16:04
12:51 19.08.09 - აგვისტოს ქვემეხები: უმნიშვნელო მოვლენა მნიშვნელოვანი შედეგებით
[ივან კრასტევი, Open Democracy, თარგმანი: foreignpress.ge]
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პოლიტიკური შედეგები, მხოლოდ ამ მოვლენის უშუალო მონაწილეებზე არ ასახულა: მან პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე, ჩინეთსა და თურქეთზეც კი სერიოზული გავლენა მოახდინა. ივან კრასტევი ტოქსიკური კონფლიქტის შედეგებს აჯამებს და მომავლისკენ იხედება

100 დღეზე ნაკლები დრო დასჭირდა იმას, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი სხვა ისტორიულ მოვლენას გადაეფარა. აგვისტოს ქვემეხები უოლ-სთრითის ჭექა-ქუხილმა დაჩრდილა. ომი, რომელიც იმ დროისთვის საბედისწერო ჩანდა, მომენტალურად ამნეზიის მსხვერპლი გახდა: ის უმნიშვნელო მოვლენად გადაიქცა, მაგრამ ამ უმნიშვნელო მოვლენას, მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა.

ვფიქრობ, ერთი წლის შემდეგ ამ შედეგების შეჯამების დრო დადგა. ძირითადი მონაწილეების - საქართველოს და რუსეთის, ასევე აშშ-სა და ევროკავშირის - ომის შემდგომი შემაჯამებელი ბალანსები, დიდწილად ეკონომიკური კრიზისით დაზარალებული უოლ-სთრითის ფინანსური ინსტიტუტების დოკუმენტაციას ჰგავს: გამოუცხადებელი დანაკარგები და გაზრდილი მოგება.

და მართლაც, ამ ტოქსიკური კონფლიქტის შედეგებში წაგებულების დანახვა უფრო მარტივია, ვიდრე მოგებულების. 2008 წლის აგვისტოში საქართველომ საკუთარი ოცნებები დაკარგა, კრემლმა - კომპლექსები, ვაშინგტონმა - ნერვები, ევროკავშირმა კი მშვიდი ძილი, მაგრამ როგორც პოეტმა სთქვა, არ არსებობს იმაზე მეტი წარმატება, ვიდრე მარცხი: ქაოტური შედეგები იმასაც გვიჩვენებს, რომ ზოგიერთმა ამ და სხვა ზესახელმწიფომ თანმდევი მოგება მიიღო.

რუსეთი ყველა ამ ტოლობის ცენტრშია. ომი მოსკოვისთვის იმის შესაძლებლობა გახდა, რომ “ცივი ომის” დასრულების შემდეგ საკუთარი საზღვრების მიღმა პირველი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ეწარმოებინა. მოგვიანებით სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საზღვრების გადახედვა პირველად მოხდა. რუსეთი ომიდან რევიზიონისტულ ზესახელმწიფოდ გამოვიდა და ევროპას ევროპული წესრიგის არსებობის ილუზია დაუკარგა. რუსი ანალიტიკოსი სერგეი მარკედონოვი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს რომ - ”2008 წლის აგვისტოში ევრაზიის ტერიტორიაზე კონფლიქტების საბოლოო გადატვირთვა მოხდა”.

ომის შედეგების ამგვარი შეფასება თავის თავში ყველა ძირითადი მოთამაშის როლს და ევროპული წესრიგის მომავლისთვის ომის შედეგებს მოიცავს.

საქართველოს თავისუფალი ბალანსი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე სარაკეტო შეტევა წამოიწყო. მან გარისკა და დამარცხდა, მასთან ერთად დამარცხდა საქართველოც. მან აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი დაკარგა, რადგან ომის დასასრულს მისგან ისედაც გამოყოფილ “სახელმწიფოებზე” მას ხელი ვერ მიუწვდა. ქვეყანამ სამხედრო ინფრასტრუქტურა და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე ოცნება დაკარგა. საქართველოს სტრატეგიული ამბიცია კავკასიურ ისრაელად გადაქცეულიყო, კოშმარად იქცა.

