23:52
18:51 25.08.09 - შალვა ფიჩხაძე: ”საქართველო შესაძლოა, ჩრდილოკავკასიური სეპარატიზმის წახალისების პლაცდარმად იქცეს”

[სოფო ანდღულაძე]

ზუსტად ერთი წლის წინ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წლის 26 აგვისტოს, მარიონეტული რეჟიმების ხელმძღვანელთა თანდასწრებით, მედვედევმა ამ ე.წ. დამოუკიდებლობების ცნობის დოკუმენტებს დიდი ზარ - ზეიმით მოაწერა ხელი. რა დაკარგა და რა მოიგო რუსეთმა ამ აღიარებით? ”პრესა.გე” პოლიტიკურ ექსპერტს, შალვა ფიჩხაძეს ესაუბრა.

პირველი, რაც რუსეთის დანაკარგის თვალსაზრისით შეიძლება გაგვახსენდეს, ჩრდილოეთ კავკასიასი ვითარების დაძაბვაა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობების აღიარება ჩრდილო კავკასიისთვის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყების ერთგვარ სიგნალად იქცა. ანუ ამ რეგიონში ვითარების გამწვავებისთვის კიდევ ერთ მიზეზად - ასეა?
- კი, ნაწილობრივ ეს მართლაც ასეა, მაგრამ მე არ ვიცი რის გამო ხდება ის ტერაქტები რომლებიც ხდება ვთქვათ, ინგუშეთში? ისინი დამოუკიდებლობის მოთხოვნით ხორციელდება? არ ვარ ამაში დარწმუნებული. უფრო მგონია, რომ რაღაც კრიმინალური გარჩევები უნდა იყოს ამის მიზეზი. ინგუშეთში მოქმედი რომელიმე სერიოზული ძალისგან ჯერ - ჯერობით რუსეთისგან გამოყოფის მოთხოვნა არ გამიგია.

ამგვარად, ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ დასაბამი მისცა სეპარატისტული მოძრაობის გამძაფრებას ჩრდილოეთ კავკასიაში. დაღესტანში კი, არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, მაგრამ ახლა, რამდენადაც ვიცი, გამწვავება ინგუშეთში მოხდა. რაც შეეხება ჩეჩნეთს... იქ ეს ყველაფერი ჩაკლულია, ან ძალიან ღრმად არის ჩამარხული კადიროვისა და პუტინის ერთობლივი პოლიტიკის ”წყალობით”.

რა მოიგო რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებით?
- ჯერ ერთი ის, რომ ამით მან შეძლო ფიზიკურად - სამხედრო ბაზებით - დარჩენილიყო სამხრეთ კავკასიაში. ამით, სერიოზულად გაიმყარა თავისი პოზიციები რეგიონში. მანამდე კი, სამხედრო ბაზების გაყვანის შემდეგ მათ პრაქტიკულად, საყრდენი აღარ რჩებოდათ. ახლა მათ ეს ბაზები აქვთ რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.

გარდა ამისა, ამ აღიარებით, მათ ყველას აჩვენეს, რომ დსთ-ს ტერიტორიაზე ურჩი სახელმწიფოების წინააღმდეგ ომის მოგებაც შეუძლიათ. შესაბამისად, ამით მოახდინეს დემონსტრირება იმისა, რომ არ არიან დამოკიდებულები ევროპასა, თუ ამერიკაზე და ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ ტერიტორიაზე შეუძლიათ გაატარონ ის ღონისძიებები რომლებსაც ისინი საჭიროდ თვლიან თავიანთი ეროვნული ინტერესებითვის.

კი, სამხედრო ბაზები შქმნეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ბოლო პერიოდში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა დაჩქარებული წესით მიიღონ ნატოში. რაც შეეხება სომხეთს, იქ, თითქოს უფრო გაძლიერდა და გააქტიურდა პროდასავლური ორიენტაცია, რაც მანამდე თითქმის არ იყო. ამის გათვალისწინებით, გაიმყარა კი რუსეთმა პოზიციები სამხრეთ კავკასიაში?
- აზერბაიჯანის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია! მოდით რა, ნუ გადავალთ ზღაპრების სფეროში! არ ვიცი ეს ყველაფერი საიდან წამოვიდა, მაგრამ ნამდვილად ფანტასტიკის სფეროდან არის. რაც შეეხება სომხეთს... მათ პრორუსული ორიენტაცია იმიტომ კი არ აქვთ რომ რუსები უყვართ არამედ იმიტომ, რომ თურქეთთან აქვთ დაძაბული ურთიერთობა. აზერბაიჯანთან კი, საომარ მდგომარეობაში არიან.

