12:54
10:56 13.08.09 - ტურიზმი იძირება, შეღავათები არ ჩანს
10:56 13.08.09 - ტურიზმი იძირება, შეღავათები არ ჩანს

[დავით კირვალიძე]
საქართველოს მთავრობის გაპრივილეგირებული ტურიზმი დაპირებულ საგადასახადო შეღავათებს ამაოდ ელოდება. საზაფხულო სეზონი უკვე მიიწურა, მაგრამ საკითხის განხილვაც ვერ მოხერხდა. მთავრობამ დაპირების უპირობოდ დავიწყების ჩვეულ ხერხს არ ამჯერად უღალატა.

ტურისტულმა სექტორმა დაპირებული საგადასახადო შეღავათები წლევანდელ სეზონზე, შეასაძლოა, ვერ მიიღოს. როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პეტრე კანკავა აცხადებს, აღნიშნული შეღავათების ამოქმედება აგვისტოს დასაწყისიდან იგეგმებოდა, მაგრამ მთავრობის სხდომაზე მათი დამტკიცება დღემდე ვერ მოხერხდა.

- “იმედია, ხუთშაბათს დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე ამ ცვლილებების გატანა და დამტკიცება მოხერხდება”, - ამბობს კანკავა.

არადა, ტურისტული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესება მართლაც არ იქნებოდა ურიგო. ბოლო დროს მათ უმეტესობას ძლიერ გაუჭირდა საქმიანობის გაგრძელება. ამიტომ, ტურისტულ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის გადასახადების მინიმალური ზღვარის დაწესება და დღგ-სგან გათავისუფლება იგეგმება.

დაპირებული საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას ტურისტულ სექტორში მოქმედი კომპანიები მთელი საზაფხულო სეზონი ელოდებოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს - ამაოდ.

ბათუმში ერთ-ერთი პოპულარული სასტუმრო “თანამგზავრის” ხელმძღვანელი მურმან თურმანიძე აცხადებს, რომ შეღავათების წყალობით საქართველოში ტურისტული ბიზნესი არა მარტო გადარჩება და სულს მოითქვამს, არამედ ევროპისა და აზიის ცნობილ კურორტებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

- “შეუძლებელია იმის თქმა, რომ შარშანდელი ჩავარდნილი სეზონის ანაზღაურება წელს შევძელით. საგადასახადო შეღავათები ძალზე აუცილებელი და დროული იქნებოდა. ეს შეღავათები იქამდე მაინც უნდა არსებობდეს, სანამ წელში გავიმართებით, თორემ მერე, დარწმუნებული ვარ გადასახადების გადახდა არცერთი სასტუმროს მეპატრონეს არ გაუჭირდება”, - აცხადებს “უომენტრსანტთან” საუბარში თურმანიძე.

ტურისტული კომპანია “ვია თრეველის” ხელმძღვანელის ნინო ნამგალაძის შეფასებით კი, გლობალური ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით სწორედ წელს იყო აუცილებელი მსგავსი შეღავათების დაწესება რაც ტურისტული პაკეტის გაიაფებას შეუწყობდა ხელს.

- “თუ სასტუმროებს და კომპანიებს დღგ-ს გადასახადი 10%-ით შეუმცირდებოდა, შედეგად 5%-ით გაიაფებულ პაკეტს მივიღებდით”, - განმარტავს ნამგალაძე.

როგორც ჩანს, ხელისუფლება თვლის, რომ ტურისტულ სეგმენტს არც ისე ძალიან უჭირს. აკი, ყოველ დღე იმას გაიძახიან, რომ მთავრობაში ამბობენ, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. სინამდვილე კი სხვაგვარია. შარშანდელი ომიდან მოყოლებული წლევანდელი საზაფხულო უამინდობის ჩათვლით, ტურისტულმა სექტორმა იმოდენა ზარალი მოიმკა, რომ შესაძლოა შეღავათებმაც ვერ უშველოს.

ერთია, რომ საზაფხულო კურორტებზე დამსვენებლების ნაკლებობაა და მეორე ის, რომ ვინც კი გადაწყვეტს თავს დასვენების უფლება მისცეს, საკურორტო დღეების ოდენობას ამცირებს. უბრალო არითმეტიკული გათვლებითაც აშკარაა, რომ ეს ქვეყნის ტურიზმისთვის ფინანსურად მომგებიანი ნამდვილად არ არის.

თუ 2008 წლის აგვისტომდე საქართველოში ტურისტი მინიმუმ 1 კვირით და მაქსიმუმ 2-3 კვირით ჩამოდიოდა, დღეს ეს რაოდენობა შემცირებულია. როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, ტურისტული პაკეტის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 1 კვირით შემოიფარგლება. ამასთან, მცირდება ტურისტების მიერ დახარჯული თანხის ოდენობაც. მაგალითად, თუ ტურისტი 2 კვირაში, საშუალოდ, 1000 დოლარს ხარჯავდა, დღეს ეს ციფრი განახევრდა და მისი დანახარჯი 500 დოლარამდე დავიდა.

- “დღეს ძალიან იშვითია, რომ საქართველოში ტურისტი 10-14 დღით ჩამოვიდეს. ტურისტების უმეტესობა 1 კვირით გვსტუმრობს. ასევე ძალიან შემცირდა ჯგუფური ტურებიც. ჩვენთან უფრო მეტად მოკლევადიანი ტურებით ჩამოდიან. თუმცა, ეს კიდევ არ არის პრობლემა, მთავარი ტურისტების რაოდენობაა და არა მათ მიერ საქართველოში გატარებული დღეები”, - აცხადებენ ტურისტულ კომპანია “ლევონ თრეველში”.
presa.ge
ნანახია: 848 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]