იმავდროულად, სააკაშვილი დამარცხდა, მაგრამ მოახერხა და ოპოზიციის სერიოზული პოლიტიკური კრიტიკის მიუხედავად ხელისუფლებაში დარჩა. მისი მმართველობის ქვეშ საქართველო საკუთარ მარცხს შეეგუა და 2008-2009 წლებში, ეს ქვეყანა ამერიკის კლიენტისგან ევროპულ პროექტად გადაიქცა. თბილისის სტრატეგიული სარგებელი სწორედ ამაში მდგომარეობს.

ვაშინგტონის თავისუფალი ბალანსი
2008 წლის პირველ თვეებში შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც იგნორირება გაუკეთა მისი სტრატეგიული მოკავშირის, თბილისის საომარ მისწრაფებებს აჯანყებული ტერიტორიების წინააღმდეგ. ჯორჯ ბუშის თეთრმა სახლმა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის რეალური განზრახვები ვერ ამოიცნო და საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე მოსკოვის მზადყოფნა ფაქტობრივად არასწორად შეაფასა. ამის შედეგად, აშშ-ს ძლევამოსილების მიმართ ნდობის სერიოზული კრიზისი შეიქმნა. ვაშინგტონს, რომელიც სიმბოლური პოლიტიკით შეპყრობილი გახლდათ, სტრატეგიული დაძაბულობა ძვირად დაუჯდა.

შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა. რუსულ-ქართული კონფლიქტის ხუთმა დღემ აჩვენა, რომ ვაშინგტონს მოსკოვზე ზეწოლის ბერკეტები არ გააჩნია, ხოლო ბუშის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი - რიტორიკაა და მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში, ნატო-ს გენერლები გორის დასაცავად (სადაც იოსებ სტალინი დაიბადა) ალიანსის ჯარისკაცების გასაგზავნად მზად არ აღმოჩდნენ.

ამ ყველაფერმა ამერიკის საგარეო პოლიტიკურ თანამეგობრობაში განხეთქილება გააღრმავა, გაზარდა რა კონფლიქტი “რეალისტებსა” და “მორალისტებს” შორის.

ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლა იმას ნიშნავდა, რომ რუსეთის მიმართ აშშ-ს პოლიტიკა შეიცვლებოდა. საჯაროდ გაცხადებული “გადატვირთვის სტრატეგიის” ეპიცენტრში, ვაშინგტონის მზადყოფნაა მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისას ისეთ გლობალურ საკითხებზე მოახდინოს კონცენტრაცია, როგორებიცაა ბირთვული არსენალების შემცირება და ირანის ამბიციების შეკავება, იმ დროს როდესაც ევროკავშირს პოსტ-საბჭოთა სივრცეში შექმნილ დაძაბულობასთან უწევს გამკლავება.

ახალი რეალობა ისეთია, რომ აშშ ევროპული მოთამაშე აღარ არის, როგორიც ეს “ცივი ომის” დროს ან 1990-იან წლებში იყო.

რუსეთის თავისუფალი ბალანსი
სამხედრო თვალსაზრისით რუსეთმა 2008 წლის ომში გაიმარჯვა, თუმცა მისი წარმატება ნაწილობრივ რუსეთის შეიარაღებული ძალების გაუმართავი ფუნქციონირებით შეილახა. ომმა ვლადიმერ პუტინის და დიმიტრი მედვედევის რეჟიმის ლეგიტიმურობა განამტკიცა, მან რუსეთის საზოგადოების მხარდაჭერა მიიღო და განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც 1990-იანი წლების მოვლენებით დღემდე ტრამვირებულები არიან, ეს “პატარა ძლევამოსილი ომი” თითქმის ოცწლიანი დამცირების შემდეგ, სასურველი ცვლილება გახლდათ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქუჩაში მოზარდებიც კი საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის მთავარ მტრებად მიიჩნევენ. გარდა ამისა, ომის შედეგად, საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა უახლოეს ათწლეულებში ფაქტობრივად მთლიანად განადგურდა.

