერად?
- ბაიდენის ვიზიტი არ ნიშნავს მის უპირობო მხარდაჭერას. საერთოდ, დასავლური ცივილიზაცია ერთ პრინციპზე დგას - ისინი არასდროს არ მიდიან ცვლილებაზე, თუ დარწმუნებული არ იქნებიან იმაში, რომ ეს ცვლილება არსებულზე უკეთესი იქნება. ასე გვიყურებენ ჩვენც. ისინი მხარს არ დაუჭერენ ქვეყანაში ცვლილებებს, თუ არ დაინახეს რისი მომტანია მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივა.

მოდით რეალობას შევხედოთ - დასავლეთს არ ექნება დიდი ენთუზიაზმი, რომ ამ ვითარებაში ცვლილებას მხარი დაუჭიროს და მეც რომ მათ ადგილზე ვიყო, არ მექნებოდა ამისი ენთუზიაზმი. სხვა საქმეა, სააკაშვილს რამდენად უნდა უჭერდნენ მხარს და რამდენად არ უნდა უჭერდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც სააკაშვილის ალტერნატივაზეა საუბარი, ჯერჯერობით საქართველოში არ არის მყარად ჩამოყალიბებული, ალტერნატიული ძალა, რომელიც არა იმდენად მისაღები, არამედ გასაგები იქნება ყველასთვის. ჩვენთან, შიგნით არ არის გასაგები და დასავლეთისთვის როგორ იქნება გასაგები?!

დღეს სააკაშვილის რეჟიმის გახანგრძლივება, არ გახანგრძლივების საქმე, პირდაპირ პროპორციულადაა დამოკიდებული, რამდენად ორგანიზებული, ადეკვატური იქნება ოპოზიცია და რამდენად შეძლებს იმის დამტკიცებას, საზოგადოებასთვის, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის უკეთესი ალტერნატივაა.

ჯერჯერობით, გარდა იმისა რომ ჩვენ ვიბრძვით ადამიანის უფლებების დაცვისთვის, დემოკრატიისთვის, ჩვენ ერთად არ მოგვწონს ყველას სააკაშვილი, როგორც მმართველი, ამის მეტი სერიოზული ჩვენ არ შეგვითავაზებია. ეს არის ჩემთვის რეალობა. მე ასე აღვიქვამ ამ რეალობას. რეგიონებში სიარულის შემდეგ ეს მოსაზრება კიდევ უფრო გამიღვივდა. უცხოელებთან ბოლო პერიოდში ჩვენი გახშირებული კონტაქტების შედეგადაც უფრო ნათლად გამოჩნდა ეს რეალობა. ანუ პრობლემა ოპოზიციაშია. presa.ge21:35 03.08.09 -[ნინო მიქიაშვილი]

ნანახია: 845 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 gol  
0
მილიონ ადამიანს ვერც გამოიყვანს ვერასოდეს. პოლიტიკოსებად მიაჩნიათ თავი და სისულელეებს ბოდავენ. რეალობის შეგრძნების და აზროვნების უნარი არ აქვთ cranky

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]