ამიტომაც არიან იძულებულები, რომ მფარველად რუსეთი ეძებონ. სომხები პრაგმატიკოსები არიან და კარგად იციან, რომ პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა და არა, სასურველის. ამგვარად, ვერ დაგეთნხმებით, რომ სომხეთში პროდასავლური ორიენტაცია გაძლიერდა. რუსეთი იქ საკმარის ბერკეტებს ფლობს იმისათვის რათა ეს არ დაუშვას. სხვათაშორის, რუსეთის წამყვან პოზიციებზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ფაქტობრივად მხოლოდ ის არის ჩართული ყარაბაღის მოლაპარაკებებში.

რაც შეეხება რუსეთისა და ევროპის ურთიერთობას... ისე ჩანს, თითქოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთს ევროპასთან ურთიერთობაში არაფერი დაუკარგავს...
- მართლაც ასეა. ჩვენთან რომ საუბრობენ რუსეთის ევროპისგან იზოლაციაზე, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ობამა ჩავიდა რუსეთში; მედვედევი მერკელს ხვდება; დიდი რვიანის ფორმატში მუშაობენ; ბერლუსკონისთან შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ... ასე რომ რუსეთის იზოლაციაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. სასაცილოც კია.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ - ევროპის ურთიერთობა უფრო ბუნებრივი აირის ომმა დააზარალა ვიდრე, რუსეთ - საქართველოს ომმა და ე.წ. დამოუკიდებლობების აღიარებებმა?
- პრინციპში, გაზის ომი უფრო შიდაუკრაინული გარჩევების ბრალი იყო ვიდრე, რუსეთ - ევროპის დაპირისპირების. ამ საკითხში კარგად უნდა გავერკვეთ. მაგალითად, ენერგეტიკის ექსპერტებისგან გაგონილი მაქვს, რომ რუსეთს არც აბრალებენ ევროპისთვის გაზის მიწოდების კრიზისს. ამის ფესვები უფრო სხვა არის და ისინი უფრო შიდაუკრაინულ გარჩევებში უნდა ვეძიოთ.

ნატო - რუსეთის ურთიერთობები დაზარალდა?
- მხოლოდ ცოტა ხნით და მერე ყველაფერი გამოსწორდა.

რა დაკარგა რუსეთმა ამ ე.წ. დამოუკიდებლობების აღიარებით ისეთი, რასაც ვეღარ აინაზღაურებს?
- საქართველო დაკარგა. ჩვენთან კარგი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა. სხვა, რაიმე სერიოზული დანაკარგი არ აქვთ. სახელი გაუტყდაო, ჩვენთან რომ ამბობენ... რა სფეროებშიც ისედაც ჰქონდათ ცუდი რეპუტაცია, იმავე სფეროებში დარჩათ კიდეც. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებული დანაკარგი არაფერი აქვთ.

თუმცა, საქართველო - რუსეთის ურთიერთობა ომამდეც ძალიან გაფუჭებული იყო.
- კი, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა მაინც გვქონდა.

ისე, საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება რუსეთს მაინცდამაინც არ უნდა ანაღვლებდეს. ყოველ შემთხვევაში, პუტინ - მედვედევის დუეტს. საუკეთესო ”მტრის ხატი” ჰყავთ საქართველოს სახით და ამას შიდა პროპაგანდისთვის შესანიშნავად იყენებენ.
- ვერ დაგეთანხმებით: ვფიქრობ, საქართველოსთან ცუდი ურთიერთობა რუსეთს არ უნდა აწყობდეს. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო შეიძლება იქცეს იმ პლაცდარმად, საიდანაც, ჩრდილო კავკასიური სეპარატიზმის წახალისება მოხდება მუდმივად. ვიმეორებ რომ, შეიძლება, აქედან დასავლეთმა სეპარატიზმის პროვოცირება მოახდინოს. ასე რომ რუსეთს ნამდვილად არ უნდა აწყობდეს საქართველოსთან ცუდი ურთიერთობა. presa.ge
ნანახია: 857 | დაამატა: gol | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]