იმავდროულად, რუსეთის მტკიცე სამხედრო რეაქციას სტრატეგიული დანაკარგებიც მოჰყვა. ომმა კავკასია უფრო უსაფრთხო ვერ გახადა. რუსეთის მიერ სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ (ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც იგივე გააკეთა ნიკარაგუა იყო) რეგიონში არასტაბილურობის საფრთხე გაზარდა. ინგუშეთის მსგავს ადგილებში პოლიტიკური მკვლელობების რიცხვი გაიზარდა, რაც რეგიონის მზარდი არაკონტროლირებადობის დემონსტრირებას ახდენს. რუსი ანალიტიკოსი ნიკოლაი პეტროვი ამტკიცებს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ჩეჩნეთისთვის “აფხაზური” სტატუსის მოპოვებისკენ იხრება.

კრემლის რევიზიონიზმი სხვა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებმა არ მოიწონეს. სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის აღიარებიდან მეორე დღესვე რუსეთმა აღმოაჩინა, რომ ის ტოტალურ დიპლომატიურ იზოლაციაში იმყოფებოდა.

ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ისტორიის მორიგი დამახინჯების მცდელობის გამო, რუსეთმა საქართველოში მოგებისგან შეიძლება იმაზე მეტი დაკარგოს, ვიდრე 2003-2005 წლის “ფერადი რევოლუციების” დროს დაკარგა. იმ დროს რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში მისი პრესტიჟი და მდგომარეობა დაკარგა, მაგრამ ამას იმით უპასუხა, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცის ავტორიტარულ ლიდერებთან საერთო ინტერესები გამონახა, რამაც მას რეგიონის ზოგიერთ ნაწილზე გავლენის გაზრდის საშუალება მისცა.

თუმცა ამასაც თავის ფასი აქვს: ახლა, როდესაც რუსეთი აშკარად რევიზიონისტ ზესახელმწიფოდ გადაიქცა, რომელსაც მისი მეზობლები უფრთხიან და უპირისპირდებიან, მოსკოვის პოზიციამ და რიტორიკამ (იმის მტკიცების ჩათვლით, რომ ის პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში თავისი თანამემამულეების ინტერესებს იცავს) საფუძველშივე შეცვალა “ახლო საზღვარგარეთში” რუსული უმცირესობებისადმი დამოკიდებულება.

კრემლმა სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ერთი მკაფიო მიზნისთვის აღიარა, რათა “ორმაგ სტანდარტებზე დაენგრია დასავლეთის მონოპოლია.” ქმედება, რომელიც ძალის დემონსტრირება უნდა გამხდარიყო - და პირდაპირი პასუხი დასავლეთის მიერ 2008 წლის თებერვალში კოსოვოს აღიარებაზე - სისუსტის დემონსტრირებად იქცა. რეალური სხვაობა “კოსოვოს საქმესა” და “სამხრეთ-ოსეთის საქმეს” შორის ის არის, რომ სერბეთი იმის შემდეგაც კი, როდესაც ის ნატო-ს თვითმფრინავებმა დაბომბეს (მისი აზრით უკანონოდ) და კოსოვო წაართვეს, თავის თავს ძველებურად ნატო-ს და ევროკავშირის წევრად და არა მათ მტრად განიხილავს.

და აქ საქართველოსთან აბსოლუტური კონტრასტია: ერთადერთი მომავალი, რაზეც საქართველოს შეუძლია იოცნებოს არის ის, რომ როგორმე რუსული გავლენის სფეროს დაშორდეს.

ბარაკ ობამას თეთრ სახლში მოსვლა ყველაფერზე ახდენს გავლენას და საგარეო პოლიტიკისადმი მისმა განახლებულმა მიდგომამ რუსეთის, როგორც ეროვნებათშორისი ანტი-ამერიკული წინააღმდეგობის ლიდერის მიმზიდველობა შეამცირა. ახლა, როდესაც დედამიწაზე მრავალპოლარული წესრიგი დამყარდა, რუსეთს სიხარულზე მეტად, შიშის საფუძველი აქვს. მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რომელიც ამძაფრებს ენერგომატარებლებსა და შემოსავლების დონის ვარდნას, შეშფოთების დამატებითი საფუძველია, რადგან ის ასუსტებს რუსეთის ეკონომიკას და მის საინვესტიციო მიმზიდველობას. 2008-2009 წელს “ბრიკ”-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი) ჯგუფი “ბიკ”-ს პლიუს რუსეთად გადაიქცა. კრიზისმა მსოფლიოში ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის პოზიციისა და პერსპექტივის კონსოლიდაცია მოახდინა, მაგრამ რუსეთის ზესახელმწიფოებრივი როლის გრძელვადიან პერსპექტივაზე, მხოლოდ დამატებითი ეჭვები გააჩინა.

