16:31
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ოპონენტების მიმართ პოლიტიკური დევნის განახლებაში ადანაშაულებენ

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ოპონენტების მიმართ პოლიტიკური დევნის განახლებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც „დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაახმოვანა. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

„საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლებამ „დემოკრატიის ახალი ტალღის" დაწყების შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა, სინამდვილეში კი ვიზიტის დასრულებისთანავე პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა და საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეებთან დაუნდობელი მეთოდებით ანგარიშსწორება განახლდა. ხალხის მასობრივი პროტესტი რეალური პრობლემების არსებობითაა გამოწვეული. უნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს სწორედ ამ პრობლემათა გადაწყვეტა. სამწუხაროდ, რეაგირება კვლავ არაადეკვატური და ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია - „დემოკრატიის ახალი ტალღა" ხელისუფლებისთვის „სხვაგვარად მოაზროვნეთა" დევნაზეა ორინტირებული! საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური ტერორი მხოლოდ შიდა პოლიტიკური პრობლემა არაა. შეუძლებელია სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე და კონფლიქტების მოგვარებაზე საუბარი იქ, სადაც ხელისუფლება თავად ოკუპანტივით და აგრესორივით ეპყრობა საკუთარ მოქალაქეებს.

ამგვარი პოლიტიკით „დემოკრატიის ახალი ტალღა" „ტერორის ახალ ტალღად" იქცა. თუმცა, ხელისუფლებას კვლავაც არ ესმის, რომ შეიძლება დააშინო ადამიანთა გარკვეული ნაწილი გარკვეული დროით, მაგრამ ყველას და მუდმივად ვერ დააშინებ. ხალხის განაჩენი კი ყველაზე მძიმე ხელისუფლებისთვის იქნება, თუ იგი დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებებს და დასახიჩრებებს. მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მართლაც ძვირფასია თავისუფლების იდეალები: ერთიანი ძალებით აღვუდგეთ წინ ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე უფრო სამარცხვინო ფორმას XXI საუკუნეში - სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების დატერორებას განსხვავებული შეხედულებების გამო", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს „ახალი მემარჯვენეები", „დაიცავი საქართველო", „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", „ეროვნული ფორუმი", პარტია „თავისუფლება", „კონსერვატიული პარტია", „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "რესპუბლიკური პარტია", „საქართველოს გზა" და „ხალხის პარტია" აწერენ.


„პირველი"14:52 06.08.09 -

ნანახია: 839 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 gol  
0
საერთოდ დაუშვებელია და უფრო მეტიც - დანაშულია, როდესაც ხელისუფლება თავის მოქალაქეებს დევნის და საერთოდ, არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების გამო იდევნება cry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]