17:00
FINANCIAL TIMES გასული წლის აგვისტოს ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად დაძაბულობის ზრდაზე საუბრობს
გავლენიანი ამერიკული გამოცემა FINANCIAL TIMES საქართველოს პრობლემებს ვრცელ სტატიას უძღვნის და გასული წლის აგვისტოს ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად საქართველოსა და მისი აჯანყებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაძაბულობის ზრდაზე საუბრობს.

როგორც გამოცემა წერს, შაბათს რუსეთმა საქართველო საზღვარზე აფეთქებების მოწყობაში დაადანაშაულა და დაიმუქრა, რომ თუკი თბილისი პროვოკაციებს განაგრძობს, ის კვლავ ძალას გამოიყენებს. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ძალა და სხვა საშუალებები, რათა „დაიცვას სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები და რუსი სამხედროები". საქართველო კი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ სროლა არცერთი მხრიდან არ ყოფილა.

მისივე შეფასებით, „ეს კონფლიქტი მსოფლიოს დღის წესრიგის პირველ საკითხებში აღარ ფიგურირებს, როგორც ეს შარშან იყო, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მთელს ევროპაში დაფრინავდა, რომ როგორმე ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწია, თუმცა კვლავ აჩრდილივით ადგას კავკასიას, კასპიის ზღვის რეგიონიდან ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოებას, პოსტ-საბჭოთა სივრცის პოლიტიკას და ურთიერთობას რუსეთს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის".

გამოცემა აღნიშნავს, რომ „რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა და განაცხადა, რომ ისინი საქართველოს სამუდამოდ გამოეყვნენ". „პირველად ეს 1990-იანი წლების სამოქალაქო ომების შემდეგ მოხდა. შარშან კი მოსკოვმა ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და განაცხადა, რომ იქ სამხედრო ბაზების აშენებას აპირებს. დამცირებული საქართველოს პრო-ამერიკელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტს გამოთქვამს, მაგრამ უძლურია. თავის გამოსვლებში ის კვლავ გააფთრებულ ანტირუსულ რიტორიკას მიმართავს და საქართველოს განადგურების აჩრდილს აცოცხლებს. თუმცა ახლა ბატონი სააკაშვილიც კი აღიარებს, რომ საქართველოს ნატოში სწრაფი გაწევრიანების იმედები დაიმსხვრა. თავის მხრივ, აშშ და ევროკავშირი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს ამბობენ. ვაშინგტონმა მისი მოკავშირის ხელახლა შეიარაღებაც კი დაიწყო, თუმცა დასავლეთი მოსკოვთან ურთიერთობის სერიოზულ გაფუჭებაზე ვერ მიდის" - წერს FINANCIAL TIMES და დასძენს, რომ „საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი ჟენევის მოლაპარაკებები შეჩერებულია, რადგან რუსეთმაც და საქართველომაც მტკიცე პოზიციები დაიკავეს".

ამასთან, გამოცემა თავად პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პრობლემატურ მხარეებსაც ეხება და წერს, რომ "საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდა რეცესიით დასრულდა". "უკმაყოფილება მთელს ქვეყანაში ვრცელდება, რასაც თან ერთვის პრეტენზიები ბატონი სააკაშვილის „დესპოტურ მართვასა და უგუნურებაზე, რამაც ქვეყანა ომამდე მიიყვანა". "საქართველომ რუსეთთან თანაარსებობის ფორმა უნდა გამონახოს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი გიჟია", - ამბობს თბილისელი ტაქსისტი. ოპოზიციის ქუჩის საპროტესტო აქციები, რომლებიც ზაფხულში მიმდინარეობდა, არაფრით დასრულდა, რადგან ოპოზიცია ვერ ახერხებს ახალი, ნდობით აღჭურვილი ლიდერის წარმოდგენას. თავის მხრივ, სააკაშვილი პირობას დებს, რომ ძალაუფლების ნაწილს დათმობს და ხელისუფლებიდან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე წავა, მაგრამ ეს მხოლოდ 2013 წელს მოხდება. ადამიანი, რომელიც ოცნებობდა, ისტორიაში შესულიყო, როგორც ქვეყნის მეთაური, რომელმაც დასავლეთს კარი გაუხსნა, მოგონებებში იმ კაცად დარჩება, ვინც საქართველო საბედისწერო ომში ჩაითრია", - აცხადებს გამოცემა და ამ მოსაზრების დასტურად დასძენს, რომ „აშშ და ევროკავშირი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სააკაშვილი თავადაა დამნაშავე საკუთარ უბედურებებში, რადგან რუსებს მისი პროვოცირების საშუალება მისცა".

რაც შეეხება რუსეთს, ჟურნალისტის აზრით, ~თავად რუსეთის შიგნით გამარჯვებამ კრემლის ძალის დემონსტრირება მოახდინა, განსაკუთრებით - ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკების ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის აჯანყებულთა თვალში და იქაურ მებრძოლებს არ აქვთ საფუძველი, იფიქრონ, რომ მოსკოვი სერიოზულ სამხედრო ძალას კვლავ არ მიმართავს~.

„მოსკოვისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სააკაშვილის დანგრევაა, - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ყველაზე პრო-დასავლელი ლიდერის. მედვედევი მას „მანიაკს" ეძახის, პუტინს კი მისი „კვერცხებით დაკიდება სურს". მაგრამ ომის მიღწევებმა რუსეთიც აზარალა. არცერთმა მისმა მოკავშირემ დსთ-დან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა, - ბელორუსიამაც კი, რომელიც ეკონომიკურად მოსკოვზეა დამოკიდებული", - ნათქვამია სტატიაში.

„პირველი"12:45 04.08.09 - 
ნანახია: 857 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 gol  
0
ნატოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროპის ლიდერებმა აღიარეს, რომ "სააკაშვილი სულელურად წამოეგო რუსეთის პროვოკაციაზე და ამიტომაც დაიწყო ომი".
საქართველოს ხელისუფლებამ ომის დაწყების საბაბი მისცა რუსეთს, კერძოდ საქართველოს მიერ კოსოვოს აღიარების ფაქტის გამო. როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა - პუტინმა კატეგორიულად გააფრთხილა სააკაშვილი, აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ევროპის ლიდერები, რომ არ ეღიარებიათ კოსოვო როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი აღიარებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებს და ყოველივე ეს განახორციელა.
საქართველოს ხელისუფლების უგუნურების გამო ჩაიხოცა ახალგაზრდები, დავკარგეთ ტერიტორიები და ა.შ. cranky

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]