ევროკავშირის თავისუფალი ბალანსი
რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, კერძოდ კი მისი აქტიური დიპლომატიური ქმედებების წყალობით, ევროკავშირისადმი ნდობის რეიტინგი გაიზარდა. მან შესძლო ამ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ურთიერთთანხმობის შენარჩუნება, მისი როგორც შუამავლის პოზიცია განამტკიცა და ომის დასრულებისთანავე კავკასიაში და მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში უფრო აქტიურად და თვალსაჩინოდ განთავსდა. მაგალითად, “აღმოსავლური პარტნიორობ”-ის შეთავაზება ექვსი პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკისთვის დიდწილად ომის საპასუხო ნაბიჯი იყო.

მაგრამ კავკასიაზე ევროკავშირის პასუხისმგებლობის გაზრდა, ასევე სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან დღევანდელ დღეს კავშირს არც სამუშაო სტრატეგია და არც საზოგადოებრივი მხარდაჭერა რეგიონის პრობლემებში უფრო ღრმად ჩართვისთვის არ გააჩნია. ბრიუსელის ან სხვა ცალკეული წევრი-ქვეყნების მხრიდან იმის დაჯერება, რომ ევროკავშირი კავკასიაში ბალკანეთის სტრატეგიას გაიმეორებს, ილუზიაა. ქართველების დაჟინებული განცხადებები, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუერთდეს, ბრიუსელს კრიტიკული არჩევანის გაკეთებას აიძულებს: ის ან “დამოუკიდებლად იმუშავებს საქართველოსთან,” რითაც რუსეთთან დაძაბულობას შეამცირებს, ან კავკასიაში ტრანს-ატლანტიკურ სტრატეგიას გამოიყენებს.

ნამდვილი მოგებულები
ისინი, ვინც რუსეთ-საქართველოს ომის გამო აშკარად მოიგეს, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი დღისთვის, ჩინეთი და თურქეთი არიან. ჩინეთმა ამ ომით ისარგებლა, რათა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე მისი ეკონომიკური გავლენის ბერკეტები პოლიტიკურ გავლენად ექცია. სწორედ ჩინეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც ფაქტობრივად გაამხნევა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკები არ ეღიარებინათ სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მოსკოვის ზეწოლას შეწინააღმდეგებოდნენ. ომის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ნაზავმა, შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (შთო) იმ ჯგუფიდან სადაც მოსკოვი ბატონობდა, გადააქცია ჯგუფად, სადაც წამყვანი ქვეყანა ჩინეთია.

თურქეთი ომიდან დამოუკიდებელი რეგიონალური სახელმწიფოს როლში გამოვიდა, რომელსაც აქვს იმის სურვილიც, შესაძლებლობაც და ლეგიტიმურობაც რომ რეგიონის თითქმის ყველა კონფლიქტში შუამავლის როლი ითამაშოს. თურქულ-სომხური ურთიერთობების დათბობა ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური თანმდევი ეფექტია.

აღსანიშნავია, რომ ანკარას “რბილი ძალა” მოსკოვური ვერსიისგან განსხვავებით დასავლეთთან წინააღმდეგობაზე კი არ არის აწყობილი, არამედ დასავლური მოდელის წარმატებულ ადაპტაციაზე, საკუთარი პოლიტიკური ხასიათის შენარჩუნებასა და საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზე. თავის რეგიონალურ პოლიტიკაში თურქეთი ძალიან გონივრულად იყენებს მის მრავალრიცხოვან არსობრივ შემადგენლებს - მუსულმანურ დემოკრატიას, საერო მუსულმანურ რესპუბლიკას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობას, მაგრამ ის იმავდროულად მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც საკუთარი პოზიციის დაცვისთვის ყოველთვის მზადაა.

