21:44
13:24 10.08.09 - ფუხაევის სისხლიან ნაკვალევზე
[ლევან სეფისკვერაძე]
ამ ცოტა ხნის წინ ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს 2008 წლის აგვისტოს ომის სეპარატისტი ”გმირი” სოსლან ფუხაევი, რომელსაც მრავალი უმძმესი დანაშაული აქვს ჩადენილი.

შარშან 10 აგვისტოს, ქართული სოფელის ქურთის გადაწვისა და სოფელში დარჩენილი ქართული მოსახლეობის დახვრეტის ორგანიზება სწორედ ფუხაევის კისერზეა. რუსულმა სინფორმაციო საშუალებებმაб ფუხაევის დაკავების ფაქტზე ერთი ალიაქოთი ასტეხეს და ქართული მხარე ”ოსი ერის გენოციდში” კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. სხვათა შორის, სოსლან ფუხაევისავე კისერზეა ქართველი გმირი ჯარისკაცის - ანწუხელიძის სასტიკი წამება.

ფუხაევის ”გმირობები”
ტყვედ აყვანილმა გიორგი ანწუხელიძემ სეპარატისტებსა და რუსებს მიწაზე დაჩოქვაზე და სეპარატისტების დროშაზე კოცნაზე უარი განუცხადა. კრიმინალებმა ვერ აიტანეს ქართველი ჯარისკაცის ასეთი ”სითავხედე” და ცემითა და საშინელი წამებით მოკლეს. ანწუხელიძის წამების საზარელი კადრების ნახვა ნებისმიერს შეუძლია ინტერნეტ-სერვერ: YouTube.com - ის საშუალებით, თუმცა სუსტი გულის მქონეთ არ გირჩევთ ამის ნახვას.

ზემოთხსენებულ კადრებში ასევე მოჩანს სოსლან ფუხაევი, რომელიც ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა ქართველი ჯარისკაცის დასჯისა. სხვათა შორის, გიორგი ანწუხელიძეს გასული წლის დეკემბერში გოგო შეეძინა. პატარა ანწუხელიძეს, სამწუხაროდ ძალიან გვიან მოუწევს მამის გმირობების გაგება.

როგორც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლები ამბობენ, ფუხაევი ქართველების კონტროლირებად ზონაში გლეხებისათვის ნახირის წასართმევად იყო გადმოსული და ქართველმა პოლიციელებმა სრულიად შემთხვევით აიყვანეს. ერთ-ერთი ვერსიით, სეპარატისტ კრიმინალსა და ქართველ პოლიციელებს შორის შეტაკებაც მოხდა, რის შედეგადაც ფუხაევი დაიჭრა. ხოლო რუსული მედია-საშუალებები ამბობენ, რომ ფუხაევი ქართველმა პოლიციელებმა სცემეს. თუ გავითვალისწინებთ ამ კაცის დანაშაულობებს, არც ეს იქნება გასაკვირი, თუმცა ამ ეტაპზე რაიმეს ხელაღებით მტკიცება შეუძლებელია. ფუხაევი ამჟამად გლდანის ციხეშია გადაყვანილი.

გურამ ჯავახიშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: ”ფუხაევი დასაჭერი კი არა, მე თუ მკითხავთ დასახვრეტიცაა, მაგრამ საქართველოში დახვრეტა აღარ არსებობს და იმედია, რომ სამუდამო პატიმრობას მაინც მიუსჯიან. სოფელ ქურთას გადაწვა მაგ არაკაცის მეთაურობით მოხდა და სწორედ ამიტომაც მიანიჭეს რუსებმა მაიორის წოდება. სახლების დაწვაში კაცს მაიორობას მგონი მარტო რუსები თუ მისცემენ...

როგორც ამბობენ, მაგ ფუხაევმა ომის დროს თამარაშენში ქართველი ჯარისკაცი ცემით მოკლა. ეგეთი არაკაცობები არავის შერჩენია ამქვეყნად და არც მაგას შერჩება, თუმცა მე ერთი რამის მეშინია. შეიძლება სოსლან ფუხაევის დაჭერის შემდეგ, ოსებმა ქართველი გლეხები აიყვანონ მძევლად და ფუხავში გადაცვლა მოითხოვონ. ამიტომ, ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ. ახლა კოკოითის ხალხი ძალიან იქნება გაბოროტებული”

ისევ ისვრიან
სოსლან ფუხაევის დაკავებიდან მესამე დღეს, სეპარატისტებმა დაიწყეს ნაღმტყორცნებიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლები ქართული სოფლის - ზემო ნიქოზის მიმართულებით.

