16:34
ტრაგედიის წლისთავი პომპეზურად აღინიშნება
დაკარგული ტერიტორიების, თბილისიდან 40 კილომეტრში მდგარი ოკუპანტების, დაღუპული მეომრებისა და დევნილების ფონზე, აგვისტოს ომის დაწყების წლისთავი ზუგდიდში, გორსა და თბილისში პომპეზური ღონისძიებებით: როკაქციით, გამოფენებით, ცოცხალი ჯაჭვით, გრანდიოზული ზომის დროშის გაშლით და კოცონების დანთებით აღინიშნება.

პრესა.გე ამ ღონისძიებების ორგანიზატორებს ტელეფონით ესაუბრა. ამ მასალაში უშუალოდ მათგან შეიტყობთ რას გამოხატავს სიონის ტაძრის გვერდით დაგეგმილი როკაქცია, რომელიც ღამის თერთმეტის ნახევარზე დაიწყება და ”დაცემამდე” გაგრძელდება; რა მიზნით ადიან გორის ციხეზე და რატომ შლიან 36 მეტრიან დროშას; რატომ აწყობენ რუსთაველის გამზირზე 10 სექტორად დაყოფილ მდუმარე გამოფენას; ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს და რას დაინახავს ამით მთელი მსოფლიო.

ასევე გთავაზობთ რას ფიქრობენ ხვალინდელი დღის სამზადისზე, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

ხვალ რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იქნება. ”იმელის” შენობიდან თავისუფლების მოედნამდე ინტერნეტჯგუფი ”რეაქცია”

226 წლიანი ოკუპაციისადმი მიძღვნილ ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალების გამოფენას აწყობს. როგორც ”რეაქციას” ერთ-ერთმა აქტივისტმა გივი ქარჩავამ გვითხრა, ეს იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ერთი დღით, ყოველგვარი ტაშ-ფანდურის გარეშე; პარლამენტის წინ პერფორმანსირებული გამოფენა მოეწყობა - 9 აპრილის გაშეშებული, გაყინული კადრებით, ჯავშანტექნიკით, რუსი ჯარისკაცის მანეკენებით, ნიჩბებით და ა.შ.

ჩვენს კითხვაზე - რატომ გადაწყვიტეთ 7 აგვისტოს ამგვარი ფორმით ღონისძიების მოწყობა? ქარჩავამ მოგვიგო - ”7-ში იმიტომ რომ ეს არის იმ ტრაგედიისა და უბედურების წლისთავი, რაც შარშან თავს დაგვატყდა. რაც შეეხება ღონისძიების ფორმას - ამ აქციის ლაიტმოტივი ისაა, რომ 7 აგვისტოს თითოეულმა ჩვენგანმა ჩამოვიაროთ რუსთაველის გამზირზე, ეს ორკილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სიმბოლურად 226წლიან აგრესიის პერიოდს ასახავს და ვნახოთ, რომ იმპერიას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია, ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის კარგი აბსოლუტურად არაფერი მოუტანია”.

რაც შეეხება სპონსორების ვინაობას, რომლებიც ”რეაქციას” მდუმარე გამოფენის მოწყობაში დახმარება გაუწიეს, გივი ქარჩავა ამბობს, რომ ღონისძიების ორგანიზებაში ”მაკდონალდსმა” და ”თოლიამ” აღმოუჩინათ დახმარება. პლუს ამას, არის კიდევ ”ერთი-ორი ადამიანი, რომელთა ნებართვის გარეშე მათ გვარებს ვერ დავასახელებ. საერთოდ, ამ ღონისძიების მოწყობაში დიდი ფინანსები არ იდება, რადგან, როგორც გითხარით, ესაა ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალების გამოფენა”.

7-ში დაგეგმილი როკაქციის ირგვლივ ლევან ბეიტრიშვილს ვესაუბრეთ. როგორც თავად გვითხრა, ამ როკაქციის გამართვის იდეა დიტო ყიფიანსა და გაგა გობრონიძეს ეკუთვნის. თავად ბეიტრიშვილი, მისივე განმარტებით, ყოფილი მუსიკოსია, მეგობრობს ჯგუფთან ”სან ოფ ზი სან” და ჩართულია როკაქციის საორგანიზაციო საკითხებში, მხოლოდამხოლოდ იმის გამო, რომ შარშანდელ მოვლენებზე გული შესტკივა.

– ”როკ–აქცია იქნება შარდენის და ბამბის რიგის ბოლოში; სიონის გვერდზე, პატარა სკვერში სცენა მოეწყობა. კონცერტი ღამის თერთმეტის ნახევარზე დაიწყება და გაგრძელდება, სანამ არ დავეცემით. როკაქციით გამოვხატავთ პროტესტს, შარშან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და საერთოდ, ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენი მთავარი მესიჯი არის ის, რომ ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ თუ თავდასხმა მოხდება, ჩვენ თავს დავიცავთ”, - ამბობს ლევან ბეიტრიშვილი.

ახლადშექმნილი სტუდენტური მოძრაობის ”7აგვისტო” ხელმღვანელი გიორგი შამათავა, რომელიც პარალელურად თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტია, აცხადებს, რომ ”7აგვისტოს” მიზანი საქართველოს დეოკუპაციაა. შამათავას (როგორც ხვალინდელი ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორის) განმარტებით, ”7 აგვისტოში” გაერთიანებულ ახალგაზრდებს უნდათ მთელ მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, რომ ქართველი სტუდენტები ერთი იდეის - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი.

– ”ხშირად ისმის კითხვები - მსგავსი აქტივობები რატომ არ ხორციელდებოდა 2008 წელს. ქვეყანას 1 წელი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომის მდგომარეობიდან გამოსულიყო. დღეს ეს ბარიერი დაძლეულია და უკვე დროა ქართველმა ერმა რუსულ აგრესიასა და ინტერვენციას, თავის შესაფერი, საკადრისი პასუხი გასცეს”, - აცხადებს შამათავა.