სახელმწიფოს შენების დილემა
რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, იმისთვის რომ ევროპის უსაფრთხოების გასაღები გამოვიცნოთ, უნდა გავიგოთ სახელმწიფოს მშენებლობის მრავალფეროვანი და რთული პროცესების ლოგიკა, რაც ერთდროულად მთელ ევრაზიაში მიმდინარეობს.

1990-იანი წლების და შემდგომი ევროპა ამ კონტექსტში 1960-იანი წლების აფრიკას მოგაგონებთ. კონტინენტი სახელმწიფოს მშენებლობების უზარმაზარ მოედნად გადაიქცა. ამ ხნის განმავლობაში უკრაინა, საქართველო და ბელორუსი სუვერენული ნაციონალური სახელმწიფოების აშენებას ცდილობდნენ, ევროკავშირი - საკუთარი პოსტ-მოდერნისტული იმპერიის აშენებას, რუსეთი კი ძველებურად საკუთარ ისტორიაში პირველი ნეოიმპერიალისტური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესშია. სახელმწიფოების მშენებლობის ყველა ეს მცდელობები ძალიან სარისკოა და პრობლემები გარდაუვალია. ყველა ამ პროცესს თავისი ლოგიკა და მთელი რიგი დაუგეგმავი შედეგები მოსდევს.

2000 წელს, თითქმის მთელი რეგიონის მასშტაბით პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების ელიტა მოსკოვის არაენთუზიასტ კლიენტებად ან მის მკვეთრ მოწინააღმდეგეებად, ტიტოს მსგავს პრაგმატიკოსებად გადაიქცნენ, რომლებიც გონივრულად იყენებენ რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ დაძაბულობას, რათა სახელმწიფოების მშენებლობის საკუთარი პროექტები განამტკიცონ და გაზარდონ საკუთარი ძალაუფლება.

ამ სახელმწიფოებრივი პროექტების მრავალშრიანმა ლოგიკამ სუვერენიტეტზე სამი განსხვავებული მოსაზრება გააჩინა.

პირველი - უფრო პატარა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკები სუვერენიტეტს იურიდიულ ტერმინებში განიხილავენ, ისინი მსოფლიო თანამეგობრობაში სამოქალაქო ერების თანასწორობას უსვამენ ხაზს.

მეორე - რუსეთი სუვერენიტეტს არა იურიდიულ ცნებად, არამედ შესაძლებლობების პრობლემად განიხილავს, ეს დამატებით გულისხმობს სამხედრო ძალის, ნაციონალური ეკონომიკის და კულტურული იდენტობის არსებობას რაც იმაზე მინიშნებაცაა, რომ სუვერენიტეტის უფლება მხოლოდ დიდ სახელმწიფოებს აქვთ.

მესამე - ევროკავშირი სუვერენიტეტს განიხილავს როგორც “ადგილს მაგიდასთან,” პოლიტიკურ ბილეთის საერთო ინტერესების მქონე თანამეგობრობაში მოსახვედრად. სუვერენიტეტის ამ იდეებს შორის სხვაობის გაგება, ევრაზიის პოლიტიკაში ბევრი არასწორი ვარაუდის ამოცნობის საშუალებაა.

ეს ლოგიკა თავის მხრივ გასამმაგებულ წინააღმდეგობებშია ხორცშესხმული, რომლებიც მიმდინარე ევროპული არასტაბილურობის ცენტრშია, რაც შემდეგში მდგომარეობს: სუსტი და არასწორად ფუნქციონირებადი სახელმწიფოების გავრცელება. ის ფაქტი, რომ რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების აუცილებელ პირობად რეგიონზე კონტროლს მიიჩნევს და ის ფაქტიც, რომ პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების ელიტა საკუთარი სახელმწიფოების მშენებლობის მნიშვნელოვან საშუალებად ანტი-რუსულ განწყობებს თვლიან.

რუსული რევიზიონიზმის წყაროები
შარშანდელი ომის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი რუსეთის მიერ საკუთარი რევიზიონისტული სტატუსის ურცხვი დადასტურებაა. რუსული რევიზიონიზმი რეალობაა, მაგრამ ის არ გამომდინარეობს აღორძინებისა და მოსკოვის იმპერიული ამბიციებიდან.