ქართული მხარის ოპფიციალური ინფორმაციით, 30 ივლისს დაახლოებით ღამის 12 საათზე, სოფელ ზემო ნიქოზში განლაგებულ ქართული საპოლიციო საგუშაგოს მიმართულებით ცეცხლი ცხინვალის მხრიდან გახსნეს. ისროდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ტყვიამფრქვევიდან და ყუმბარმტყორცნიდან. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ქართულმა მხარემ ინფორმაცია ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისიას უკვე მიაწოდა.

მომხდარს სასწრაფოდ გამოეხმაურა სეპარატისტული რეჟიმი. მათ მომხდარში ქართული მხარე დაადანაშაულეს. ოსური საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, ცხინვალის მიმართულებით ცეცხლი ქართულმა მხარემ სწორედ სოფელ ნიქოზიდან გახსნა.

- ”ორი აფეთქება მოხდა ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში. წინასწარი ინფორმაციით, ორჯერ ისროლეს ნაღმტყორცნიდან საცხოვრებელი სახლების მიმართულებით,” - იტყობინება სეპარატისტული რეგიონის მთავრობის ვებგვერდი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არც ერთი მხარე არ ავრცელებს.

ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, რუსული ჭურვები ჩამოცვივდა სოფელ ზემო ნიქოზის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც მოსახლეობა არ არის და ბეღ-ვენახებია გაშენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ 29 აგვისტოდან დღემდე, ოკუპანტები ძალიან ”გამოცოცხლდნენ” და არამხოლოდ ღამით, დღისითაც კი არ ერიდებიან პროვოკაციებს.

ნუგზარ პარუნაშვილი, ლიახვის ხეობის მკვიდრი: ”პროვოკაციებზე აყოლა რომ კარგს არაფერ მოგვიტანს, ეს გასაგებია, მაგრამ სულ ასეც ხომ არ შეიძლება გაგრძელდეს? ახლა ნიქოზს უშენენ, ხვალ სხვა სოფლებზეც გადავლენ, მერე კი რუსებისაგან ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ რაც შაშან გააკეთეს იგივე გაიმეორონ, ანდა უფრო უარესი ქნან. ამერიკა კი გვაიმედებს, რომ თქვენს გვერდით ვარო, მაგრამ რუსს, ყველა ბოდიშით და ფეხებზე ჰკიდია...

რაც შეეხება სეპარატისტების ბანდის უფროსის - ფუხაევის დაჭერას, აქაურებს რა თქმა უნდა გაგვიხარდა მაგ არაკაცს რომ ”ჩაავლეს”. ზოგი ამბობს დასახვრეტიაო. მაგ არაკაცის სიკვდილი ვის არ უნდა, მაგრამ მე მგონია უნდა მოექცნენ ისე, როგორც სამხედრო დამნაშავეს. სხვა თუ არაფერი, სამხედრო ტყვის დახვრეტა ეყოფა ბრალდებად. საერთაშორისო დონეზე გვჭირდება ასეთი ნაძირალების აღიარებითი ჩვენებები, ”ოსების გენოციდზე” რომ ვერ ამოიღონ ხმა. ამერიკელებსაც უნდა შეახვედრონ, ემანდ ქართველებთან არ ჩამსვან კამერაშიო და ყველაფერს წვრილად დაფქვავს ომამდე რა ხდებოდა ცხინვალში”.

ომიდან ერთი წლის შემდეგ, ქართული მოსახლეობა ისევ შიშში ცხოვრობს. ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ ”თარიღების მანიით” შეპყრობუილმა რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა ახალი ომი ზუსტად ერთი წლის შემდეგ კვლავ განაახლოს და ერთი სამაჩაბლოელი გლეხის თქმისა არ იყოს: ”რუსებისაგან ყველაფერია მოსალოდნელი”. presa.ge
ნანახია: 1036 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]