”7 აგვისტოში” გაერთიანებული ახალგაზრდები დღეს გორის ციხეზე ავიდნენ და იქიდან გააკეთეს მოწოდება, რომ 7-ში 15 საათზე, სადაც არ უნდა ვიყოთ, წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

მისივე განმარტებით, ღამის თორმეტ საათზე საქართველოს რეგიონების ყველა დიდ ქალაქში ”კოცონის აქცია გაიმართება, როგორც სიძლიერის, ბრძოლის და ერთიანობის სიმბოლო”.

7-ში დღის 12 საათზე გორში ”დროშის აქცია” ჩატარდება - 36მეტრიანი დროშა გაიშლება. 15 საათზე კი, ომში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილის აქციის პარალელურად, გორსა და ზუგდიდში ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება. გიორგი შამათავას მონაცემებით, გორში ცოცხალი ჯაჭვი 4 კილომეტრზე გაიშლება და ამ ღონისძიებაში მონაწილეობას 4 500 ახალგაზრდა მიიღებს. სტუდენტები გორიდან თბილისში გამოემართებიან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სანთლებს აანთებენ და გმირების საფლავებს ყვავილებით შეამკობენ.

გიორგი შამათავა ამბობს, რომ ხვალინდელი დღის ამგვარი ფორმით აღნიშვნის იდეა იმ ახალგაზრდებს ეკუთვნით, ვინც ”7 აგვისტო” დააფუძნა. რაც შეეხება გორსა და ზუგდიდში დაგეგმილი აქციისათვის საჭირო ფინანსებს, შამათავას განმარტებით, ამ კუთხით მათ კერძო სექტორი ეხმარება.

– ”დაკონკრეტებისგან, ისევ და ისევ იმ პიროვნების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ. როცა ჩვენ რაღაც კონკრეტული გვჭირდება, იქნება ეს დროშა, კლიპი თუ სხვა, ამ ადამიანს ვაწუხებთ და ის ამა თუ იმ კონკრეტულ ნივთს გვიმზადებს. საბედნიეროდ, საქართველოში დღესდღეობით არსებობენ ღვთისნიერი მეცენატები, ბიზნესმენები, რომლებიც ქართულ პატრიოტულ, ეროვნულ საქმეს გვერდზე უდგანან. თუმცა, თვითონ არასდროს ჩნდებიან და ჩრდილში რჩებიან”, - ამბობს გიორგი შამათავა.

”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ”ახლების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, ხვალინდელი ღონისძიებების სამზადისთან დაკავშირებით ამბობს, რომ ხელისუფლებას უნდა ყველაფერი ძლევამოსილებისკენ შემოატრიალოს და სადღესასწაულო ელფერი მისცეს.

– ”შარშანდელი ცხინვალის მოვლენების შემდეგ საქართველოს უმძიმესი პრობლემები დაუდგა; ამ მოვლენების შესახებ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცის. შედეგებს ყოველდღიურად უფრო და უფრო დამძიმებულს ვხედავთ, იგივე მამისონთან, თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით. ახალგორთან მიმართებაში აბსოლუტურად გაურკვეველი ვითარებაა… საკუთარი საზოგადოების თავბრუსდახვევის მიზნით გაუთავებელი პიარღონისძიებების გამართვას, სჯობია ხელისუფლებამ შექმნილი მდგომარეობა ადეკვატურად შეაფასოს. პლუს ამას, ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმის ფონზე, რომ ყოველდღიურად, ხელისუფლებისგან გათამამებული ზონდერჯგუფები, თუ ტერორისტული შეფერილობის დაჯგუფებები საკუთარ თანამოქალაქეებს იტაცებენ, ასახიჩრებენ, ცემენ, ანგარიშს უსწორებენ. ეს არის უბრალოდ ამაზრზენი და დანაშაული”, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

– ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული საზეიმო ელფერის მქონე აქციის, ან ღონისძიებების დაგეგმვის საფუძველი არა აქვს - ”ესაა ტრაგედია, რომელსაც თავმოყვარე ხელისუფლება შეხვდებოდა გადადგომით და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით, იმ მოვლენების და შედეგების მიმართ, რომელიც გასული წლის 7 აგვისტოს დადგა. ქვეყანაზე შეყვარებული ნებისმიერი პატრიოტი და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფალი, მას შემდეგ, რაც ქვეყანას თავს დაატეხა ეს უბედურება და ტრაგედია, თანამდებობაზე არ დარჩებოდა”.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვახტანგ ბალავაძე პრესა.გე-სთან საუბრისას ხვალინდელი ღონისძიებების მთავარ შინაარსსა და მიზანს ასე განმარტავს:

– ”ამით ქართველმა ხალხი, როგორც ერთმანეთს, ისე ყველას დაანახვებს, რომ ამ ომის შედეგად, ქართველი ერი სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, ვინც ომში დაიღუპა. ამასთან, ამ აქციის მიზანია ქართველმა ერმა ანახოს ყველას, რომ ჩვენ ვიომეთ, მაგრამ არ გავმწყდარვართ, ვდგავართ და გავაგრძელებთ სვლას ჩვენი განვითარებისკენ და დემოკრატიული განვითარებისკენ. ძირითადად ერთობის და ერთიანობის სულისკვეთებით იმართება ხვალინდელი ღონისძიებები, რაშიც მე მაგალითად, პომპეზურს ვერაფერს ვხედავ”.
 presa.ge17:44 06.08.09 -[ნინო მიქიაშვილი]
ნანახია: 843 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 gol  
0
???????????? batman

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]