მოსკოვს სულ უფრო აკლდება საკუთარი თავის რწმენა და კრემლის რევიზიონიზმიც აქედან მოდის. სწორედ იმ დროს, როდესაც კრემლი შეეცადა მოსკოვისთვის მსოფლიო წესრიგში მისი როლი დაებრუნებინა, რუსეთმა საკუთარი მოწყვლადობა აღმოაჩინა.

იმავდროულად, ვლადიმერ პუტინის რუსეთს, ტერიტორიული დაშლისა და მსოფლიოში მისი მნიშვნელობის დაკარგვის ეშინია. ორივე ეს შიში კანონზომიერია. პრობლემა ისაა, რომ რუსეთი მზად არაა ან არ შეუძლია ისინი დასავლეთთან დიალოგში გამოხატოს, რადგან კრემლის აზრით შიშებზე საუბარი შესაძლოა სისუსტედ იქნას აღქმული. კრემლის მიმდინარე საგარეო პოლიტიკის ძირითადი ამოცანაა, რადგან რუსეთი ძლიერი არ არის, მისი სისუსტის დემონსტრირება მაინც არ მოხდეს. როგორც ვლადიმერ პუტინმა სთქვა - “რუსეთი ან ზესახელმწიფო იქნება, ან საერთოდ არ იარსებებს”.

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ის სამი წყარო, რომელთა გამოც რუსეთი საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული.

პირველი - პუტინის რუსეთი, როგორც სტალინის საბჭოთა კავშირი და რუსეთის იმპერია, მარტივად დასაცავი საზღვრების ძებნითაა შეპყრობილი. უზარმაზარმა ბირთვულმა არსენალმა რუსეთს სუპერ-სახელმწიფოს სტატუსი შესძინა, მაგრამ უსაფრთხოება არ შეჰმატა.

მეორე - საკუთარ თავში რწმენის არ ქონა პუტინის თაობის განმსაზღვრელი მახასიათებელია, რაც კრემლის ქმედებების გასაგებად აუცილებელია. პუტინის თაობა საბჭოთა კავშირის ნგრევით ჩამოყალიბდა. რუსული ელიტა გაჟღენთილია ამ თითქმის მისტიკური განცდით. აბსოლუტური უსაფრთხოების ძიებაში პუტინის ელიტა თითქმის არარაციონალურად იქცევა.

მესამე - მოსკოვი თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ბუნებას, რომელიც მზარდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთდამოკიდებულებაზეა აგებული, სერიოზული ეჭვით უყურებს. სწორედ საკუთარ თავში რწმენის არ ქონის განცდა, რომელსაც ელიტაც და საზოგადოებაც იზიარებენ, რუსეთის მსოფლმხედველობას აყალიბებს.

ევროკავშირის გაურკვევლობის წყაროები
ევროკავშირის პრობლემა არა საკუთარი თავის რწმენის დეფიციტი, არამედ გაურკვევლობაა: გაურკვევლობა საკუთარ როლზე მსოფლიოში და იმ მოდელის მომავალზე, რომელსაც ის წარმოადგენს. ახლა, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ევროკავშირი კავკასიაში პოლიტიკური მოთამაშე გახდა, ძალიან მნიშვნელოვანია მის წინაშე არსებული დილემის ახსნა. ევროკავშირი რამდენიმე ცეცხლს შუა აღმოჩნდა: ის ღია უნდა დარჩეს ახალი წევრებისთვის (მისი “რბილი ძალის” არსი ამაში მდგომარეობს), პოლიტიკური ზეწოლით უნდა განსაზღვროს “ევროპის საბოლოო საზღვრები და კარი დახუროს (ეს მისი მოქალაქეების უმრავლესობის სურვილია). ევროკავშირი ისტორიულ კვანძში გაება, სადაც მისი გაფართოვების წარმატება მისი მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება.

ბერძენმა დიპლომატმა და პოლიტოლოგმა ალექს რონდოსმა ევროკავშირის დილემა შესანიშნავად აღწერა, აღნიშნა რა რომ ამერიკას და ევროპას შორის სხვაობა ისეთივეა, როგორიც სხვაობა მისიონერს და მონაზონს შორის, როდესაც მისიონერი სამყაროში მოგზაურობს და თავის რწმენაზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანის მოქცევას ცდილობს, მონაზონს კი სურს სამყარო თავის მონასტერში შეიყვანოს. ამერიკა მისი მისიონერული მგზნებარების გარეშე ამერიკა არ იქნებოდა, მაგრამ ევროკავშირი თავის იდენტობას დაკარგავს თუკი ახალბედებს მონასტერში შესასვლელ კარს დაუხურავს.

ევროკავშირის გაურკვევლობის კიდევ ერთი წყარო გეოპოლიტიკური კონტექსტის ცვალებადი ბუნებაა. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ევროპა ამერიკის ერთპოლარული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კრიტიკოსად იქცა, რეალურად ამერიკულ სამყაროს ევროპული პროექტისადმი საკმაოდ გულთბილი დამოკიდებულება აქვს, ამასთანავე ევროკავშირმა ამერიკული ერთპოლარულობისგან ბევრი რამ მოიგო. ამერიკული ჰეგემონიის წყალობით, ევროკავშირი მსოფლიოს სცენაზე დიდ სუპერსახელმწიფოდ წარსდგა. ამერიკის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების ქოლგამ, ევროკავშირს საშუალება მისცა მსოფლიო ზესახელმწიფო გამხდარიყო რეალური სამხედრო სიძლიერის მოპოვების გარეშე.

ახლა ეს ყველაფერი შეიცვლება. სამყარო, რომელიც ჩვენ ვიცოდით, გაქრა. ამერიკის ჰეგემონია დასრულდა და ევროპას ახალი და ნაკლებად გულთბილი სამყაროს პირისპირ მოუწევს ყოფნა. ახალ პოსტ-ამერიკულ სამყაროში, საერთაშორისო სცენაზე, როგორც სჩანს ტრადიციული, მე-19 საუკუნის მსოფლმხედველობის მქონე ზესახელმწიფოები იბატონებენ, რომელთა წარმოდგენებიც ბრიუსელის კონსესუსისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. მე-19 საუკუნის მსოფლმხედველობის დაბრუნება ევროპას მსოფლიო სცენაზე იძულებით მოთამაშედ აქცევს და კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის გაურკვეველ დამოკიდებულებას გარე სამყაროსა და მასში საკუთარი თავის როლისადმი.

დაკრძალვის შემდეგ
რუსეთ-საქართველოს ომის შეფასებისას, ჩვენ ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი: გვაძლევს კი ამ ომის შემდეგ დაბადებული სამყარო უკეთესს შანსს ლეგიტიმური და სამართლიანი ევროპული წესრიგის შესაქმნელად, თუ პირიქით, ის ამ წესრიგის მიღწევას ნაკლებად შესაძლებელს ხდის? ამ კითხვაზე ორი შესაძლო პასუხი არსებობს: უკიდურესად პესიმისტური და ზომიერად ოპტიმისტური.

პესიმისტები იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის უმნიშვნელო მოვლენად გადაქცევით, დასავლეთი კრემლს ახალისებს მისი “წარმატება” პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ადგილებშიც გაიმეოროს - და ამით ევროპულ წესრიგზე იმედებს ილუზიად აქცევს.

ოპტიმისტები უფრო იმ მოსაზრებისკენ იხრებიან, რომ რუსეთ-საქართველოს ომით ერთდროულად ორი პროექტი ჩაიშალა: რუსეთის მცდელობა ევროპაში გავლენის სფეროების პოლიტიკა აღედგინა და დასავლეთის მცდელობა აეშენებინა ევროპა რუსეთის გარეშე.

თუკი პესიმისტები მართლები არიან, ჩვენ ხანგრძლივი ღამის ადრეულ სტადიაში ვიმყოფებით. თუკი ოპტიმისტების მოსაზრებაა სწორი, ამ ორი პროექტის გარდაცვალება იმას ნიშნავს, რომ დღეს სწორედ ის დროა, რომ მესამე პროექტის შემუშავებაზე დავიწყოთ ფიქრი.
presa.ge
ნანახია: 1164 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]